ვინ იქნება ქუთაისის მერი?! ამ კითხვას პოლიტიკურ კულუარებში ბევრი სვამს, თუმცა პასუხი ჯერჯერობით არ არის.
ამ დროისთვის მერის მოადგილის ერთი პოზიცია ვაკანტურია, შესაბამისად რამდენიმე წყარო “ინფო იმერეთს” უყვება, რომ ქუთაისის მომავალი მერი ის იქნება, ვისაც უახლოეს მომავალში მერის მოადგილედ დანიშნავენ.
“მერის მოადგილე მამუკა ხიმშიაშვილი გუბერნატორის პირველ მოადგილედ გადაიყვანეს, შესაბამისად მერის მოადგილის თანამდებობა ვაკანტურია. ახლა გუნდი ვისაც დაუნიშნავს ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელს დავით ერემეიშვილს მოადგილედ, სწორედ მას დაასახელებს “ქართული ოცნება” ოქტომბრის არჩევნებზე მერობის კანდიდატად. მერობა ყველას უნდა, დათო ერემეიშვილსაც, ასევე ირაკლი შენგელიასაც, დიტო მხეიძესაც, გრიგოლ დალაქიშვილსაც, “ქართული ოცნების” რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეს გია ბასილაძესაც. შენგელია თითქოს მისაღებია ბევრისთვის, ხალხთანაც აქვს კონტაქტი.
ასევე საუბარია ერთ-ერთ ბანკში მომუშავე პირზეც. სხვათა შორის გიორგი ჭიღვარიასაც უნდა დაბრუნება. არ ვიცით ვის შემოგვთავაზებენ, შეიძლება საერთოდ თბილისში მყოფი ქუთაისელი გამოაგზავნონ ვინმე, ვინც წარმატებულია თბილისში, სადმე რომელიმე სამინისტროში მუშაობს და ფესვები ქუთაისიდან ჰქონდეს. გია ბასილაძე ჩახსნილია, ეგ გრიგოლ ლილუაშვილის კადრი იყო, მას “ქართული ოცნების” თავმჯდომარედაც აღარ აირჩევენ, როცა პარტიული კონფერენციები იქნება”, – განუცხადა ინფორმირებულმა წყარომ “ინფო იმერეთს”.
საქართველოში ადგილობრივი არჩევნები 4 ოქტომბერს ჩატარდება. ოპოზიციის ნაწილი აცხადებს, რომ არჩევნებს ბოიკოტს გამოუცხადებს.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისში 2021 წლის არჩევნებზე “ქართულმა ოცნებამ” პირველ ტურში ვერ მოიგო და მეორე ტურის ჩატარება გახდა საჭირო.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ქუთაისში, არჩევნების მეორე ტურში 51,643% “ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა იოსებ ხახალეიშვილმა მოიპოვა. “ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ხატია დეკანოიძე მას 3%-ით ჩამორჩა და ოპოზიციის კანდიდატს ამომრჩეველთა 48,357%-მა დაუჭირა მხარი.
კომენტარები