მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

თბილისში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე გელათის რეაბილიტაციის დროებითმა კომიტეტმა ანგარიში წარადგინა

თბილისში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე გელათის რეაბილიტაციის დროებითმა კომიტეტმა ანგარიში წარადგინა

გელათის რეაბილიტაციის დროებითმა კომიტეტმა თბილისში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე 2023-2025 წლების საქმიანობის ანგარიში წარადგინა.

კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, ორწლიანი ანგარიში მოიცავს გელათის მონასტრის მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის განახლებული მართვის გეგმის პროექტს, გელათის ღმრთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის დროებითი გადახურვისა და ხარაჩოს მოწყობის საკითხებს და კათედრალის სტრუქტურულ კვლევას და მონიტორინგს, გელათის მონასტრის ტერიტორიის გეოლოგიის, სამონასტრო კომპლექსის არქიტექტურის კონსერვაციის, გელათის ღმრთისმშობლის ტაძრის შობის სახელობის ტაძრის კედლის მხატვრობის და მოზაიკის საკითხებს, გელათის მონასტრის გენერალურ გეგმას.

კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ გელათის რეაბილიტაციის დროებითმა კომიტეტმა მეუფე შიოს ხელმძღვანელობით, მამა კირიონის, დავით ლორთქიფანიძის და საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოების ჩართულობით, ფასდაუდებელი სამუშაო ჩაატარა.

მან მადლობა გადაუხადა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს, საქართველოს მთავრობას, საპატრიარქოს და პირადად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ასევე, გელათის რეაბილიტაციის პროცესში ჩართულ მხარეებს.

“იუნესკოს ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის გადაწყვეტილების პროექტი, რაც ივლისში იქნება განხილული. დოკუმენტში, გელათის მონასტრის კონსერვაციის მდგომარეობის შესახებ, აღნიშნულია საქართველოს მთავრობის ძალისხმევა ძეგლის კონსერვაცია-რეაბილიტაციის სამუშაოების მიმართულებით სრულად იხელმძღვანელოს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის საკონსულტაციო მისიის რეკომენდაციებით. მინდა ამისთვის განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო საქართველოს საპატრიარქოს, როგორც ძეგლის მეპატრონეს. სირთულე ბევრი იყო. ახლა ვხედავთ, რომ მხარეთა კარგი თანამშრომლობა ქმნის სრულიად ახალ გამოცდილებას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კუთხით. ჩვენი საქმიანობა დიდწილად ძეგლებისა და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებაზე მოდის. ეს არის ჩვენი იდენტობის, კულტურის განმსაზღვრელი. ჩემთვის, როგორც კულტურის მინისტრისთვის, მნიშვნელოვანია, რომ გელათის სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაციის მოდელი დავნერგოთ სხვა ძეგლებთან მიმართებაშიც.

ვიმედოვნებ, რომ ერთად ვნახავთ აღდგენილ გელათს. ეს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კუთხით ახალი სიტყვა იქნება და მსოფლიოს უნდა ვუთხრათ – ჩვენ უდიდესი მემკვიდრეობით მოვდივართ, ქრისტიანობაზე დაფუძნებული უძველესი ევროპული კულტურა ვართ“, – განაცხადა თინათინ რუხაძემ.

კომენტარები