არგვეთი – სოფელი საჩხერის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: ბახიოთი, იტავაზა, იცქისი, მახათაური, სავანე, შალაური, ცხამი).
მდებარეობს იმერეთის მაღლობზე, მდინარე ლაშურის (ყვირილის შენაკადი) მარცხენა ნაპირზე. ზღვის დონიდან 600 მ, საჩხერიდან 7 კმ.
არგვეთში, მდინარე ლაშურის მარცხენა ნაპირზე, 1936-1964 წლებში გათხარეს (რ. აბრამიშვილი) ადრინდელი ბრინჯაოს ხანის (ძვ. წ. III ათასწლეული) სამოსახლო ბორცვი. აღმოჩენილია ნაგებობათა ბათქაშით შელესილი ძელური კედლები, თიხატკეპნილი იატაკები, წრიული მოყვანილობის კერები, ე. წ. მტკვარ-არაქსის კულტურისათვის დამახასიათებელი თიხის ჭურჭელი, ლითონის ჩამოსასხმელი ყალიბის ნატეხი, ირმის რქისაგან დამზადებული მიწის დასამუშავებელი პრიმიტიული იარაღი, კაჟის ნამგლის პირები, ორფრთიანი, ყუნწიანი კაჟის ისრის პირები, კერის თიხის მოდელი და სხვა ნივთები. ბორცვი დასახლებული ყოფილა გვიანდელი ბრინჯაოს ხანაშიც (ნაპოვნია ფოთლისებრი სატევრები). აღმოჩენილია აგრეთვე I−III საუკუნეების ორმოსამარხები. ხელფეხმოკეცილ მიცვალებულებს ჩატანებული აქვთ გამომწვარი თიხის ხელადები, პასტის მძივები, ბრინჯაოს მშვილდსაკინძები, საყურეები, ფრინველის გამოსახულებიანი საკიდები, აბზინდები, რომლებზედაც ფანტასტიკური ცხოველებია გამოსახული და სხვა ნივთები.
გათხრის დროს აღმოჩენილია აგრეთვე ფეოდალური ხანის ციხე-დარბაზი, ეკლესია, საცხოვრებელი და სამეურნეო შენობები (მარცვლეულის შესანახი ხაროები, მარნები). ძეგლის ზედა ქრონოლოგიური საზღვარია XIII საუკუნე.
სოფელში დაიბადნენ ქართველი პოეტები: მუხრან მაჭავარიანი და პაოლო იაშვილი.
კომენტარები