ტარიელ საყვარელიძე – ქართველი მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი.
დაიბადა 1923 წლის 20 აპრილს ზესტაფონში.
1941–1946 წლებში ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრის მსახიობი იყო; 1947 წლიდან კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრის მსახიობია. ასრულებდა როგორც დრამატული, ისე სახასიათო როლებს.
მნიშვნელოვანი როლები: მეფე ერეკლე (გოთუას „მეფე ერეკლე“ ), ჭუჭა (ვაჟა-ფშაველას „მოკვეთილი“ ), მანუჩარი (პოლიკარპე კაკაბაძის „კოლმეურნის ქორწინება“ ), დე სილვა და დე სანტოსი (კარლ გუცკოვის „ურიელ აკოსტა“ ), გრაფი შრუზბერი (ფრიდრიხ შილერის „მარიამ სტიუარტი“ ), კლარენსი, კაპულეტი, მაკბეთი (უილიამ შექსპირის „რიჩარდ მესამე“ , „რომეო და ჯულიეტა“ , „მაკბეთი“ ), კრეონი (ევრიპიდეს „მედეა”, სოფოკლეს „ანტიგონე“ ), ნაპოლეონი (სარდუსა და მოროს „მადამ სან-ჟენი“ ). დავანაძე, ქალაქის თავი (ლეო ქიაჩელის „ჰაკი აძბა“ ), დარისპანი (დავით კლდიაშვილის „დარისპანის გასაჭირი”).
საყვარელიძე მხატვრული კითხვის ოსტატიც იყო, მოღვაწეობდა ქართულ ესტრადაზე.
გადაღებულია ფილმებში: “მამლუქი” (ნაპოლეონ ბონაპარტი, 1958), “ამბავი ერთი ქალიშვილისა” (ილია, 1960), “ჩემი მეგობარი ნოდარი” (კლასის ხელმძღვანელი, 1967), “დიდოსტატის მარჯვენა” (1970), “დათა თუთაშხია” (გლეხი, 1978) და სხვ.
ტარიელ საყვარელიძე 1993 წლის 23 აპრილს, 70 წლის ასაკში გარდაიცვალა.
კომენტარები