აუდიტის სამსახურმა იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში სხვადასხვა ტიპის ხარვეზები გამოავლინა.
აუდიტის სამსახურის 2021-2022 წლების ანგარიშის მიხედვით, იმერეთში სარესტორნო და სხვა ღონისძიებებზე საერთოდ არ იყო შედგენილი მოხსენებითი ბარათები ღონისძიების დასახელებით და წევრთა შემადგენლობით.
ასევე აუდიტის სამსახურის ანგარიშში წერია, რომ იმერეთში საჩუქრების გადაცემის დროს არ იყო შედგენილი შესაბამისი დოკუმენტაცია.
იმერეთის ახალი ამბების სააგენტო “ინფო იმერეთმა” აუდიტის ანგარიში დაამუშავა, სადაც ირკვევა, რომ იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში არ არის დანერგილი სათანადო კონტროლის მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფდა საწვავის არამიზნობრივი გამოყენების შემთხვევების გამოვლენას და პრევენციას.
აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, საწვავის ხარჯებთან დაკავშირებით ჩატარებული ანალიტიკური პროცედურების შედეგად გამოვლინდა, რომ მივლინების ბრძანების გარეშე, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციების საზღვრებს გარეთ ჯამურად ათასობით ლარი არის დახარჯული.
იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში მოხელეთა შვებულებაში გასვლის დროს არ ხდებოდა მინდობილი ავტომანქანების დაწესებულებისთვის ჩაბარება. შედეგად, შვებულების დროს, მინდობილ ავტომანქანებში 2021-2022 წლებში დიდი რაოდენობით საწვავი და თანხაა გახარჯული.
სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციებში სამორიგეო ავტომანქანები გადაადგილდებოდნენ ზეპირი შეთანხმების საფუძველზე და არ ხდებოდა შესაბამისი დოკუმენტაციის გაფორმება, სადაც დასაბუთებული იქნებოდა მათი სამსახურებრივი მიზნებისთვის გამოყენების აუცილებლობა; ასევე მორიგე ავტოსატრანსპორტო საშუალებებს კონტროლის მიზნებისთვის არ გააჩნია დამონტაჟებული გადაადგილების GPS სანავიგაციო სისტემა.
აუდიტის პროცესში ვერ იქნა წარმოდგენილი შესაბამისი ფორმალური დოკუმენტაცია, რომელიც დაადასტურებდა საწვავის ჩასხმის და ავტომობილების სამსახურებრივი საჭიროებისათვის გამოყენების აუცილებლობას, რაც სამსახურებრივი ავტომობილების პირადი მიზნებით გამოყენების რისკებს წარმოშობს; ასევე სათანადო დასაბუთების გარეშე თანამშრომლების პირად მფლობელობაში არსებულ ავტომანქანებზე საწვავის ხარჯების გაწევა, წარმოქმნის საბიუჯეტო სახსრების არამართლზომიერად გამოყენების რისკს.
აღნიშნულ პერიოდში იმერეთის გუბერნატორის თანამდებობას ზვიად შალამბერიძე იკავებდა, რომელიც ახლა “ქართული ოცნების” დეპუტატია პარლამენტში.
კომენტარები