გათავისუფლებული მეშახტეებისთვის სოლიდარობის გამოსახატავად ტყიბულში დღეს მსახიობები და რეჟისორები ჩავიდნენ.
ხელოვანების თქმით, ისინი მაღაროელების ხმას გააძლიერებენ.
“ჩამოვედით მეშახტეების სოლიდარობისთვის, ასევე, რომ გავაძლიეროთ მათი ხმა და თუ შეგვიძლია, ჩვენი აქ ყოფნით კიდევ უფრო გაძლიერდეს მათი სრულიად სამართლიანი მოწოდება, ჩვენ ბედნიერები ვიქნებით, რომ მივეხმაროთ ყველანაირად”, – განაცხადა რეჟისორმა დათა თავაძემ.
ტყიბულში აქციაზე იმყოფება კახა კინწურაშვილიც. მისი თქმით, ახლა მნიშვნელოვანია სოლიდარობა, რადგან მისი თქმით, სწორედ ესაა, რაც ამ რეჟიმს დაასრულებს.
“რეალური გამოწვევის წინაშე ვდგავართ დღეს, რეალურად, სახელმწიფო აღარ არსებობს. შესაბამისად, ქვეყნის გადასარჩენად იბრძვიან ადამიანები, ზოგიერთი დაკავებულია, ზოგი უბრალოდ პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებულია სამსახურიდან, ეს ყველაფერი უნდა დასრულდეს, ამ ყველაფერს დაასრულებს მხოლოდ და მხოლოდ სოლიდარობა ერთმანეთის მიმართ და ჩემი მიზანიც აქ ყოფნის სწორედ ეს არის”, – განაცხადა კინწურაშვილმა.
2024 წლის დეკემბრის ბოლოს ათეულობით მეშახტე სამსახურიდან გაათავისუფლეს. პროტესტის რეჟიმში გადასული მუშები დარწმუნებულები არიან, რომ მათ საპროტესტო აქციებზე დგომა და ევროპული მომავლის დაცვა არ აპატიებს.
კომენტარები