მთავარიახალი ამბებისლაიდი

დატბორილი სახლები და მიწის ფართობები, დაზიანებული გზები, წაქცეული ხეები – სტიქიის შედეგები იმერეთში

დატბორილი სახლები და მიწის ფართობები, დაზიანებული გზები, წაქცეული ხეები – სტიქიის შედეგები იმერეთში

უხვმა ნალექმა და წყალმოვარდნებმა პრობლემები შექმნა იმერეთის მუნიციპალიტეტებში. ძლიერი წვიმებისგან წარმოქმილმა წყალდიდობამ ქუთაისის, წყალტუბოს, ხონისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტები დააზარალა.

წყალმოვარდნების შედეგად აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში დაიტბორა ქუჩები, წყალმა შეაღწია საცხოვრებელი სახლების პირველ სართულებზეც, ასევე დაიტბორა სახნავ-სათესი ფართობები.

ქუთაისში, მოსული უხვი ნალექის შედეგად დაიტბორა რამდენიმე ქუჩა.

ძლიერი წვიმის შედეგად ტყიბულის შემოსასვლელში დაიტბორა ცენტრალური ქუჩა, ასევე ეზოები და სარდაფები, ხოლო სოფელ ჭყეპში, ტყიბული-ორპირის საავტომობილო გზის მონაკვეთზე ხე წაიქცა, რამაც მოძრაობის შეფერხება გამოიწვია.

ღამით მოსული ძლიერი ნალექის გამო, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფლებში და ასევე ქალაქის ტერიტორიაზე დაიტბორა როგორც ცენტრალური, ასევე შიდა გზები და ადგილობრივი მოსახლეობის სახლებისა და საკარმიდამო ნაკვეთების ნაწილი.

უხვი ნალექის შედეგად სოფელ ცხუნკურში, დღნორისის, რიონის და ოფურჩხეთის ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალ სოფლებში დაზიანდა გზები.

ასევე, წვიმამ გამოიწვია ეგრეთწოდებული “ვაზნარის ღელის’’ ადიდება, დაიტბორა სოფელი ხომულის ნაწილი, ჭავჭავაძისა და ერისთავის ქუჩები, მოსახლობის საკარმიდამო ნაკვეთებში წყალი შევიდა.

ხონში, სოფელ გორდში საგზაო ინფრასტრუქტურა დააზიანა, კონკრეტულად შიდა საუბნო გზები, ასევე ქალაქის ტერიტორიაზე სანიაღვრე არხები არის დაზიანებული. სოფლებში: მათხოჯსა და ძეძილეთში რამდენიმე საკარმიდამო დაიტბორა.

ოთხივე მუნიციპალიტეტში შეიქმნა ზარალის დამთვლელი კომისია, რომელმაც შესაბამისი ღონისძიებების გატარება დილიდან დაიწყო.

კომენტარები