მთავარიახალი ამბებიპოლიტიკა

ელენე ხოშტარიას წვრილმან ხულიგნობას და პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან

ელენე ხოშტარიას წვრილმან ხულიგნობას და პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან

თბილისში, პროევროპულ აქციაზე დაკავებული ელენე ხოშტარია წინასწარი მოთავსების იზოლატორში ადვოკატმა მოინახულა.

უფლებადამცველის თქმით, “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთ ლიდერს, წვრილმან ხულიგნობას და პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან.

“სასამართლოს შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს. ის შეიძლება ნებისმიერ მომენტში გადაიყვანონ, ან 48 საათი დააყოვნონ და შემდგომ გაიმართოს სასამართლო სხდომა. ამ ეტაპზე ვიცით, რომ 166-ე მუხლი, ეს პირველი ე.წ. პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობა. თვითონ თავს, რა თქმა უნდა, არ ფიქრობს და არ გრძნობს, რომ რაიმე სამართალდარღვევა ჩაიდინა და მხნედ არის, დანარჩენი უკვე სასამართლოზე გაირკვევა რას ედავება სახელმწიფო. ამ ეტაპზე ეს ინფორმაცია გვაქვს”, – აცხადებს თეონა ზაქარაშვილი.

ელენე ხოშტარია 28 მარტს პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე დააკავეს.

ხოშტარია განყოფილებაში პოლიციის მიერ მის მიმართ ძალადობაზე წერს.

“ყოველთვის ვერიდები ჩემი პირადი ემოციების ან შემთხვევების საზოგადოებისთვის თავს მოხვევას. განსაკუთრებით, როდესაც უამრავი ახალგაზრდაა რეჟიმის და წამების მსხვერპლი.

ამასთანავე, ამჯერად გადავწყვიტე, გაგიზიაროთ, ჩემი დაკავების დროს ჩადენილი დანაშაული მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ზუსტად ვიცი, მე თუ ასე მომექცნენ, უამრავ ადამიანს კიდევ უფრო უარესად შეიძლება მოეპყრონ. ეს არც სიახლეა და არც გასაკვირი, თუმცა, ასეთ შემთხვევებში, საჯაროდ საუბარი სოლიდარობა და ერთმანეთის დაცვა არის ბრძოლის იარაღი.

მოკლედ, დაკავების შემდეგ, პოლიციის განყოფილებაში (რამიშვილზე „შუშებიანში“), პოლიციელებმა ნინო ჩხარტიშვილმა და დავით ბოლოთაშვილმა, მას შემდეგ, რაც თანამშრომლობაზე ვუთხარი უარი, ზურგისკენ ხელები ბორკილებით მჭიდროდ შემიკრეს. შემდეგ ნინო ჩხარტიშვილმა და დავით ბოლოთაშვილმა ყბებზე და კბილებზე მომაყენეს დაზიანება. არ შეგარცხვინეთ მეგობრებო, “ოლე, ოლას“ სიმღერით მაგრად ვაწვალე და ვერც ვერაფერი დამაკლეს.

კიდევ უფრო შეურაცხმყოფელი ეპიზოდი მოხდა დიღომში, დროებითი მოთავსების იზოლატორში, სადაც ასევე ჩემი ნების საწინააღმდეგოდ პოლიციიდან გამოძახებული ბრიგადის მეშვეობით, ისევ უკან შემიკრეს ხელები. ორ პოლიციელს ვეჭირე (ნინო ჩხარტიშვილს, სალომე ლაშხიას და კიდევ ერთს) მეჭიდავებოდნენ და სრულად გამაშიშვლეს. ეს ძალადობრივი გაშიშვლების პრაქტიკა არის ადამიანის ღირსების შელახვისა და მათზე ფიზიკური ძალადობის უღირსი რუსული საძაგელი მეთოდი.

აქაც მაგრად ვაწვალე, მაგრამ წარმოვიდგინე ყველა ის დაუცველი და გამოუცდელი ადამიანი, ვინც ამათ ხელში ვარდება. ზოგს ამაზე საუბრის ეშინია, ზოგს რცხვენია. ცხადია, სენსიტიურია ამ დეტალებზე საუბარი. თუმცა, აუცილებელია ვისაუბროთ, ბოლომდე მივყვეთ, დავსაჯოთ და აღმოვფხვრათ ადამიანის მიმართ ასეთი მოპყრობა.

კიდევ ერთხელ ბოდიშს ვიხდი, რომ ამდენი პრობლემის ფონზე, ჩემს თავზე გესაუბრებით, მაგრამ ჩავთვალე, რომ საქმეს ასე სჭირდება და ჩემს პირად დისკომფორტს გადავაბიჯე.

კარგად ვარ, მე რა მიჭირს, რამდენი უდანაშაულო ადამიანია გამომწყვდეული ციხეში თვეებია.

მადლობა მხარდაჭერისთვის!” – წერს ხოშტარია.

კომენტარები