მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“დაიბადა იმერეთში” – ვალერიან ქაშაკაშვილი

“დაიბადა იმერეთში” – ვალერიან ქაშაკაშვილი

ვალერიან სარდიონის ძე ქაშაკაშვილი – ქართველი საოპერო მომღერალი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, პროფესორი.

დაიბადა 1898 წლის 3 მაისს ბაღდათში.

1923 წელს წარმატებით დაამთავრა თბილისის კონსერვატორია. 1920–1925წწ. იყო ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი  (ბარიტონი); 1925 წელს განათლების სახალხო კომისარიატმა კვალიფიკაციის ასამაღლებლად გაგზავნა იტალიაში. სამი წლის მანძილზე ოსტატობას იმაღლებდა მარიო სამარკოსთან, მილანის თეატრ „ლა სკალაში“. რომისა და გენუას საოპერო თეატრების სცენაზე დიდი წარმატებით გამოდიოდა ქაშელისა და თორელის ფსევდონიმით. 1928 წელს დაბრუნდა სამშობლოში.

1928 წლიდან ნაყოფიერ პედაგოგიურ მუშაობას ეწეოდა, თავგამოდებით ემსახურებოდა ახალგაზრდა ქართველი ვოკალისტების აღზრდის საქმეს, ჯერ მუსიკალურ ტექნიკუმში, ხოლო 1937 წლიდან ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში (პროფესორი), მისი მოწაფეები იყვნენ: გ. გრიგორაშვილი, თ. მუშკუდიანი, ლ. ჭყონია.

ვ. ქაშაკაშვილმა თბილისის საოპერო სცენაზე შეასრულა წამყვანი პარტიები: კიაზო („დაისი“), ვალენტინი („ფაუსტი“), ტონიო („ჯამბაზები“), ამონასრო („აიდა“), რიგოლეტო („რიგოლეტო“), ტორეადორი („კარმენი“) და სხვა. შესანიშნავი ხმა და სცენური მომხიბვლელობა საშუალებას აძლევდა მომღერალს ჩასწვდომოდა მსოფლიო მუსიკალური შედევრებს და მსმენელ-მაყურებლისათვის გადაეშალა მთელი მათი სიღრმე და სიდიადე.

დიდი ქართველი ვოკალისტის და პედაგოგის დავით ანდღულაძის აზრით, ვალერიან ქაშაკაშვილის მიერ შესრულებულ “რიგოლეტოს“ ბადალი არ ჰყავდა. დაჯილდოებული იყო „საპატიო ნიშნის“ ორდენით და მედლით “შრომითი მამაცობისათვის“.

გარდაიცვალა 1954 წლის 18 ივლისს 56 წლის ასაკში. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

კომენტარები