ნიკოლოზ საულის ძე კახიანი – ქართველი ქირურგი, საქართველოში მეცნიერული და კლინიკური ქირურგიის ერთ-ერთი ფუძემდებელი, პროფესორი.
დაიბადა 1883 წლის 11 ივლისს სოფელ როკითში, ახლანდელი ბაღდათის მუნიციპალიტეტი.
პოლკოვნიკი საულ კახიანი, თავისი დროის კვალობაზე საკმაოდ განათლებული ადამიანი, ადრე გარდაიცვალა. თერთმეტი წლის მკვირცხლი, ცნობისმოყვარე, ნიჭიერი ნიკოლოზის აღზრდა მამის უმცროსმა ძმამ გიორგი კახიანმა ითავა. გიორგის მოსკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი ჰქონდა დამთავრებული, იყო ქუთაისის, სენაკის, ზუგდიდის მაზრის ექიმი, წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა როკითში მისივე ინიციატივით გახსნილ საავადმყოფოს (როგორც იმხანად უწოდებდნენ – ქსენონს), იყო აკაკი წერეთლის მკურნალი ექიმი და მეგობარი.
ნიკოლოზს ბავშვობიდანვე ყველა კოლიად იცნობდა – დედა, მარია პოპოვა, შვიდივე შვილს რუსული საალერსო სახელებით მიმართავდა, თუმცა ქართულიც შესანიშნავად იცოდა – მამამისი, იაკობი, ახალგაზრდობიდანვე ქუთაისში ცხოვრობდა და ცოლიც ქართველი ჰყავდა.
1896 წელს ბიძამ გიორგი კახიანმა ცამეტი წლის ნიკოლოზ კახიანი ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში მიაბარა, ხოლო 1902 წელს გადაიყვანა ვლადიკავკაზის კლასიკური გიმნაზიის მეექვსე კლასში. მისი კლასელი იყო მომავალში ცნობილი რეჟისორი ევგენი ვახტანგოვი. ვლადიკავკაზში ნიკოლოზი „ქართველთა შორის წერა-კითხვის საზოგადოების“ წევრი გახდა და ქართველ მოსწავლეებს ამეცადინებდა რუსულ ენასა და მათემატიკაში. აქვე ბიძის გავლენით გადაწყვიტა გამხდარიყო ექიმი და 1904 წელს გაემგზავრა ოდესაში, სადაც ჩაირიცხა უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტზე.
1904 წელს ნიკოლოზ კახიანი ოდესის უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტზე ჩაირიცხა. ჭაბუკის ნიჭიერება მალევე შეამჩნია იმ დროის ერთ-ერთმა კორიფემ – ანატომიის კათედრის გამგემ ნიკოლაი ბატუევმა. მეორეკურსელს უკვე პრაქტიკული მეცადინეობების ჩატარებასა და ანატომიური პრეპარატების დამზადებას ანდობდა.
ნიკოლოზ კახიანმა 1910 წელს დაამთავრა უნივერსიტეტი და ოთხი წელი იმუშავა იქვე ანატომიის კათედრაზე.სწორედ მაშინ დაინტერესდა ანთროპოლოგიით.
1911-1914 წლებში, ბატუევის რეკომენდაციით, ნიკოლოზი რამდენჯერმე მიავლინეს კაიროს უნივერსიტეტში ბალზამირების ეგვიპტური წესის შესასწავლად. ეგვიპტეში მან ძველი ეგვიპტელების ას ოცზე მეტი თავის ქალა შეისწავლა და ამის საფუძველზე, 1917 წელს სადოქტორო დისერტაციაც დაიცვა. ამავე წლიდან ატარებდა პროფესორის წოდებასაც.
ოდესის უნივერსიტეტში დაბრუნებიდან რამდენიმე ხნის შემდეგ ახალგაზრდა ექიმი ტოპოგრაფიულმა ანატომიამ გაიტაცა და ნიკოლაი ვისენკოვის კათედრაზე გადავიდა. თუმცა გავიდა კიდევ მცირე დრო და გამოჩნდა ცნობილი ქირურგი კონსტანტინ საპეშკო, რომლის ოპერაციებსაც ნიკოლოზ კახიანი ხშირად ესწრებოდა და თანდათან მისი პროფესიული არჩევანი ანატომიიდან ქირურგიისკენ გადაიხარა.
ამასობაში პირველი მსოფლიო ომიც დაიწყო. ფრონტზე კოლიამ უდიდესი გამოცდილება მიიღო და დივიზიის მთავარი ქირურგიც გახდა.
სწორედ იმხანად კატერინოსლავის (ახლანდელი დნეპროპეტროვსკის) ქალთა უმაღლესი სკოლის ბაზაზე გაიხსნა უმაღლესი სამედიცინო სასწავლებელი, რომელსაც მალევე მიენიჭა აკადემიის სტატუსი. 1917 წელს ნიკოლოზ კახიანი ამ სასწავლებლის სამკურნალო ფაკულტეტის ანატომიის კათედრის გამგედ აირჩიეს.
1919 წელს მეცნიერმა გადაწყვიტა რომ დადგა დრო თავისი ცოდნა სამშობლოსთვის მოეხმარებინა და თბილისისკენ გამოეშურა. თუმცა ამას ოჯახის დანგრევა მოჰყვა. მეუღლემ უცხოეთში დარჩენა არჩია (შვილები არ ჰყავდათ).
ნიკოლოზ კახიანს ჩააბარეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტის ტოპოგრაფიული ანატომიისა და ოპერაციული ქირურგიის კათედრა, რომელიც 1921 წელს ზოგადი ქირურგიის კათედრას შეუერთდა.
სამკურნალო ფაკულტეტის ქირურგიული პათოლოგიის კათედრასა და პროპედევტიკის კლინიკას კოლია კახიანი 1921 წლიდან მოყოლებული სიცოცხლის ბოლომდე განაგებდა. კოლექტივმა მისი თაოსნობით სერიოზული მუშაობა გაშალა. მან თბილისში გააკეთა და შემდეგ საქართველოში დანერგა კუჭის რეზექცია წყლულოვანი დაავადების დროს, ტვინის დანამატის ამოკვეთის, თირკმლის და თირკმლისზედა ჯირკვლის რეზექციის, ტუბერკულოზით დაზიანებული თირკმლის სისხლის ძარღვების გადაკვანძის, თავის ქალის ტრეპანაციის, გულის ჭრილობების გაკერვისა და სხვა ურთულესი ოპერაციები.
იმავდროულად, კითხულობდა ლექციებს ოპერაციულ ქირურგიაში. ქართულ ენაზე გამოსცა ნორმალური ანატომიის მოკლე კურსი, რუსულიდან თარგმნა ტოპოგრაფიული ანატომიის სახელმძღვანელო, თავად დაწერა არაერთი სახელმძღვანელო და სამეცნიერო ნაშრომი, ზრუნავდა ქართული სამედიცინო ტერმინოლოგიის შექმნასა და სრულყოფაზე. ის იყო ერთ-ერთ პირველი ქირურგი, ვინც სტუდენტების ოპერაციაზე დასწრების პრაქტიკა დაამკვიდრა.
საქართველოში კოლია კახიანი ტერეზა მაჭავარიანზე დაქორწინდა. 1922 წელს მათ პირველი ვაჟი, საული შეეძინათ, 1927 წელს კი – ზაზა. 1928 წლის 15 თებერვალს 43 წლის ექიმი ფილტვების ანთებამ გადაიყოლა. 25 წლის ტერეზა (ტეკა) მცირეწლოვანი შვილებით მარტო დარჩა, თუმცა გარდაცვლილი ქმრის სურვილი შეასრულა – სამედიცინო ინსტიტუტი დაამთავრა და მეან-გინეკოლოგი გახდა. იგი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ორსულთა ფსიქოთერაპიის საკითხებზე მუშაობდა. შვილები როკითში მუდამ დაჰყავდა. მან შეაყვარა ბიჭებს მამაპაპისეული სოფელი. ორივემ სამედიცინო განათლება მიიღო და ოჯახის ტრადიცია განაგრძეს.
ნიკოლოზ კახიანი მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონშია დაკრძალული. მას, როგორც ექიმს, ათი წელიც არ გაუტარებია საქართველოში, მაგრამ იმდენად მრავალფეროვანი ქირურგიული პრაქტიკა ჰქონდა და იმდენად მნიშვნელოვანი სამეცნიერო მემკვიდრეობა დატოვა, რომ მისი სახელი სამუდამოდ ჩაიწერა ქართული მედიცინის ისტორიაში. მის შრომებს – ქირურგიული ანატომიის მოკლე სახელმძღვანელოს (1925), ქირურგიული ტუბერკულოზის იოდ-იოდოფორმის ემულსიით მკურნალობას (1926) და სხვ., დღესაც არ დაუკარგავთ აქტუალობა.
კოლია კახიანს გამორჩეულად უყვარდა თავისი მშობლიური სოფელი. ეს გრძნობა მის შვილებსა და შვილიშვილებში გაგრძელდა. აღსანიშნავია, რომ მეცნიერმა დიდი ენერგია შეალია სოფლად მკურნალობის დრომოჭმული მეთოდების ნაცვლად ახალი მეცნიერული მკურნალობის მეთოდების დანერგვას.
ქირურგი ყოველ ზაფხულს ჩადიოდა როკითში, მიჰყავდა თავისი სტუდენტებიც. ქალაქიდან ჩასულ ექიმებთან პაციენტების ნაკადი არ წყდებოდა. ხალხი მიდიოდა ურმებით, ცხენებით, ფეხით. კოლია ოპერაციებს შინ, საოპერაციოდ გადაკეთებულ ოთახში ატარებდა, თუმცა გადაუდებელი შემთხვევის დროს პაციენტის სახლში და ურემზეც კი ჩაუტარებია.
მოგვიანებით კოლიას შვილებმა, საულმა და ზაზამ, როკითის სახლი სახლ-მუზეუმად გადააკეთეს, სადაც უამრავი ფოტომასალაა დაცული. სოფლის შესასვლელში კი ნიკოლოზ კახიანის ძეგლი დგას, რომელიც სოფლის მოსახლეობამ აღმართა მადლიერების ნიშნად.
კომენტარები