ჭიათურელი მაღაროელები პროტესტის 24-საათიან რეჟიმზე გადავიდნენ და მერიის შენობასთან ორი კარავი გაშალეს. ერთი აქციის მონაწილეებისთვის წვიმისა და სიცხისგან თავდასაცავად მოეწყო, მეორეში კი ადგილობრივებისთვის საკვები მომზადდება.
მაღაროელები ახლა ცდილობენ, სოციალურ კრიზისში მყოფ ადგილობრივებს დაეხმარონ და პარალელურად, “ჯორჯიან მანგანეზს” ხელი შეუშალონ ქალაქიდან წიაღისეულის გატანაში.
ისინი იმედოვნებენ, რომ მას შემდეგ, რაც კომპანიას მანგანუმის მარაგი ამოეწურება, იძულებული გახდება, მოლაპარაკება დაიწყოს.
“ჯორჯიან მანგანეზმა” ჭიათურაში საწარმოო პროცესს ნოემბრიდან სრულად შეაჩერა. 7 მარტს „ჭიათურ მენეჯმენტს კომპანიმ“ განაცხადა, რომ „ჯორჯიან მანგანეზთან” შეთანხმებით, მაღაროებში მიწისქვეშა სამუშაოები აღარ განახლდება. ჭიათურის მაღაროების მმართველი კომპანია ასევე განმარტავს, რატომ ვერ გადაუხადეს თებერვალში დასაქმებულებს ხელფასი.
14 მარტს ცნობილი გახდა, რომ შპს „ჭიათურის მენეჯმენტ კომპანიმ“ და მასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გაკოტრების რეჟიმით გადახდისუუნარობის საქმის დაწყების მოთხოვნით მიმართა. პროფკავშირების ცნობით, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ შპს ჭიათურა მენეჯმენტ კომპანის განცხადება დაახარვეზა.
კომენტარები