საქართველოს მოსახლეობის ნახევარზე მეტი – 56% მიიჩნევს, რომ ქვეყანაში ან უკვე დაწყებულია, ან უახლოეს 6 თვეში დაიწყება ფინანსური კრიზისი – ამის შესახებ აღნიშნულია ACTR-ის ახალ კვლევაში.
ამასთან, ორგანიზაციის მიერ ჩატარებული გამოკითხვისას გამოიკვეთა, რომ მოსახლეობის 47%-ს ყოველდღიურად უჭირს კვებისთვის აუცილებელი პროდუქტების ყიდვა.
ადგილობრივი და გლობალური პოლიტიკური დაძაბულობის ფონზე, ეკონომიკური სტაბილურობის საკითხი საქართველოში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. “ეისითი კვლევის“ (ACTR) მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის მიხედვით, რომელმაც მოსახლეობის განწყობები შეისწავლა საქართველოში ეკონომიკური კრიზისის მოლოდინებისა და ხარჯვის პრიორიტეტების შესახებ, იკვეთება, რომ საზოგადოებაში ეკონომიკური კრიზისის მოლოდინი მაღალია:
საქართველოს მოსახლეობის ნახევარზე მეტი – 56% მიიჩნევს, რომ ქვეყანაში ან უკვე დაწყებულია, ან უახლოეს 6 თვეში დაიწყება ფინანსური კრიზისი.
კვლევისას გამოიკვეთა, რომ ბოლო 6 თვის განმავლობაში, მოსახლეობის 36%-ის ფინანსური მდგომარეობა გაუარესდა.
“როგორც ჩანს, შიში ეკონომიკური მომავლის მიმართ არ არის მხოლოდ თეორიული მოლოდინი, არამედ ეს განცდა უკვე არსებულ რეალობასაც ეფუძნება“, – აღნიშნულია კვლევაში.
კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 47%-ს უჭირს კვებისთვის აუცილებელი პროდუქტების ყიდვა. 55%-ისთვის გამოწვევას წარმოადგენს წამლებისა და სამედიცინო მომსახურების შეძენა.
კომენტარები