გოგნი – სოფელი იმერეთის მხარის თერჯოლის მუნიციპალიტეტში, ადმინისტრაციული ერთეულის ცენტრი (სოფელი გოგნი).
მდებარეობს იმერეთ-არგვეთის სერზე, მდინარე ქვერუნის (ძევრულის მარცხენა შენაკადი) ზემოთში. ზღვის დონიდან 500 მ, თერჯოლიდან 12 კმ. სოფელში არის საჯარო სკოლა.
თამარ მეფის 1188 წლით დათარიღებულ სიგელში მოხსენიებულია გოგნის ციხისთავი. 1778 წელს მეფე სოლომონ I-ის მეუღლემ მარიამ დედოფალმა გოგნში ააგო ღვთისმშობლის მიძინების ქვითკირის ეკლესია და დააფუძნა მონასტერი გოგნის უდაბნო.
სოფლის ჩრდილოეთით 3 კილომეტრში შემორჩენილია ბერციხის ნანგრევები. სოფლის დასავლეთით, მაღალ გორაზე დგას გვიანდელი შუა საუკუნეების წმინდა გიორგის სახელობის ქვითკირით ნაშენი ერთნავიანი ეკლესია, რომელსაც ლეგენდის გამო დღემდე “კარუგდებლად“ მოიხსენიებენ. მას გარს აკრავს ურთხელის ტყე და გამოქვაბულები. შესასვლელი დასავლეთიდან აქვს, ინტერიერში ქვაზე გამოქანდაკებულია მაცხოვრის ამაღლების სცენა (დაზიანებულია).
მის მიმდებარედ შენდება ახალი მონასტერი, რომელიც ასევე წმინდა გიორგის სახელობისაა.
კომენტარები