ზედა ვანი – სოფელი საქართველოში, იმერეთის მხარის ვანის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფელი: ტყელვანი). მდებარეობს მდინარე ჭიშურის (რიონის აუზი) ორივე ნაპირზე. ზღვის დონიდან 160 მეტრი, ვანიდან 2,5 კილომეტრი.
სოფელში დგას XII-XIII საუკუნეების მთავარანგელოზის ეკლესია და სამრეკლო. კარგად გათლილ, ქვით ნაგებ ეკლესიას ჩრდილოეთით და სამხრეთით ნართექსები აქვს, დასავლეთ – ეგვტერი, კარისა და ფანჯრის საპირეები მოჩუქურთმებულია. ეგვტერისა და ნართექსების კედლებზე შემორჩენილია მხატვრობის ფრაგმენტები. პირველი ფენა XII-XIII საუკუნეებს მიეკუთვნება, მეორე – XVII საუკუნისს უგვიანესი არ უნდა იყოს. ქვის ფილების (ლორფინების) სახურავი ჩამოქცეულია. ქვით ნაგები ექვსწახნაგა სამრეკლო XIX ს. მიეკუთვნება. I სართული გადახურულია შეკრული კამარით, II სართული გახსნილია, III სართული კი თაღებით დაკავშირებული სვეტებისაგან შედგება და კონუსისებრი სახურავი აქვს.
სოფლის ტერიტორიაზე შემორჩენილია შუა საუკუნეების ციხის ნანგრევები, მთავარანგელოზის ეკლესიიდან ორ კილომეტრში. „ნაციხვარიდან“ ჩრდილოეთით ნახევარი კილომეტრის დაშორებით, შემორჩენილია ეკლესიის ნანგრევები, რომელთაც „კელენჯვარს“ ან სოსელიების ეკლესიას უწოდებენ.
კომენტარები