მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

გუნდაეთი – სოფელი ჭიათურის მუნიციპალიტეტში

გუნდაეთი – სოფელი ჭიათურის მუნიციპალიტეტში

გუნდაეთი – სოფელი ჭიათურის მუნიციპალიტეტში (ნიგოზეთის ადმინისტრაციული ერთეული).

მდებარეობს მდინარე საძალიხევის (ყვირილის მარცხენა შენაკადი) მარჯვენა მხარეს, ჭიათურის პლატოზე, ზღვის დონიდან 750 მეტრზე, ჭიათურიდან 10 კილომეტრში, ქუთაისიდან – 81 კმ., თბილისიდან – 191 კმ.

სოფლის აღმოსავლეთ პერიფერიაზე ახლად აშენებული ტაძარი მდებარეობს, ხოლო სოფლის სამხრეთ-დასავლეთით – წმ. გიორგის ეკლესია, რომლის რესტავრაცია 2010-იან წლებში დასრულდა.

გუნდაეთის წმ. გიორგის ეკლესია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რიტუალური ნაგებობა ზემო იმერეთში.

სპეციალურ ლიტერატურაში გამოთქმულია სარწმუნო ვარაუდი აღნიშნული ტოპონიმის “გუნდა-ქვისაგან“ (შავი ქვა ანუ მანგანუმი) მომდინარეობის შესახებ. ამ ვარაუდის მიხედვით გუნდაეთი ნიშნავს: “ადგილი, სადაც გუნდა-ქვა ითხრება“, „მარგანეცის მადნით მდიდარი ადგილები“. ამასთან დაკავშირებით შეიძლება გავიხსენოთ აკაკი წერეთლის ცნობილი კორესპონდენცია “გუნდა ქვის ამბავი“ (1880 წ.), რომელიც მას შავი ქვის საბადოების აღმოჩენასთან დაკავშირებით გამოუქვეყნებია.

წარმოდგენილია სხვაგვარი მოსაზრებაც. იმერულ დიალექტში “გუნდა” თავსაბანი მინერალური მიწის სინონიმად გვხვდება: „თავსაბანი მიწა… საქართველოში თითქმის ყველა სოფელს ადგილობრივ ჰქონდა. იგი იყიდებოდა კიდეც. ერთი „გუნდა“ ან „კალაპოტი“ ღირდა დაახლ. 10 კაპიკი“. თუ ამოსვლად „გუნდის“ ამ მნიშვნელობას დავსახავდით, მაშინ სოფლის სახელი გუნდაეთი ასეც შეიძლებოდა გაგვეაზრებინა: „ადგილი, სადაც მოიპოვება გუნდა ანუ თავსაბანი მიწა“. ზემო იმერეთის ტოპონიმიაში, სოფლის სახელწოდების გარდა, გვხვდება აგრეთვე „გუნდეების წყარო“, რაც გუნდამიწების წყაროდ უნდა გავიგოთ: “წყარო, რომლის სიახლოვეს იღებენ თავსაბან ანუ გუნდა მიწას“.

მდინარე საძალიხევის მარჯვენა მხარეს მრავლადაა კარსტული მღვიმეები: ნახიზნების, საძროხიისა და საჭინკიის მღვიმეები.

კომენტარები