მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ივნისში სურსათის ფასები მკვეთრად გაიზარდა (საქსტატი)

ივნისში სურსათის ფასები მკვეთრად გაიზარდა (საქსტატი)

გაზრდილი ფასები და  შემცირებული მყიდველი – ასეთი ვითარებაა ქუთაისის ბაზრებში. იმერეთში მძიმე სოციალური ფონი კიდევ უფრო გაუარესდა, ადამიანების გაჭირვება პირდაპირ აისახა აგრარულ ბაზრებზე.

მოვაჭრეები ამბობენ, რომ მომხმარებელი გაჭირვების გამო ბაზარში ვეღარ შედის, იშვიათად შესული მყიდველი კი, ხილსა და ბოსტნეულს ცალობით ყიდულობს.

ივნისში საქართველოში წლიური ინფლაცია 4%-მდე გაიზარდა – ამის შესახებ საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშიდან ხდება ცნობილი. ინფლაციის ასეთი მატება, პირველ რიგში, სურსათის ფასების მკვეთრმა ზრდამ განაპირობა, რაც წლიურად 10%-ით არის გაზრდილი. ქვეყანაში ასეთი მაღალი ინფლაცია 2023 წლის მარტის შემდგომ არ ყოფილა. კონკრეტული ჯგუფების მიხედვით ინფლაცია ასე ნაწილდება:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 10.1 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 3.34 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (26.3 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (20.6 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (15.4 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (10.3 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (9.6 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (8.7 პროცენტი), თევზეული (7.9 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (7.1 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (3.6 პროცენტი), ხილი და ყურძენი (2.7 პროცენტი);

ჯანმრთელობის დაცვა: ჯგუფში ფასები მომატებულია 9.4 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.79 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (10.4 პროცენტი), საავადმყოფოების მომსახურების (9.2 პროცენტი) და სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობის (8.4 პროცენტი) ქვეჯგუფებზე;

სხვადასხვა საქონელი და მომსახურება: ჯგუფში ფასები გაიზარდა 6.7 პროცენტით, რაც 0.33 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები, ძირითადად, მომატებულია ქვეჯგუფებზე: პირადი ნივთები, სხვა კატეგორიებში ჩაურთველი (18.2 პროცენტი), დაზღვევა (8.7 პროცენტი), საფინანსო მომსახურება (5.4 პროცენტი), პირადი ჰიგიენა (4.7 პროცენტი);

ტრანსპორტი: ჯგუფში ფასები შემცირდა 5.3 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე -0.64 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები შემცირდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (-8.1 პროცენტი) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (-0.8 პროცენტი).

კომენტარები