ჭიათურელი მაღაროელების პროტესტი გრძელდება.
მაღაროელები იმ თანამშრომლების ხელმოწერებს აგროვებენ, რომლებმაც მათი თქმით, კომპანიის ან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების მუქარის მიუხედავად, გათავისუფლების განცხადებებს ხელი არ მოაწერეს. ამ დროისათვის ხელმოწერების რაოდენობამ 900-ს გადააჭარბა.
პროტესტის ნიშნად, შიმშილობის 6 ადამიანი. ერთ-ერთი მათგანი გუშინ შეუძლოდ გახდა და საჭირო გახდა მისი საავადმყოფოში გადაყვანა. ასევე, დაკავებულია 4 პირი.
პროტესტის მონაწილეები კრიზისის მოგვარებაში “ოცნების” მთავრობის ჩართვას და კობახიძესთან შეხვედრას მოითხოვენ და კომპანიის მიერ გამოცხადებულ რეორგანიზაციას არ ეთანხმებიან.
“უკვე 66 დღეა უწყვეტ პროტესტში ვართ. პროტესტი მიმდინარეობს ოთხი უსამართლოდ დაკავებული მაღაროელის და ექვსი მოშიმშილის ფონზე.
პროტესტის მიმდინარეობისას არაერთხელ გავაჟღერეთ მოთხოვნები, რომლებიც მოიცავს როგორც შორს მიმავალ პერსპექტივებს, ისე ახლავე შესასრულებელ პირობებს.
მაგალითად, კომპანიას ამ დრომდე არ დაურიცხავს მარტისა და აპრილის სახელფასო ანაზღაურების 60%.
ამ საკითხზე არ საუბრობს არც კომპანია და არც პროფკავშირი.
მეგობრებო, ეს ჩვენი დამსახურებული ხელფასია და აუცილებლად მოსათხოვნია.
ჩვენმა ინტენსიურმა და მასობრივმა გამოსვლებმა უკვე გამოიღო შედეგი — დაირიცხა ორი თვის ხელფასი.
ახლა კიდევ ორი თვის ანაზღაურებაა დასარიცხი.
ფაქტია – არც კეთილი ნება აქვთ და არც პასუხისმგებლობის გრძნობა არცერთ მხარეს
გამოდით და მოვითხოვოთ ყველამ ერთად!
შეგახსენებთ, რომ ხელმოწერები აქტიურად მიმდინარეობს, მობრძანდით კარავში და დადექით სიმართლის მხარეს, მშრომელების მხარეს, უსამართლოდ დაჭერილი ბიჭების მხარეს”, – აცხადებენ მაღაროელები.
კომენტარები