მზია ამაღლობელის უკანონო პატიმრობიდან 100 დღე გავიდა, ამასთან დაკავშირებით მედიის ადვოკატირების კოალიცია სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.
“დღეს ასი დღე შესრულდა, რაც მზია ამაღლობელი რეჟიმის ტყვეობაში იმყოფება.
მზია ამაღლობელის საქმეში “დაზარალებულ” პოლიციელებს მხარდამჭერად ცრუ მოწმეები და გაყალბებული ვიდეომასალა მოჰყავთ. მზია ამაღლობელის წინააღმდეგ მიმართულია სახელმწიფო პროპაგანდა, რომელიც ცრუ ინფორმაციის გავრცელებით ცდილობს, საზოგადოებას დაუკარგოს რწმენა საერთო კეთილდღეობისა და სამართლიანობისთვის ბრძოლის მნიშვნელობის მიმართ.
საზოგადოება იდგება სიმართლის მხარეს, ისევე, როგორც მზია ამაღლობელი, რომელმაც, როგორც ჟურნალისტმა, სიმართლის ძიება და მისი გახმოვანება პროფესიად და ცხოვრების წესად აირჩია”, – აღნიშნულია განცხადებაში.
მზია ამაღლობელი ჯერ ადმინისტრაციული წესით დააკავეს 11 იანვარს, შემდეგ კი გამოუშვეს და რამდენიმე საათში, – უკვე 12 იანვარს, ხელახლა დააკავეს, ამჯერად სისხლის სამართლის წესით, პოლიციელისთვის სილის გაწვნის გამო, რაც იურისტების შეფასებით, საქმის გარემოებებთან შეუთავსებელია და მხოლოდ პოლიტიკურ მოტივზე მიანიშნებს.
პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტი დაკავებიდან 38 დღის განმავლობაში შიმშილობდა. შიმშილობის 24-ე დღეს იგი კლინიკაში გადაიყვანეს და ციხეში მხოლოდ შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ დააბრუნეს.
კომენტარები