ჭიათურელი მაღაროელები დახმარებას მიხეილ ყაველაშვილს სთხოვენ.
“ჭიათურის მაღაროელების და სრულიად ჭიათურის მოსახლეობის” სახელით წერილი მათ ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერს ჩააბარეს.
“ბატონო პრეზიდენტო,
ჩვენ, ჭიათურის მაღაროელები და სრულიად ჭიათურის მოსახლეობა, მოგმართავთ ღრმა შეშფოთებით და დიდი იმედით.
გაცნობებთ, რომ 28 თებერვლიდან ვმართავთ საპროტესტო აქციებს კომპანიის – „ჯორჯიან მანგანეზის“ წინააღმდეგ. აღნიშნულმა კომპანიამ უხეშად დაარღვია კოლექტიური ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და არ განახორციელა შეთანხმებული 60%-იანი დარიცხვა, რაც 3500 დასაქმებულის კეთილდღეობას პირდაპირ უქმნის საფრთხეს.
კომპანია „ჯორჯიან მანგანეზი“ არაკეთილსინდისიერად ეპყრობა როგორც დასაქმებულებს, ისე მთლიანად ჭიათურის მოსახლეობას. მისი უპასუხისმგებლო ქმედებები უკვე მძიმე ეკონომიკურ და სოციალურ მდგომარეობაში გვაგდებს. შედეგად, ერთხმად მივიღეთ გადაწყვეტილება, მოვითხოვოთ კომპანიისა და მისი ინვესტორის ქალაქიდან გასვლა და სახელმწიფოს მიერ სამთო-მოპოვებითი ინდუსტრიის მართვის კეთილსინდისიერი კონტროლი.
ამ და სხვა პრობლემებიდან გამომდინარე, გთხოვთ, როგორც საქართველოს პრეზიდენტსა და ქვეყნის უმაღლეს მთავარსარდალს, ჩამობრძანდეთ ჭიათურაში, რათა უშუალოდ გაეცნოთ ჩვენს მძიმე მდგომარეობას.
პატივისცემით,
ჭიათურის მაღაროელები და სრულიად ჭიათურის მოსახლეობა”, – აღნიშნულია წერილში.
მაღაროელები “ჯორჯიან მანგანეზს” დადებული პირობის შეუსრულებლობაში ადანაშაულებენ და საპროტესტო აქციებს მართავენ.
კომენტარები