ქუთაისში “ქართული ოცნების” წინააღმდეგ პროტესტი გრძელდება. დღეს უწყვეტი აქციის 69-ე დღეა.
ევროპული მომავლის მცველები, წვიმის მიუხედავად ქალაქის მერიასთან დღესაც შეიკრიბნენ.
მოსახლეობის მოთხოვნები უცვლელია – ჩატარდეს ახალი არჩევნები და მოხდეს უკანონოდ დაკავებული პირების გათავისუფლება.
“არ დავიღლებით, არ გავჩერდებით, ქუთაისში აქციები გაგრძელდება მანამ, ვიდრე მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება”, – ამბობენ უწყვეტი პროტესტის მონაწილეები.
საქართველოში უწყვეტი საპროტესტო აქციები 2024 წლის 28 ნოემბრიდან მას შემდეგ დაიწყო, რაც “ქართული ოცნების” პრემიერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებენ ევროკავშირთან წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხს, ასევე 2028 წლის ბოლომდე უარს იტყვიან ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე. აქციების დასაწყისში დემონსტრანტების დასაშლელად პოლიცია იყენებდა წყლის ჭავლს და ცრემლსადენ გაზს. დააკავეს ასობით ადამიანი, მათ შორის, 50-ზე მეტი პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.
კომენტარები