მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“დაიბადა იმერეთში” – დიმიტრი მჭედლიძე

“დაიბადა იმერეთში” – დიმიტრი მჭედლიძე

დიმიტრი მჭედლიძე – ქართველი საოპერო მომღერალი (ბანი). საქართველოს სსრ სახალხო არტისტი. იყო საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს IV–V მოწვევის დეპუტატი.

დაიბადა 1904 წლის 14 იანვარს, სოფელ სვირში, ზესტაფონის რაიონი.

1925 წელს დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია, ხოლო 1932 წელს ლენინგრადის სახელმწიფო კონსერვატორია. 1927–1932 წლებში იყო ლენინგრადის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი, 1933–1952 წლებში სსრკ მოსკოვის დიდი თეატრის სოლისტი, 1950–1952 წლებში — ამ თეატრის სარეპერტუარო ნაწილისა და საოპერო დასის გამგე. 1952–1963 და 1967–1973 წლებში იყო ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი, 1969–1973 წლებში — ამ თეატრის ფილიალის, ქუთაისის საოპერო თეატრის დირექტორი.

ფლობდა ლამაზი ტემბრის ხმას (ბანი). შესრულებული აქვს მთავარი პარტიები: ცანგალა (ზაქარია ფალიაშვილის „დაისი“), ბორისი (მოდესტ მუსორგსკის „ბორის გოდუნოვი“), მეწისქვილე (ალექსანდრე დარგომიჟსკის „ალი“), მეფისტოფელი (შარლ გუნოს „ფაუსტი“), გუდალი (ანტონ რუბინშტეინის „დემონი“). 1955 წლიდან იყო ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი, მისი მოწაფეები იყვნენ: თამაზ ლაფერაშვილი, ჯემალ მდივანი, რამაზ კუბლაშვილი. ავტორია წიგნისა “ქართველ მომღერალთა სამი თაობა“ (1968, თბილისი).

გადაღებულია ფილმში “დიდოსტატის მარჯვენა“ (თალაგვა კოლონკელიძის როლი, 1970, რეჟისორი ვახტანგ ტაბლიაშვილი).

გარდაიცვალა 1983 წლის  21 დეკემბერს, 79 წლის ასაკში.

კომენტარები