ნიკოლოზ (კოლაუ) ნადირაძე – ქართველი პოეტი, „ცისფერყანწელთა ორდენის“ წევრი.
კოლაუ ნადირაძე დაიბადა 1895 წლის 8 მარტს ქუთაისში. მამამისი იყო ცნობილი თვალის ექიმი გალაქტიონ ნადირაძე, რომელიც, სხვათა შორის, აკაკი წერეთელსაც მკურნალობდა.
ცხრა წლისა ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში შეიყვანეს, სადაც ტიციან ტაბიძეს და პაოლო იაშვილს დაუმეგობრდა.
ბავშვობიდანვე უშიშარი იყო. ათი წლისა რევოლუციურ გამოსვლებში მონაწილეობდა. ქუთაისის კლასიკური გიმნაზიიდან ”მგლის ბილეთით” გარიცხეს რევოლუციურ გამოსვლებში მონაწილეობისთვის, მაგრამ სიმწიფის ატესტატის აღება მაინც მოახერხა და 1912 წელს მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე ჩაირიცხა.
პირველი ლექსი „ავზნიანი ქალაქი“ დაბეჭდა 1916 წელს ჟურნალ „ცისფერ ყანწებში“. იყო ქართველ სიმბოლისტთა ჯგუფის აქტიური წევრი. პირველი წიგნი „ბალდახინი“ გამოსცა 1919 წელს. საგანგებოდ აღნიშვნის ღირსია ლექსი „წიწამურიდან საგურამომდე“, რომელშიც მთელი ძალით გამოვლინდა კოლაუ ნადირაძის პოეტური ენერგია.
1985 წელს პოეტი გაკრიტიკებული იქნა პოეტურ კრებულში ლექსის “25 თებერვალი 1921 წელს“ დაბეჭდვის გამო, რომელსაც მკაცრი „პარტიული“ შეფასება მისცეს და მონათლეს “დიდი ოქტომბრის რევოლუციის შეურაცხყოფად“.
“თოვდა და თბილისს ეხურა თალხი,
დუმდა სიონი და დუმდა ხალხი…
თეთრ ცხენზე მჯდომი ნაბიჯით ნელით
შემოდიოდა სიკვდილი ცელით!”
კოლაუ ნადირაძე ავტორია პოემების („თვრამეტი წელი“, „ფრონტებზე“, „როალდ ამუნდსენ“), მოთხრობებისა და ნარკვევების, წერილებისა ქართველ, რუს, სომეხ მწერლებზე, მხატვრებზე, თეატრალურ მოღვაწეებზე. ნათარგმნი აქვს ალექსანდრე პუშკინის, ივანე ბუნინის, კონსტანტინე ბალმონტის, ალექსანდრე ბლოკის, შარლ ბოდლერის, პოლ ვერლენის, ავეტიქ ისააკიანის ნაწარმოებები.
გარდაიცვალა 1990 წლის 28 ოქტომბერს, 95 წლის ასაკში. დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.
კომენტარები