“გვახსოვს რა ჩაიდინეთ 20 ივნისს”, – ამ შინაარსის ტრანსპარანტით, ქუთაისის ცენტრში აქცია-პერფორმანსი გაიმართა.
“კოალიცია ცვლილებების” წარმომადგენლებმა 6 წლის წინ, “გავრილოვის ღამეს” თბილისში განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ გააპროტესტეს, რომლის დროსაც არაერთი ადამიანი დაშავდა.
პარტიის წევრებმა ასევე შადრევანში წითელი ფხვნილი ჩაყარეს.
“6 წლის წინ, თბილისში დაარბიეს და დაასახიჩრეს ადამიანები. ჩვენ გვახსოვს როგორ მოექცა მაშინ “ქართული ოცნება” ხალხს.
წითელი ფხვნილი შადრევანში ჩავყარეთ იმის სიმბოლოდ, თუ როგორც იყო შეღებილი რუსთაველის გამზირი მაშინ სპეცრაზმელების მიერ ადამიანების სისხლით”, – განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.
2019 წლის 20-21 ივნისის ღამეს საქართველოს ხელისუფლებამ მშვიდობიანი დემონსტრანტები წყლის ჭავლის, რაკეტისებრი და რეზინის ტყვიების და ცრემლსადენი გაზის გამოყენებით დაშალა.
აქციის მონაწილეები რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის დეპუტატის სერგეი გავრილოვის საქართველოში ვიზიტს და პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან სხდომის რუსულ ენაზე წაყვანის მცდელობას აპროტესტებდნენ.
დააკავეს აქციის 300-ზე მეტი მონაწილე. კლინიკაში გადაიყვანეს 240 ადამიანი; დაშავდა 38 ჟურნალისტი; დაშავებულებს შორის მოხვდა 80 პოლიციელი; რამდენიმე მოქალაქემ, მათ შორის მაკო გომურმა, გიორგი სულაშვილმა, კობა ლეთოდიანმა ტყვიის შედეგად თვალი დაკარგეს.
კომენტარები