საჩხერე-რაჭის გზის მშენებარე მონაკვეთზე მეწყრული პროცესები მიმდინარეობს.
“ინფო იმერეთს” მოსახლეობა უყვება, რომ სასოფლო გზა, ასევე ადგილობრივი მცხოვრების საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები ნაპრალებად არის ქცეული.
“საჩხერე-რაჭის გზის მშენებარე მონაკვეთზე განვითარებულმა მეწყრულმა პროცესმა მთლიანად შთანთქა სასოფლო გზა, ასევე ადგილობრივი მცხოვრების საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები და საკარმიდამო შემომსაზღვრელი ღობე. ასევე, ადგილობრივების საკუთრებაში არსებული მსხმოიარე ხეები. მეწყრული პროცესები აქტიურად მიმდინარეობს ყოველდღიურად, რაც საფრთხეს უქმნის ადგილობრივი მცხოვრებლების საცხოვრებელ სახლებს, არსებობს სახლში მცხოვრებთა ცოცხლად დამარხვის დიდი რისკი.
თვეებია, ადგილობრივები აფრთხილებენ ადგილზე მომუშავე კომპანიებს, ხელისუფლების წარმომადგენლებს, პრემიერ-მინისტრს, ადგილზე განვითარებული მეწყრული პროცესების განვითარების შესახებ, თუმცა მათგან რაიმე ქმედითი ნაბიჯები არ გადადგმულა. ადგილზე მიმდინარეობს სამაგრი სამუშაოები, მაგრამ იმდენად ნელი პროცესით, რომ რეალურად მისი საჭიროება არც დადგება მომავალში, რადგან ადგილზე სამუშაოების დასრულებამდე სტიქიის ზონაში მცხოვრებლები ან დამარხულები იქნებიან ცოცხლად, ან მათი საკარმიდამო ნაკვეთები გასწორდება მიწასთან.
ძალიან უკიდურესად მძიმე მდგომარეობაა, ფოტოები ვერ გადმოცემს ადგილზე არსებულ სრულ სურათს. გთხოვთ გაიზიარეთ ჩვენი ტკივილი და გააზიარეთ ეს ინფორმაცია, რადგან მაქსიმალურად ყველას მივაწვდინოთ ხმა ამ უკიდურესად მძიმე მდგომარეობის შესახებ, არ დაუშვათ სხვა ტრაგედიების მსგავსად კიდევ ერთი ტრაგედია”, – ამბობენ ადგილობრივები.
კომენტარები