მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“დაიბადა იმერეთში” – ვლადიმერ სულაქველიძე

“დაიბადა იმერეთში” – ვლადიმერ სულაქველიძე

ვლადიმერ (ვალოდია) სულაქველიძე – ქართველი საზოგადო მოღვაწე, თბილისის სახალხო მილიციის უფროსი, რესპუბლიკის ზურგის უფროსი, ქალაქისა და ოლქის ადმინისტრაციის უფროსი.

დაიბადა 1884 წელს ქუთაისში. მისი მამა ამბაკო სულაქველიძე სასულიერო მას­წავ­ლე­ბე­ლი იყო და ცხრა შვი­ლი ჰყავ­და. მათ­გან სამი – ვა­ლო­დია, კონ­სტან­ტი­ნე და ანე­ტა აქ­ტი­უ­რად იყ­ვნენ რე­ვო­ლუ­ცი­ურ მოძ­რა­ო­ბა­ში ჩაბ­მუ­ლი. კონ­სტან­ტი­ნე (კო­წია) სუ­ლაქ­ვე­ლი­ძე, ცნო­ბი­ლი სო­ცი­ალ-დე­მოკ­რა­ტი და 1918 წლიდან ქუ­თა­ი­სის ერო­ბის თავ­მჯდო­მა­რე იყო. მისგან განსხვავებით, ანეტა აქ­ტი­უ­რი ბოლ­შე­ვი­კი გახლდათ. იგი 1907 წელს, თბი­ლის­ში, ერევნის მო­ე­დან­ზე გახ­მა­უ­რე­ბულ ბან­კის ძარ­ცვა­შიც მო­ნა­წი­ლე­ობ­და. ამ­ბა­კოს ოჯახ­ში იზ­რდე­ბო­და მწე­რა­ლი გრიგოლ რობაქიძე ქუ­თა­ი­სის გიმ­ნა­ზი­ა­ში სწავ­ლის დროს.

საქართველოს პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის პერიოდში ვალოდია სულაქველიძე საკმაოდ ცნობილი პიროვნება იყო. მან ადმინისტრაციაში სამსახური დაიწყო ქუთაისის მილიციის უფროსის თანამდებობიდან და შემდგომ თბილისის მილიციის უფროსად გადაიყვანეს სამაგალითო სამსახურისთვის.

1918 წლის დასაწყისში, ქუთაისის მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოს თავმჯდომარის გრიგოლ ურატაძის კაბინეტის კარი მაღალმა, ძლიერი აღნაგობის ახალგაზრდა კაცმა შეაღო. ურატაძე მას ელოდა. წინა დღით საბჭოს სხდომაზე დიდი განსჯა იყო, ვინ დაენიშნათ ახალშექმნილი მილიციის უფროსად – ქალაქში გახშირებული ძარცვა-გლეჯისა და ახალჩამოყალიბებული ნაციონალური პოლკების თავნებობისთვის (რომლებიც ბოლშევიკურ აგიტაციას იყვნენ აყოლილი და ხშირად ქალაქს არბევდნენ) ბოლო რომ მოეღო. ამ დრომდე ვერც ერთი მილიციის უფროსი ვერ გაუმკლავდა ამ ძნელ ამოცანებს. დეპუტატთა ერთმა ჯგუფმა მორიგ ცდაზე ვლადიმერ სულაქველიძეს გაუწია რეკომენდაცია.

ურატაძე ახალგამომცხვარ კანდიდატს ალმაცერად უყურებდა. უმაღლესი განათლების მქონე ფილოლოგი, რომელიც ადრე მასწავლებლად მუშაობდა და მეფის არმიის რეზერვის პორუჩიკის წოდებაც ჰქონდა, მილიციისთვის შესაფერის კადრად არ მიაჩნდა. ვერ იჯერებდა, რომ ეს უწყინარი გარეგნობის ტიპური ინტელიგენტი, გამხეცებული ყაჩაღების თარეშს რამე რეალურ მოქმედებებს დაუპირისპირებდა.

ურატაძის შეკითხვაზე, – შეძლებდა თუ არა ქალაქში წესრიგის დამყარებას, სულაქველიძემ უპასუხა, – შევძლებ, თუკი თქვენგან შესრულებული იქნება ორი პირობა: ერთი – მეყოლება საჭირო რაოდენობის მილიციელები და მეორე – მექნება მოქმედების თავისუფლება.

ორივე პირობაზე თანხმობა მიიღო და უფლება მიეცა, შტატი თვითონვე შეედგინა. მეორე დღეს ვლადიმერ სულაქველიძე უკვე მილიციის უფროსი იყო და ბოროტმოქმედებისაგნ ქალაქის გაწმენდას ენერგიულად შეუდგა. რამდენიმე კვირაში ვალოდიამ ქუთაისი სრულიად გაწმინდა ყველა საეჭვო პირისგან და სანიმუშო წესრიგი დაამყარა; ქალაქი ნორმალური ცხოვრების წესს დაუბრუნდა. გადმოცემის თანახმად, როცა ქუთაისში, ბაღის კიდეზე სამხედრო შინელით, ზურგზე ხელებდაწყობილი მილიციის უფროსი ვლადიმერ სულაქველიძე გაისეირნებდა, შემორჩენილი თითო-ოროლა ბაცაცა მაშინვე გულგახეთქილი იმალებოდაო. დაუმორჩილებლობას მხოლოდ ნაციონალური პოლკების ჯარისკაცები იჩენდნენ კვლავ, რის გამოც თბილისიდან გვარდიის ჯავშნოსანი მატარებლის გამოძახება გახდა საჭირო. ამგვარად განაიარაღეს ჯარისკაცები, რომელთა ნაწილმა მაინც მოახერხა იარაღით ქალაქიდან მშობლიურ სოფლებში გაქცევა და იქ ანარქიის შეტანა.

ვლადიმერ სულაქველიძემ და მისმა მოადგილემ – ქუთაისის სისხლის სამართლის მილიციის უფროსმა ამბერკი ადეიშვილმა თავი განსაკუთრებით 1918 წლის ზაფხულში გამოიჩინეს, სწორედ ამ გაბოლშევიკებული ჯარისკაცების მიერ ლეჩხუმისა და ოკრიბის მხარეებში მოწყობილ აჯანყებათა ლიკვიდაციისას, ალექსანდრე (საშა) გეგეჭკორისა და თადეოს მორჩაძის რაზმების წინააღმდეგ ბრძოლაში. თუმცა, კამპანიის დასასრულს ამბერკი ადეიშვილი, ოპოზიციის პროტესტისა და მოთხოვნების შემდეგ, უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით(რაც ბოლშევიკების თანამგრძნობი მოსახლეობის ცემა-ტყეპაში გამოიხატებოდა), შინაგან საქმეთა მინისტრმა ნოე რამიშვილმა თანამდებობიდან გადააყენა და პასუხისგებაში მისცა.

ვლადიმერ სულაქველიძის ქუთაისის მილიციის უფროსის თანამდებობაზე ყოფნის დროს, 1918 წლის დეკემბერში, სომხეთის რესპუბლიკამ საქართველოს ომი გამოუცხადა. საომარი მდგომარეობის პირობებში, სულაქველიძის ძალისხმევით ქუთაისში, ქალაქის სომხური მოსახლეობის დარბევისა და შურისძიების მცდელობაც არ ყოფილა, რაც მის მაღალ სამოქალაქო შეგნებაზე მეტყველებს. „ჩვენი სამშობლო ამ წამს მეტად სერიოზულ წამს განიცდის. იგი ომის წინაშე დგას. საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკის ყველა მოქალაქე ვალდებულია შეასრულოს რესპუბლიკის მთავრობის ბრძანება, არ აჰყვეს გრძნობას და კერძო პირთა მოწოდებას და პროვოკაციას. ამჟამათ შინაური წესრიგი ყველაზე უფრო გვჭირდება. წესიერება და სიმშვიდე ყველაზე უფრო დიდი თავდებია ქვეყნის დაცვის საქმეში. ქუთაისის მოქალაქენო! მე მოგიწოდებთ დაიცვათ სრული წესიერება. ამიტომ, მე როგორც ქალაქში წესიერების დამცველი, რომელსაც მაქვს უფლება მინიჭებული დემოკრატიულ თვითმმართველობიდან, რევოლუციონურ ორგანიზაციებიდან, ვაცხადებ თქვენ საყურადღებოდ შემდეგს:

სასტიკად აკრძალულია ერთი ერის მეორეზე წასისიანება და ამ ნიადაგზე კრების, მსჯელობისა და რაიმე გამოსავლის მოწყობა

ქეიფი და ქუჩაში დროს ტარება.

ჩემამდინ უკვე მოაღწია ცნობამ, რომ ზოგიერთი ვაჟბატონები პროვოკაციას ეწევიან და პოგრომისკენ მოუწოდებენ, ყველა ასეთი პირი ჩემგან სასტიკათ დაისჯება, მხოლოდ გამოსვლას იარაღით ჩავაქრობ.

ქუთაისი სახალხო მილიციის უფროსი ვ. სალუქვაძე.“

ეს განცხადება ადგილობრივ პრესაში დაიბეჭდა და ქუჩებშიც გამოაკრეს, რამაც შედეგი გამოიღო და ქუთაისში არავითარი უწესრიგობა არ მომხდარა. სულაქველიძის ავტორიტეტი კიდევ უფრო გაიზარდა.

ამ პერიოდში თბილისის მილიცია ქალაქის სიდიდის, მილიციელთა უპასუხისმგებლობის თუ სხვა მიზეზთა გამო წესრიგის დაცვას თავს ვერ ართმევდა. შინაგან საქმეთა მინისტრმა ნოე რამიშვილმა გადაწყვიტა, თბილისის მილიციის უფროსად ქალაქის თვითმმართველობისთვის ვლადიმერ სულაქველიძის კანდიდატურა შეეთავაზებინა და 1919 წლის აპრილის დასაწყისში ის სპეციალური ბრძანებით თბილისში მიიწვია. ქუთაისის ქალაქის საბჭომ შუამდგომლობა აღძრა შინაგან საქმეთა სამინისტროსადმი, რომ ვლადიმერ სულაქველიძე ქუთაისში დაეტოვებინათ, მაგრამ შსს-მ მოთხოვნა არ გაითვალისწინა. 14 აპრილს ქალაქის საბჭოს სხდომაზე ქუთაისის ქალაქის თავმა დიმიტრი კალანდარიშვილმა სპეციალური მადლობა გამოუცხადა უკვე ყოფილ მილიციის უფროსს. ქალაქის საბჭოს წევრებმა, სოციალ-დემოკრატიული, ეროვნულ-დემოკრატიული და სოციალ-ფედერალისტების პარტიის წარმომადგენლებმა, სიტყვით მიმართეს სულაქველიძეს და თავდადებული მუშაობისთვის მადლობა გამოუცხადეს.

1919 წლის მაისიდან ვლადიმერ სულაქველიძე უკვე თბილისში იყო და ქალაქის მილიციის რეორგანიზებას ენერგიულად შეუდგა. ორი კვირის განმავლობაში მან დაითხოვა ყველა უბნის კომისარი და სამსახურში ახალი კადრები მოიწვია, მთლიანად გადასინჯა შტატები და ის მილიციელები, ვინც დაკისრებულ მოვალეობას არ ასრულებდნენ ან კანონსაწინააღმდეგო საქმიანობაში იყვნენ შემჩნეული, დააპატიმრა. იგი პირადად ამოწმებდა სადარაჯოებზე მყოფ მილიციელებს, მალევე მიაღწია იმას, რომ თანამშრომლები სამსახურში ფორმის დარღვევით არ გამოცხადებულიყვნენ და რომ განმასხვავებელი ლითონის სანიშნეები ყველა მათგანს წესრიგში ჰქონოდა. სამსახურიდან დათხოვნილ თანამშრომლებს კი ფორმის ტარება სასტიკად აუკრძალა. თბილისში ქუჩების განათება სუსტად იყო ორგანიზებული. მილიციას უნდა შეემოწმებინა, როგორ ასრულებდნენ სახლის პატრონები კანონის მოთხოვნას, დაბინდებისთანავე აენთოთ სახლების გარე განათების ფანრები ელექტრონით ან ნავთით, რაც არ სრულდებოდა. სულაქველიძემ მიზნად დაისახა ამის გამოსწორება და მცირე ხანში ქუჩის განათება სრულად აღდგა. ასევე მან დაავალდებულა მოსახლეობა, ღამით სადარბაზოები და ეზოები დაეკეტათ. ამ ღონისძიებებმა საგრძნობლად შეამსუბუქა კრიმინალური მდგომარეობა და მილიციას დანაშაულთან ბრძოლა გაუადვილა. მისივე დავალებით აიკრძალა დანაშაულში ეჭვმიტანილთა სახლების ღამით ჩხრეკა, გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა და მილიციელებს სასტიკად აეკრძალათ სადარაჯოებზე მათრახით დგომა. აღსანიშნავია, რომ ვლადიმერ სულაქველიძე პირადად მონაწილეობდა ყველა მნიშვნელოვან ოპერაციაში, რიგითი დამნაშავეების დაკავება იქნებოდა თუ გენერალ ბარათოვზე თავდასხმის გახმაურებული შემთხვევა, რისთვისაც შინაგან საქმეთა მინისტრისგან მადლობა მიიღო. ვლადიმერ სულაქველიძემ მთავრობის იმედი გაამართლა. ისევე როგორც ქუთაისში, თბილისშიც მნიშვნელოვნად შეიცვალა მდგომარეობა წესრიგის დამყარების თვალსაზრისით, რისთვისაც სულაქველიძემ მთავრობისგან კიდევ უფრო მეტი ნდობა და პატივისცემა დაიმსახურა.

1920 წლის მარტის დასაწყისში ქუთაისის ციხე ადგილობრივი და თბილისიდან ევაკუირებული ბოლშევიკებით იყო გადაჭედილი, რომლებიც ციხიდან თავის დაღწევას ელოდნენ. მე-11 წითელი არმია წინ მოიწევდა და მისი შეჩერება ქართულმა ჯარმა და გვარდიამ ვერც სურამის უღელტეხილზე შეძლო. ციხეში აღწევდა ხმები, რომ წითელმა არმიამ მამისონის უღელტეხილიც გადმოლახა და რიონის ხეობით ქუთაისისკენ მოიწევდა ბრძოლით. პატიმარი ბოლშევიკები ზეიმობდნენ, რადგან უკვე ყველა ხვდებოდა, რომ მათთვის საძულველი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა არსებობას შეწყვეტდა და ციხიდან გამოსული კვლავ კომუნისტური პარტიის რიგებს შეავსებდნენ. თუმცა მალე გაირკვა, რომ საქართველოს მთავრობა მათ დატოვებას ქუთაისში სულაც არ აპირებდა და 7 მარტს პატიმრების ჯგუფების ბათუმში გადაყვანა დაიწყო. ამ დროისთვის ქუთაისის ციხეში 923 ბოლშევიკი იჯდა და პირველ ნაკადად ბათუმის ციხეში 500-მდე პატიმარი გადაგზავნეს. პატიმრებმა არეულობით ისარგებლეს და გაჯიუტდნენ. ისინი მოითხოვდნენ, ბათუმში არ გადაეყვანათ და პროტესტის გამოხატვა დაიწყეს სხვადასხვა ფორმით, რომლის ორგანიზატორიც ბოლშევიკების „პოლიტიკური კომისარი“ პავლე მარდალეიშვილი იყო. ვითარება ჩიხში შევიდა და ადმინისტრაციას ძალის გამოყენება მოუწია. მალე ციხის დერეფნები სახალხო მილიციის და განსაკუთრებული რაზმის თანამშრომლებით აივსო, რომელთაც სისხლის სამართლის მილიციის უფროსი პლატონ ფაჩულია, თბილისის მილიციის უფროსი ვლადიმერ სულაქველიძე, ქუთაისის მილიციის უფროსი სილიბისტრ მაღნარაძე და ქუთაისის მილიციის უფროსის ყოფილი მოადგილე ამბერკი ადეიშვილი ხელმძღვანელობდნენ. მილიციელებმა სასტიკად სცემეს ყველა, ვინც ევაკუაციას ეწინააღმდეგებოდა. მათ შორის მეთაურები ვანო სტურუა, მიხა ჩოდრიშვილი, ნესტორ ცერცვაძე, ფიალკოვსკი და სხვები მაუზერის ტარით ნაცემები და თავგატეხილები, საკაცეებით წაიყვანეს ეშელონზე.

ქუთაისის დატოვების წინ, 9 მარტის ღამეს ვლადიმერ სულაქველიძის ბრძანებით, პავლე მარდალეიშვილი, საბჭოთა რუსეთის დაზვერვის აგენტი პოლკოვნიკი ნიკოლოზ ივანოვი და სისხლის სამართლის დამნაშავე დავით უკლება საღორიის ტყეში დახვრიტეს და გვამები დაწვეს. ამის გამო ათწლეულების განმავლობაში საბჭოთა პროპაგანდა ვლადიმერ სულაქველიძეს განსაკუთრებული სიძულვილით მოიხსენიებდა და მისთვის „ჯალათის“ და „სისხლისმსმელის“ ეპითეტებს არ იშურებდა.

1921 წლის საბჭოთა რუსული ოკუპაციის შემდეგ, ვლადიმერ სულაქველიძე მთავრობასთან ერთად ემიგრაციაში გაემგზავრა. ერთხანს სტამბოლში იყო და მონაწილეობდა ბოსფორზე გემების საპასპორტო კონტროლისა და კონტრდაზვერვით ოპერაციებში; ქართული სპეცსამსახურების, ბრიტანელი და ფრანგი კოლეგების საბჭოთა დაზვერვის წინააღმდეგ თანამშრომლობაში. მოგვიანებით საფრანგეთში ჩავიდა და პატარა რესტორანი „ამაყი მამალი“ გახსნა, რითაც თავის რჩენას ახერხებდა. გადმოცემით, რესტორნის შენობის ფასადს ქართულ ჩოხაში გამოწყობილი მამლის გამოსახულება ამშვენებდა. თუმცა რესტორანი მალე გაკოტრდა. როგორც ზეპირი გადმოცემები მოწმობენ, ვლადიმერ სალუქვაძე თურმე ხშირად უფასოდ მასპინძლობდა სამშობლოდან გადახვეწილ მშიერ-მწყურვალ თანამემამულეებს (როგორც გრიგოლ ურატაძე აღნიშნავს, „თავისი პატიოსანი შრომით ირჩენდა თავს და არავის აწუხებდა. პირიქით, ეხმარებოდა კიდეც სხვებს), რაც კომერციამ ვერ აიტანა.

1924 წლის სექტემბერში აგვისტოს აჯანყების ჩახშობის შემდეგ საქართველოს სსრ-ის ხელისუფლებამ მოახდინა მისი ქონების კონფისკაცია. მისი ძმა – კონსტანტინე (კოწია), საქართველოში სპეციალური დავალებით არალეგარულად დაბრუნებული, 1925 წელს ჩეკამ ბათუმში დააპატიმრა. პატიმრობის დროს იგი იძულებული გახადეს საჯაროდ დაეგმო თავისი პოლიტიკური შეხედულებები, რის გამოც აღარ დახვრიტეს და შემდეგ, როგორც წარმატებული მათემატიკოსი, სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ანეტა სულაქველიძე 1937 წელს დააპატიმრეს და დახვრიტეს „ტროცკისტობის“ ბრალდებით. ვლადიმერ სულაქველიძეს სამი შვილი დარჩა საქართველოში: უფროსი სილვია (დოდო) სულაქველიძე, ირაკლი სულაქველიძე, რომელიც ცნობილი მოჭიდავე იყო და მეტსახელად „ვაგონეტკას“ ეძახდნენ (მაღაროს ვაგონის სადგარს წევდა) მეორე მსოფლიო ომის დროს ჯარში გაიწვიეს და დაიკარგა, ხოლო უმცროსი ვახტანგ სულაქველიძე ცნობილი მსახიობი გახლდათ.

ვლადიმერ სულაქველიძე 1954 წლის 18 აგვისტოს 70 წლის ასაკში გარდაიცვალა საფრანგეთში, არპაჟონის საავადმყოფოში. დაკრძალულია ლევილის ქართველთა სასაფლაოზე.

მთავარ ფოტოზე: ვლადიმერ სულაქველიძე (მარჯვნივ) პარიზში ემიგრაციაში ყოფნის დროს. სავარაუდოდ, 1940-იანი წლები. “საზოგადოებრივი არქივი”, ლადო სულაქველიძის კოლექცია.

 

კომენტარები