მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისში თავის არეში საფანტის 22 ტყვიით დაჭრილი პაციენტი ექიმებმა გადაარჩინეს 

ქუთაისში თავის არეში საფანტის 22 ტყვიით დაჭრილი პაციენტი ექიმებმა გადაარჩინეს 

ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალში ურთულესი დიაგნოზით ახალგაზრდა ქალი შეიყვანეს. მას ცეცხლსასროლი ჭრილობები თავის არეში ჰქონდა მიყენებული. საერთო ჯამში ქალს საფანტის 22 ტყვია ჰქონდა მოხვედრილი.

ახალგაზრდა ქალი კლინიკაში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა, უგონო მდგომარეობაში რამდენიმე კვირის წინ შეიყვანა, მას სიცოცხლისთვის შეუთავსებელი მონაცემები ჰქონდა.

“ინფო იმერეთს” ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და ფაქტობრივად სიკვდილზე გამარჯვებაზე, სამედიცინო დაწესებულების, ნეირომეცნიერებათა დეპარტამენტის მიმართულების ხელმძღვანელი უჩა ბობოხიძე ესაუბრა.

– ბატონო უჩა, როგორი იყო პაციენტის მდგომარეობა შემოსვლისას?

– პაციენტი კლინიკაში შემოყვანილ იქნა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის  მიერ უგონო მდგომარეობაში, სიცოცხლისთვის დამახასიათებელი კრიტიკული მონაცემებით. შემოსვლისას აღენიშნებოდა მრავლობითი შემავალი ცეცხლნასროლი ჭრილობები თავის არეში — თვალბუდის, შუბლის, საფეთქლისა და კეფის მიდამოებში.

ნეირორადიოლოგიური კვლევის შედეგად დაფიქსირდა მეტალის სიმკვრივის მქონე დაახლოებით 22 უცხო სხეული (საფანტის ტყვია), რომელიც  ლოკალიზებული იყო როგორც თავის ტვინის ნივთიერებაში, ასევე ქალას ძვლოვან სტრუქტურებში, რაც უდიდეს საფრთხეს უქმნიდა პაციენტის სიცოცხლეს.

– როგორი იყო პაციენტის მართვის პირველი ნაბიჯები?

– პაციენტის მდგომარეობა იმდენად კრიტიკული იყო, დროში ერთი წუთის დაკარგვაც კი დაუშვებლად მიგვაჩნდა. პირველივე წუთებიდან მუშაობა დაიწყო მრავალპროფილურმა გუნდმა, რომელიც შედგებოდა – გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტის, ნეირორადიოლოგის, ნეიროქირურგის, ოფთალმოლოგის, ნეიროანესთეზიოლოგის და ნეირორეანიმატოლოგისაგან. პაციენტს ჩაუტარდა გადაუდებელი ოპერაციული მკურნალობა, რომლის მიზანი იყო პაციენტის სიცოცხლის შენარჩუნება და მეორადი დაზიანების პრევენცია, რაც გულისხმობდა ინტრაკრანიალური წნევის ნორმალიზებას, ნეკროზული და უცხო სხეულების შემცველი ქსოვილების მოშორებას, ჰემატომის და დაზიანებული თავის ტვინის ქსოვილების ევაკუაციას, ნეიროინფექციური გართულებების რისკის მინიმალიზაციას.

– რა სირთულეები ახლდა ოპერაციას?

– საფანტის ტყვიით გამოწვეული ტრავმის ქირურგიული მართვა საგრძნობ სირთულესთან არის დაკავშირებული, რაც განპირობებულია ჭრილობის მრავალფრაგმენტული  ხასიათით, ტვინის ღრმა და სასიცოცხლო სტრუქტურებზე პოტენციური დაზიანებით, დიფუზური ჰემორაგიით, ინფექციური გართულებების მაღალი რისკით, ინტრაკრანიალური ჰიპერტენზიის სწრაფი განვითარებით და ჰემოდინამიური არასტაბილურობით, უცხო სხეულის მრავალრიცხოვანება და მათი სრული ევაკუაციის შეუძლებლობა წარმოადგენს დამატებით ოპერაციულ გამოწვევას. ზოგი მათგანი განლაგებული იყო თვალბუდის მიმდებარედ, ზოგი – თავის ტვინის ღრმა სტრუქტურებში. მათი გამოყოფა და ამოღება საჭიროებდა მიკროქირურგიულ ჩარევას დიდი სიზუსტით. ამ დროს კი პარალელურად გრძელდებოდა ბრძოლა ქალაშიდა წნევის მართვაზე, სისხლდენის შეჩერებასა და სიცოცხლის შენარჩუნებაზე. ინტრაოპერაციული მიმდინარეობის დროს დიდი როლი შეასრულა ნეიროანესთეზიოლოგიურმა გუნდმა, მათ შეძლეს სტაბილური სასიცოცხლო პარამეტრების შენარჩუნება ურთულეს ოპერაციულ პროცესში.

– როგორ გაგრძელდა პაციენტის ოპერაციის შემდგომი მკურნალობა?

– ოპერაციის შემდეგ პაციენტი დაუყოვნებლივ მოთავსდა ნეირორეანიმაციულ განყოფილებაში. ნეირორეანიმაციის როლი ოპერაციის შემდგომ პერიოდში კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო სისხლდენის სტაბილიზაციის, ინტრაკრანიალური წნევის კონტროლის, თავის ტვინის პერფუზიის ოპტიმიზაციისა და მეორადი დაზიანების პრევენციისთვის. ინტენსიური მონიტორინგი, ჩარევის დროული კორეგირება და ნეიროპროტექციული სტრატეგიებს დანერგვა უზრუნველყოფდა ნევროლოგიური ფუნქციების მაქსიმალურ შენარჩუნებას და რეაბილიტაციის წინაპირობის შექმნას. გუნდური მუშაობით მოვახერხეთ არა მხოლოდ სიცოცხლის შენარჩუნება, არამედ გონებრივი და ნეირომოტორული ფუნქციების აღდგენა.

– იყო თუ არა საბოლოო შედეგი ისეთი, როგორსაც იმედოვნებდით?

– სიმართლე რომ გითხრათ, ამპლიტუდა თავიდან იყო: “ცხოვრება ან სიკვდილი”, მაგრამ საბოლოოდ პაციენტი გაეწერა კლინიკიდან დამაკმაყოფილებელი ზოგადი მდგომარეობით, ნევროლოგიური დეფიციტის გარეშე, რაც უიშვიათესი შედეგია ამ ტიპის ტრავმების შემთხვევაში. მოგვიანებით, მეორე ეტაპად  ჩაუტარდა ქალას დაზიანებული ძვლის აღდგენა 3D პრინტერით შექმნილი ტიტანის ფირფიტის გამოყენებით, ამ მეთოდით ჩატარებული ქალასარქვლის ძვლის პლასტიკა ზუსტად ემთხვევა პაციენტის თავის ფორმას, არის მტკიცე, ბიოშეწყობადი და ამცირებს გართულებების რისკს. ის იცავს ტვინს, აღადგენს ესთეტიკას და უზრუნველყოფს უკეთეს გამოჯანმრთელებას.“ ეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი იყო მის სრულფასოვან რეაბილიტაციაში.

– როგორ შეაფასებთ ამ შემთხვევას პროფესიული კუთხით?

– ეს იყო კლასიკური მაგალითი იმისა, როგორ მუშაობს ერთიანი, პროფესიონალურად მომზადებული და მაღალი პასუხისმგებლობის მქონე გუნდი. პაციენტის გადარჩენა არ არის ერთი ადამიანის დამსახურება — ეს არის ნეიროქირურგების, ნეირორეანიმატოლოგების, ოფთალმოლოგების, ანესთეზიოლოგების და საშუალო მედპერსონალის ერთობლივი ძალისხმევა. ყოველი მათგანის ჩარევამ შექმნა ერთობლივი წარმატება, რაც ჩვენი გუნდის ერთგვარი ნიშაა. მსგავსი შემთხვევები გვახსენებს, რომ მედიცინა მხოლოდ ცოდნა არ არის – ეს არის ადამიანების გადარჩენის ხელოვნება გუნდური მუშაობით.

“ინფო იმერეთი” ასევე პაციენტსაც ესაუბრა, რომელიც ჰყვება როგორ ახსენდება კლინიკაში გატარებული დღეები:

“დავიწყებ მადლობით – თუმცა ვიცი, რომ მადლობა არასდროს იქნება საკმარისი. მთელი ცხოვრება, რომ მადლობა ვიხადო, მაინც ვერ გადმოვცემ იმას, რაც ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალში მომუშავე ექიმებმა, ექთნებმა და სანიტრებმა ჩემთვის გააკეთეს.

რამდენიმე თვის წინ სანადირო თოფიდან თავში გამიზნულად მესროლეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა რეფერალურ ჰოსპიტალში გადამიყვანა უგონო მდგომარეობაში, პრაქტიკულად 100%-იანი სასიკვდილო დაზიანებებით. მდგომარეობა იმდენად უმძიმესი იყო, რომ გადარჩენის იმედი არავის ჰქონდა და მაინც, არც ერთი წამით არ დაუკარგავთ რწმენა იმ ადამიანებს, ვინც სიცოცხლის ხაზზე დამაბრუნა.

ჩამიტარდა ურთულესი და ხანგრძლივი ოპერაცია. მადლობა ნეიროქირურგებს, ნეირორეანიმატოლოგებს, ნეიროანესთეზიოლოგებს. სამწუხაროდ, ყველა ექიმის სახელი და გვარი არ  მახსოვს, მაგრამ თითოეული მათგანის მადლი და ხელის შეხება მახსოვს – სიცოცხლის სახით.

არა მხოლოდ გადავრჩი, არამედ დაუბრუნდი სოციუმს საღად მოაზროვნე გონებით. რეანიმაციიდან დამოუკიდებლად გავედი. ეს იმ მდგომარეობიდან, საიდანაც გასვლა პრაქტიკულად წარმოუდგენელი იყო.
გულწრფელად გეუბნებით – ეს გუნდი სასწაულებს ახდენს. მადლობა ღმერთს, რომ თქვენს ხელში მოვხვდი, როცა ეს ყველაზე მეტად მჭირდებოდა”.

კომენტარები