29 მარტს, ქალთა ფონდი “სოხუმის” ორგანიზებით, კანადის თანასწორობის ფონდისა და გერმანული ორგანიზაცია “პური მსოფლიოსათვის” მხარდაჭერით, გაიმართა კონფერენცია თემაზე: “ქალთა მიმართ ძალადობის პრევენცია და რეაგირება თემზე დაფუძნებული მიდგომებით – პრაქტიკა და ზემოქმედების მექანიზმები”.
კონფერენცია გახსნა ქალთა ფონდი “სოხუმის” თბილისის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, ეკატერინე გამახარიამ, რომელმაც აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ერთად გავაანალიზოთ განვლილი გზა, შევაფასოთ მიღწევები და ის გამოწვევები, რომლებიც ჯერ კიდევ დასაძლევია.
მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა ქალთა ფონდი “სოხუმის” თავმჯდომარემ ალლა გამახარიამ. მან ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ ძალადობა გლობალური პრობლემაა და ამ მიმართულებით ორგანიზაცია 2000 წლიდან მუშაობს. ქალთა ორგანიზაციების ძალისხმევით, 2006 წელს მიღებულ იქნა კანონი ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ. მიუხედავად მიღწეული პროგრესისა, ჯერ კიდევ ბევრი რამაა გასაკეთებელი.
კონფერენციაზე ქალთა ფონდი „სოხუმის“ ციფრული რესურსცენტრის ერთწლიანი გამოცდილება წარადგინა ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა თეა თორინავამ. მან აღნიშნა, რომ ეს რესურსცენტრი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ძალადობაგამოვლილი ქალებისთვის სერვისების მიწოდებასა და მათი გაძლიერების პროცესში.
კონფერენციას ესწრებოდნენ ქალთა ფონდი “სოხუმის” ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მობილიზატორები სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან, ურთიერთდახმარების ჯგუფების წევრი ქალები, სოციალური სამუშაოს პარასპეციალისტები და ქალთა უფლებებზე მომუშავე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლები.
პანელური დისკუსიების ფარგლებში განხილული იყო ქალთა მიმართ ძალადობის პრევენცია და რეაგირება თემში, მობილიზაციის, ინფორმირების, რისკჯგუფების იდენტიფიკაციისა და რეფერირების კუთხით მიღწევები და გამოწვევები. დისკუსიის მოდერატორმა, ხათუნა გოგუამ, ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ 10 მუნიციპალიტეტში ქალთა მხარდამჭერი ცენტრები აქტიურად მუშაობენ, ახორციელებენ რეფერირების პროცესს და საჭიროებების მქონე ქალების დახმარებას. ამასთან, მათ დაემატნენ პარასპეციალისტები, რაც კიდევ უფრო ეფექტიანს ხდის ძალადობის გამოვლენისა და რეაგირების პროცესს.
მეორე პანელური დისკუსია მიეძღვნა სამოქალაქო ინიციატივების მნიშვნელობას ქალთა როლის გაძლიერებასა და ძალადობის პრევენცია-რეაგირებაში. განხილული იყო ამ პროცესის გავლენა სოციალურ სტაბილურობაზე და ქალებისა და ბავშვების ცხოვრების პირობების გაუმჯობესებაზე. დისკუსიის მოდერატორმა, გურანდა გვანცელაძემ, აღნიშნა, რომ 10 მუნიციპალიტეტში დაფინანსდა 14 სამოქალაქო ინიციატივა, რომლებიც ემსახურებოდა ქალებისა და ბავშვებისათვის არაძალადობრივი გარემოს შექმნას.
კონფერენციის დასასრულს, ქალთა ფონდი “სოხუმის” დამფუძნებლებმა – ალლა გამახარიამ, მერი გელაშვილმა და ნანული რამიშვილმა – გაიხსენეს ორგანიზაციის 28-წლიანი ისტორია და მონაწილეები მოტივაციით აავსეს.
ქალთა ფონდი “სოხუმი” აგრძელებს ძალადობის პრევენციასა და ქალთა გაძლიერებაზე მუშაობას, რათა ერთად შეიქმნას უსაფრთხო და თანასწორი საზოგადოება.
კომენტარები