იმერეთში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. თოვლია ყველა მუნიციპალიტეტში.
ინტენსიური თოვის გამო, რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტის სკოლებსა და ბაღების ნაწილში სასწავლო პროცესი შეწყდა.
მეორე დღეა, თოვს ქუთაისშიც. მერის მოვალეობის შემსრულებლის დავით ერემეიშვილის განცხადებით, ქალაქის ქუჩები ინტენსიურად იწმინდება და, ამ ეტაპზე, ქალაქში ამ მხრივ პრობლემური ქუჩა არ არსებობს.
“ორი დღეა, გადაუღებლად თოვს ქალაქში. შესაბამისად, სამსახურები შესაბამისი ტექნიკით გამოსული არიან და ინტენსიურად მიმდინარეობს ქუჩების გაწმენდა. ამ დროისთვის, რაიმე პრობლემატური ქუჩა ქალაქში არ გვაქვს. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო თითოეულ თანამშრომელს, რომელიც 48 საათის განმავლობაში შეუსვენებლად მუშაობს იმისათვის, რომ ჩვენი მოქალაქეებისათვის ქალაქში გადაადგილება იყოს უსაფრთხო”, – აცხადებს დავით ერემეიშვილი.
საპირისპიროს ამბობს ქუთაისელთა ნაწილი, ადგილობრივები ფოტოებსა და ვიდეოებს ავრცელებენ და ააცხადებენ, რომ მათი ქუჩა დილიდან არ გაწმენდილა.
კომენტარები