მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ვარციხე – სოფელი ბაღდათის მუნიციპალიტეტში

ვარციხე – სოფელი ბაღდათის მუნიციპალიტეტში

ვარციხე (ვარდციხე) – სოფელი საქართველოში, იმერეთის მხარის ბაღდათის მუნიციპალიტეტში.

სოფელი მდებარეობს იმერეთის დაბლობზე, მდინარე ხანისწყლის და რიონის შესაყართან. ზღვის დონიდან 80 მეტრი, ბაღდათიდან 17 კილომეტრი.

ახლანდელი სოფლის ადგილზე ადრინდელ შუა საუკუნეებში მდებარეობდა ეგრისის სამეფოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი (ბერძნულ წყაროებში როდოპოლისი, ქართულ წყაროებში ვარციხე, ვარდციხე). პირველად მოიხსენიება VI საუკუნის ბიზანტიურ წყაროებში. ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობის გამო ვარციხეს დიდი სტრატეგიული და ეკონომიკური მნიშვნელობა ჰქონდა. აქ გადიოდა მნიშვნელოვანი საერთაშორისო სავაჭრო გზა. VI საუკუნის შუა წლებში ეგრისის დიდი ომის დროს ქალაქი ხელიდან ხელში გადადიოდა. პირველად ირანელების თავდასხმის წინ ქალაქის კედელი მოარღვიეს, რათა მტერს შემდგომში ახალ დაპყრობათა პლაცდარმად არ ექცია. IX-XI საუკუნეებში ქალაქმა აღმავლობა განიცადა.

გვიანდელ შუა საუკუნეებში ვარციხე იმერეთის მეფეთა საზაფხულო რეზიდენცია იყო. ისინი იქვე მდებარე აჯამეთის ტყეში ნადირობით ერთობოდნენ. XIX საუკუნეში ვარციხე უკვე სოფლად იყო ქცეული. ციხესიმაგრეები, კოშკები და სხვა ნაგებობები ვარციხეში რუსებმა დაანგრიეს. გადარჩა მხოლოდ ეკლესია. მოჰყავდათ სიმინდი, თამბაქო და ბამბა, მისდევდნენ მევენახეობას.

სოფლის ტერიტორიაზე მდებარეობს აჯამეთის აღკვეთილის ერთ-ერთი მასივი, ვარციხის მასივი, რომლის ფართობია 1106 ჰა. მდინარე რიონზე სოფლის მახლობლად აგებულია ვარციხეჰესი. სოფელში არსებული კიდევ ერთი საინჟინრო ნაგებობაა აჯამეთის არხი, რომლის მეორე ბოლო ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა საქარაშია.

კომენტარები