მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“დაიბადა იმერეთში” – აკაკი კვანტალიანი

“დაიბადა იმერეთში” – აკაკი კვანტალიანი

აკაკი (კაკო) ლუკას ძე კვანტალიანი – ქართველი მსახიობი, საქართველოს სსრ სახალხო არტისტი.

დაიბადა 1907 წლის 27 დეკემბერს სამტრედიაში.

ბავშვობა „არათეატრალურ“ გარემოში გაატარა, თვითონ კი გატაცებული იყო იმიტაციით, იუმორისტული სცენების ჩვენებით და წარმოდგენის გამართვით. მშობლიურ ქალაქში ავიდა დრამწერის სცენაზე.

1924 წელს წარჩინებით დაამთავრა ჰუმანიტარული ტექნიკუმი და შინაურების დაუკითხავად ჩავიდა თბილისში, სადაც 1925 წლიდან სწავლობდა თბილისის უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე, ამავე დროს მონაწილეობდა თბილისის მუშათა თეატრის წარმოდგენებში.

1928 წლიდან იყო მარჯანიშვილის თეატრის წამყვანი მსახიობი. წარმატებით ასრულებდა მკვეთრად სახასიათო როლებს. მათ შორის აღსანიშნავია ქუჩარა (პ. კაკაბაძის “ყვარყვარე თუთაბერი”), კორნელი (კ. კალაძის “როგორ”), ტიტიკო (ვ. გაბესკირიას “გაზაფხულის დილა”), ხახული (პ. კაკაბაძის “კოლმეურნის ქორწინება”), გრუმიო (უ. შექსპირის “ჭირვეული ცოლის მორჯულება”), ლეპორელო (ა. პუშკინის “ქვის სტუმარი”), ნიკიფორე (მ. ბარათაშვილის “მარინე”), სამსონ ნებიერიძე (მოსაშვილის “მისი ვარსკვლავი”), ქერუბინო (ბომარშეს “ფიგაროს ქორწინება”), ალფრედ დულიტლი (შოუს “პიგმალიონი”), ზემლიანიკა (ნ. გოგოლის “რევიზორი”), ლოპიანე (პ. კაკაბაძის “ცხოვრების ჯარა”), ოლიმპო (ბ. შელის “ბეატრიჩე ჩენჩი”) და სხვა.

გადაღებულია ფილმებში: “უკანასკნელი ჯვაროსნები“ (გელა), “არშაულა”, დარიკო“ (მეზობელი), “ფრთოსანი მღებავი“ (ლექსო-მღებავი), “ქალიშვილი გაღმიდან“ (ალი), “ქალიშვილი ხიდობნიდან“ (ხარიტონი), “ქეთო და კოტე“ (ბონდო), “ბედნიერი შეხვედრა“ (აფრასიონი), “ისინი ჩამოვიდნენ მთიდან” , “ცისკარა“ (დევი), “მაგდანას ლურჯა“ (მენახშირე მიტუა), “ჩრდილი გზაზე” (ლადო ძია), “ეთერის სიმღერა”, “ჩვენი ეზო“ (გიორგი),  “აბეზარა“ (ანდრო), “ორი მსახიობი“, “საბუდარელი ჭაბუკი”, “ოთარაანთ ქვრივი“, “სხვისი შვილები”, “მაია წყნეთელი“ (ბერიკა), “უდიპლომო სასიძო” (ვარდენი), “განძი“ (ოტია), “გლახის ნაამბობი“ (შაქრო), “თეთრი ქარავანი”, პიერი მილიციის თანამშრომელი (პროფესორი), “რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“ (პაპა ლაზარე), “მე ვხედავ მზეს“ (ქიშვარდი)
“გიორგობისთვე“ (დავითი), “ქოჩორა“.

მან ჩამოაყალიბა ქართული ესტრადის თეატრი, წარმატებით მოღვაწეობდა საესტრადო ჟანრში, მუშაობდა ფილარმონიაში. იგი მჭიდროდ იყო დაკავშირებული კ. მარჯანიშვილის სახელობის თეატრის შემოქმედებით ცხოვრებასთან. სიცოცხლის ბოლომდე ნაყოფიერად იღვწოდა ამ თეატრის სცენაზე და აქტიურად იყო ჩართული კოლექტივის მხატვრულ, ორგანიზატორულ თუ საზოგადოებრივ საქმიანობაში.

გარდაიცვალა 1967 წლის 27 ივლისს 59 წლის ასაკში. დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

კომენტარები