მთავარიახალი ამბებიიმერეთი

ირაკლი კობახიძე – საშუალო ხელფასი მნიშვნელოვნადაა გადაცილებული 2000 ლარს

ირაკლი კობახიძე – საშუალო ხელფასი მნიშვნელოვნადაა გადაცილებული 2000 ლარს

საშუალო ხელფასი 4 წლის წინ თუ იყო, დაახლოებით, 1 200 ლარი, ახლა მნიშვნელოვნად არის გადაცილებული 2000 ლარს, დასაქმების ნაწილში, მხოლოდ ბოლო 3 წელიწადში, შეიქმნა 195 000 ახალი სამუშაო ადგილი, – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ “რუსთავი 2”-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, სიღარიბის მაჩვენებელი წინა ხელისუფლების პერიოდის მონაცემებთან შედარებით, დაახლოებით, სამჯერ არის შემცირებული და „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილი პროგრამის თანახმად, 2028 წელს სიღარიბის მაჩვენებელი 4 %-ს არ უნდა აღემატებოდეს.

“ამ რიცხვებს ვერ გააყალბებ, ვინაიდან ამ დასაქმებულ ადამიანებს ბიუჯეტში შეაქვთ ფული. 195 000-ით მეტს შეაქვს ბიუჯეტში საშემოსავლო გადასახადი და გარდა იმისა, რომ რაოდენობა გაიზარდა, საშუალო ხელფასიც, თითქმის, გაორმაგებულია 4 წლის წინანდელთან შედარებით. საბოლოო ჯამში, 195 000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა მარტო ბოლო 3 წელში და 4 წლის თავზე გვაქვს გაორმაგებული საშუალო ხელფასი. ამას როგორ გააყალბებ, ამდენჯერ მეტი შევიდა ბიუჯეტში. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ხალხი ბედნიერია. სიღარიბის ნაწილს რაც შეეხება, 30 % იყო სიღარიბე 2012 წელს, ეს დაგვიტოვეს მემკვიდრეობად. 2023 წლის მონაცემებით, 11.8 %-მდეა ჩამოსული. მალე გამოქვეყნდება 2024 წლის მონაცემები და წესით, დაახლოებით, 10 %-მდე უნდა იყოს შემცირებული, ამის დიდი იმედი გვაქვს. ანუ, სამჯერ არის დაახლოებით შემცირებული სიღარიბის მაჩვენებელი, წინა ხელისუფლების პერიოდთან შედარებით. ჩვენ იმას არ ვამბობთ, რომ ხალხი ბედნიერია და ყველა მდიდარია. მეტიც, ჩვენი მოსახლეობის დაახლოებით 10 %, რაც არის 370 000 ადამიანი, ჯერ კიდევ ცხოვრობს სიღარიბის ზღვარს მიღმა. დღეს, ჩვენი ნომინალური ეკონომიკა 9 000 აშშ დოლარს გადაცდა, დაახლოებით 13 500 დოლარს უნდა მიაღწიოს იმისათვის, რომ არსებითად მოუგვარდეს საზოგადოებას პრობლემა. ჩვენი პროგრამის თანახმად, 4 %-მდე უნდა შემცირდეს სიღარიბე 2028 წლის ბოლოსთვის, რაც სავსებით შესაძლებელია იმ ტენდენციის გათვალისწინებით, რომელიც გვაქვს აღებული”, – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები