მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“თუ არ გამოუშვებენ, ვაპირებთ, ისევ დავიწყოთ უვადო შიმშილობა” – ჭიათურელი მაღაროელები მასობრივი შიმშილობის დაწყებას აანონსებენ

“თუ არ გამოუშვებენ, ვაპირებთ, ისევ დავიწყოთ უვადო შიმშილობა” – ჭიათურელი მაღაროელები მასობრივი შიმშილობის დაწყებას აანონსებენ

ჭიათურელი მაღაროელები დაკავებული თანამებრძოლების გათავისუფლების მოთხოვნით 19 ივნისიდან მასობრივი შიმშილობის დაწყებას აანონსებენ.

მაღაროელი ტარიელ მიქაცაძის განცხადებით, ჰპირდებოდნენ, რომ დაკავებულებს გაათავისუფლებდნენ, თუმცა ყველამ მოატყუა.

“ყველა გვაძლევდა პირობას, რომ ბიჭები გამოვიდოდნენ ციხიდან არაუგვიანეს 19 ივნისისა და იქნებოდნენ ჩვენ გვერდით. ამის სანაცვლოდ უნდა შეგვეწყვიტა შიმშილობა და 25 დღის მოშიმშილე ადამიანებმა შეწყვიტეს შიმშილობა. ამას გარდა, არ უნდა შეგვეშალა ხელი მუშა პროცესისთვის. ეს იყო მოთხოვნა ერთი მხრიდან და დაპირება, რომ ბიჭები გამოვიდოდნენ ამის სანაცვლოდ.

19 ივნისი იქნება სიმბოლური თარიღი, რადგან სწორედ ამ დღეს უნდა გამოეშვათ ჩვენი თანამებრძოლები გირაოთი ან სხვა დათქმებით და ახლაც არის შანსი, თუ იქნება კეთილი ნება, მთელი ბერკეტები მათ ხელშია. თუ არ გამოუშვებენ, ჩვენ ვაპირებთ, რომ ისევ დავსხდეთ და დავიწყოთ უვადო შიმშილობა. ეს მოხდება 19 ივნისიდან და ვისაც აქვს სურვილი, რომ გამოგვყვეს ამ ბრძოლაში, ეს შიმშილობა არც დროში და არც ხალხის რაოდენობაში არ იქნება შეზღუდული. ეს არ ყოფილა ერთ დღეში გადაწყვეტილი. ბევრი ვისაუბრეთ ამასთან დაკავშირებით, ბევრი ვიკამათეთ და ყველამ ერთად მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. შეიძლება ყველამ ვერ შეძლოს შიმშილობა ჯანმრთელობის ან ოჯახური  მდგომარეობიდან გამომდინარე, თუმცა შეუძლია ჩვენი სოლიდარობა, აქ მოსვლა, მხარდაჭერა და დახმარება. ჩვენ გვჭირდება ყველას მხარდაჭერა”, – განაცხადა მაღაროელმა ტარიელ მიქაცაძემ.

12 ივნისს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნიკოლოზ მარგველაშვილმა დაკავებულ 4 მაღაროელს – მერაბ სარალიძეს, არჩილ ჭუმბურიძეს, გიორგი ნეფარიძეს და თენგიზ გველესიანს აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გირაოთი არ შეუცვალა და პატიმრობაში დატოვა. სისხლის სამართლის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 17 ივლისს ჩატარდება.

მერაბ სარალიძე, გიორგი ნეფარიძე, აჩიკო ჭუმბურიძე და თენგო გველესიანი სისხლის სამართლის წესით 29 აპრილს დააკავეს. საქმეზე გამოძიება თავდაპირველად სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის, ჯგუფურად, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო, თუმცა მოგვიანებით მათ ბრალი დაუმძიმდათ. მერაბ სარალიძესა და გიორგი ნეფარიძეს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობას, აჩიკო ჭუმბურიძეს და თენგო გველესიანს კი მონაწილეობას ედავებიან.

ჯგუფური ძალადობის ორგანიზება ან ხელმძღვანელობა, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 6-დან 9 წლამდე. ხოლო მასში მონაწილეობა – თავისუფლების აღკვეთით ვადით 4-დან 6 წლამდე.

ფოტო: მაუწყებელი

კომენტარები