მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“დაიბადა იმერეთში” – ხათუნა ჭიჭინაძე

“დაიბადა იმერეთში” – ხათუნა ჭიჭინაძე

ხათუნა (ანა) ჭიჭინაძე – ქართველი მსახიობი, რეპრესირებული.

დაიბადა 1901 წლის 14 იანვარს, ქუთაისის მაზრა სოფელ ჭოლევში (წყალტუბოს მუნიციპალიტეტი) შავი ქვის მრეწველ სიმონ ჭიჭინაძის ოჯახში.

1908-1918წწ. სწავლობდა ქალაქ ქუთაისის წმინდა ნინოს სასწავლებელში; 1919 წელს შევიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტზე, პარალელურად გახდა აკაკი ფაღავას სტუდიის მსმენელი, სადაც სამსახიობო ოსტატობის და მეტყველების კურსი ცნობილ მსახიობ ე. სატინას მიჰყავდა, ხოლო სასცენო მოძრაობას ვალენტინა ვენდეროვიჩი ასწავლიდა.

1924 წელს დაამთავრა სტუდიაში სწავლა და ჩაირიცხა რუსთაველის თეატრის დასში; 1928 წელს რეჟისორ კოტე მარჯანიშვილის დასთან ერთად გადავიდა ქუთაისში, სადაც ამოქმედდა “ქუთაის-ბათუმის მეორე სახელმწიფო დრამა”; 1930 წელს მონაწილეობდა მოსკოვსა და ხარკოვში გამართულ გასტროლებში, სადაც მას კრიტიკა საუკეთესო მსახიობად მოიხსენიებდა; გასტროლების შემდეგ, 1930 წლიდან, მარჯანიშვილის თეატრთან ერთად დაბრუნდა თბილისში, სადაც ყოფილ “ზუბალშვილების სახალხო სახლში”, თეატრი “მეორე სახელმწიფო დრამის” სახელით გააგრძელა მუშაობა; მის მიერ განსახიერებული მნიშვნელოვანი როლებია: ხასინტა – ცხვრის წყარო, ოფელია – ჰამლეტი, ხატიჯე – ხატიჯე, დარია, დესპინე – ნინოშვილის გურია, კომისარი – ესკადრის დაღუპვა, ლუიზა – ვერაგობა და სიყვარული, გულთამზე – ყვარყვარე თუთაბერი, ელენე ჩერედა – ანათეთ ვარსკვლავებო და სხვ. 1935-1937წწ. მუშაობდა რადიოკომიტეტში და “საქფილექტში” (ფილარმონია).

“ყოველი სცენური სახე მის მიერ შექმნილი, იყო როგორც ვარსკვლავი, რომლის შუქი თვალს არ სჭრიდა, მაგრამ გულს სწვდებოდა… თბილი და მიმზიდველი იყო, ქალური სინაზით აღსავსე, საოცრად გრაციოზული და პლასტიკური”, – წერდა ვერიკო ანჯაფარიძე.

ხათუნა ჭიჭინაძე დააპატიმრეს 1937 წლის 2 ივლისს, #646 ორდერით, საკუთარ ბინაში მარტის (ამჟამინდელი ნიკოლაძის) ქუჩა #7-ში.

1992 წელს გამოქვეყნებულ, რეპრესირებულ თეატრალურ მოღვაწეებისადმი მიძღვნილ (ავტორი ვასილ კიკნაძე) წიგნში “წამებული რაინდები“ მოყვანილია ამონარიდები ხათუნა ჭიჭინაძის სისხლის სამართლის საქმიდან, საიდანაც ირკვევა, რომ „ხანგრძლივი და შეუპოვარი წინააღმდეგობის შემდეგ“, როგორც ეს დაკითხვის ოქმშია დაფიქსირებული, დაპატიმრებიდან ექვსი თვის შემდეგ ხათუნა ჭიჭინაძემ აღიარა წაყენებული ბრალდებები. ბრალდების თანახმად იგი, ქმრის – „ხალხის მტრის“, გიორგი ყურულაშვილის დავალებით, ტერორისტული აქტის მომზადებაში მონაწილეობდა ლავრენტი ბერიას წინააღმდეგ. ტერორისტთა ჯგუფში დასახელებული იყვნენ ვერიკო ანჯაფარიძე, სესილია თაყაიშვილი, თამარ ჭავჭავაძე, აკაკი კვანტალიანი, თამარ ვახვახიშვილი და სხვა მსახიობები. ტერაქტი ბერიაზე, მარჯანიშვილის თეატრში სპექტაკლისას უნდა მოეწყოთ.

ბრალდებაში ფიგურირებს გიორგი ყურულაშვილის სხვა „დანაშაულებებიც“ – იგი გადის დრამატურგ სერგო ამაღლობელის (დახვრიტეს 1938 წლის 9 თებერვალს) საქმეში, როგორც მოსკოვის ქართული ნაციონალისტური ცენტრის ერთ-ერთი შემქმნელი და კოორდინატორი. ბრალდების მტკიცებით გიორგი ყურულაშვილმა 1935 წელს, ბაქოში სანდრო ახმეტელს, გასტროლებისას დაავალა ანტისაბჭოთა მუშაობის წარმოება. ხათუნა ჭიჭინაძის საბრალდებო დასკვნაში ასევე აღნიშნულია, რომ გიორგი ყურულაშვილმა მას უთხრა: “საქართველო უნდა იყოს დამოუკიდებელი ბურჟუაზიულ-დემოკრატიული რესპუბლიკა. დამოუკიდებლობის გარეშე ვერ იქნება ბედნიერი საქართველო“.

1938 წლის 3 მარტს, საქართველოს სსრ შინსახკომთან არსებულმა განსაკუთრებულმა სამეულმა, განიხილა შინსახკომის სახელმწიფო უშიშროების სამმართველოს მე-4 განყოფილების სამძებრო საქმე #9422 ბრალდებულ ხათუნა სიმონის ასულ ჭიჭინაძეზე, (მომხსენებელი ღარიბოვი). დასკვნაში ნათქვამია:

“ძიების მასალებით იმხილება, რომ იყო რა საქართველოს მემარჯვენეთა კონტრრევოლუციური ცენტრის ერთ-ერთი ხელმძღვანელის – ყურულოვის ცოლი, ამ უკანასკნელის დავალებით ამზადებდა მებრძოლ ტერორისტულ ჯგუფს ტერაქტის განსახორციელებლად საქ კპ(ბ) მდივან ამხ. ბერიას წინააღმდეგ. თავი დამნაშავედ ცნო”.

სამეულის განაჩენი დახვრეტა იყო, რომელიც დაუყოვნებლივ მოჰყავდათ სისრულეში.

დახვრეტა მიუსაჯეს 1938 წლის 3 მარტს; სასჯელი სისრულეში მოიყვანეს მეორე დღეს, 4 მარტს.

1956 წლის 18 ივლისს, ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სამხედრო ტრიბუნალმა, შინსახკომთან არსებული სამეულის 1938 წლის 3 მარტის განაჩენი შეცვალა, საქმე შეწყვიტა და ხათუნა სიმონის ასული ჭიჭინაძის რეაბილიტირების გადაწყვეტილება მიიღო.

 

 

 

კომენტარები