მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“არანაირი შეთანხმება, “ჯორჯიან მანგანეზმა” დატოვოს ჭიათურა” – მაღაროელები მასშტაბურ აქციებს აანონსებენ

“არანაირი შეთანხმება, “ჯორჯიან მანგანეზმა” დატოვოს ჭიათურა” – მაღაროელები მასშტაბურ აქციებს აანონსებენ

ჭიათურელი მაღაროელები სამმხრივ კომისიას უნდობლობას უცხადებენ და პროფკავშირებს შეურაცხყოფაში ადანაშაულებენ.

მათი თქმით, არ აპირებენ, საკუთარი მოთხოვნები ხელფასზე გაცვალონ და ჭიათურის ინტერესებს ბოლომდე დაიცავენ.

მაღაროელები მოითხოვენ, “ჯორჯიან მანგანეზის” საქმიანობა შეისწავლოს საგამოძიებო ჯგუფმა და კომპანიამ ამის შემდეგ ქალაქი დატოვოს.

აღდგომის დღესასწაულის შემდეგ ჭიათურელი მაღაროელები პროტესტის გამწვავებას აანონსებენ.

“არანაირი შეთანხმება, არ ვაპირებთ დაშლას, აღდგომის შემდეგ აქციები უფრო მასშტაბურ სახეს მიიღებს, ჩვენი მოთხოვნაა, “ჯორჯიან მანგანეზმა” დატოვოს ჭიათურა, დღესასწაულის შემდეგ, შესაძლოა, მასობრივი შიმშილობებიც დაიწყოს”, – აცხადებენ მაღაროელები.

ჭიათურასთან დაკავშირებით სამმხრივი შეხვედრა 16 აპრილს გაიმართა, რომლის დასრულების შემდეგაც შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსმა ბექა ფერაძემ განაცხადა, რომ კომპანია “ჯორჯიან მანგანეზი” მზადყოფნას გამოთქვამს, მაღაროელებისთვის ერთი თვის ანაზღაურება გასცეს და სამუშაო პროცესი გარკვეული დათქმებით განაახლოს.

“ჯორჯიან მანგანეზმა” ჭიათურაში საწარმოო პროცესს ნოემბრიდან სრულად შეაჩერა. 7 მარტს “ჭიათურ მენეჯმენტს კომპანიმ“ განაცხადა, რომ “ჯორჯიან მანგანეზთან” შეთანხმებით, მაღაროებში მიწისქვეშა სამუშაოები აღარ განახლდება.

მაღაროელების მოთხოვნაა, სახელმწიფო ჩაერთოს მათი პრობლემების მოგვარებაში, ასევე ითხოვენ შეხვედრას “ოცნების” მთავრობასთან; ინვესტორის წასვლასა და სამუშაოებზე პასუხისმგებლობის სახელმწიფოს მიერ აღებას; მარგანეცის გატანიდან მიღებული შემოსავლის ნაწილით ფონდის შექმნას ჭიათურის მომავალი თაობის განვითარებისათვის; ქალაქსა და მის მიმდებარე სოფლებში უფასო შიდა მუნიციპალური ტრანსპორტის დანიშვნას, რომელიც მოსახლეობას მოემსახურება; ქალაქის ეკოლოგიური პრობლემების გადასაჭრელად ღია კარიერული წესით მოპოვების გაკონტროლებას.

კომენტარები