“ჭიათურა მენეჯმენტ კომპანი” საწარმოში მიმდინარე რეორგანიზაციის პროცესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
კომპანიის ინფორმაციით, ჭიათურის საწარმოში დათხოვნილ თანამშრომლებს აუნაზღაურდებათ როგორც ერთთვიანი კომპენსაცია, ისე 2025 წლის 27 აპრილამდე დარიცხული სახელფასო თანხა.
რაც შეეხება იმ პირებს, რომლებიც საწარმოში მუშაობას აგრძელებენ, „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანი” აცხადებს, რომ 2-3 კვირაში დაიწყებს მარტი-აპრილის სახელფასო დავალიანების ეტაპობრივ ანაზღაურებას და საბოლოო ანგარიშსწორება მოხდება შესაბამისი დოკუმენტაციის გაფორმების შემდეგ.
“ჭიათურის საწარმოებში მიმდინარე რეორგანიზაციის პროცესის შუალედური შეფასებისას წამოჭრილ მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით გიზიარებთ დამატებითი განმარტებას. მათთვის, ვინც რეორგანიზაციის შედეგად ჩვენთან გააგრძელა შრომითი ურთიერთობა, უახლოეს 2-3 კვირაში დავიწყებთ მარტი-აპრილის სახელფასო დავალიანების ეტაპობრივ ანაზღაურებას.
რაც შეეხება იმ პირებს, რომელთა შემთხვევაში სხვადასხვა მიზეზით ვერ მოხერხდა შრომითი ურთიერთობების გაგრძელება, ისინი განიხილებიან როგორც საბოლოოდ დათხოვილი თანამშრომლები. მათ ავუნაზღაურებთ როგორც კანონით გათვალისწინებულ ერთთვიან კომპენსაციას, ისე 2025 წლის 27 აპრილამდე დარიცხულ სახელფასო თანხას.
საბოლოო ანგარიშსწორება მოხდება შესაბამისი დოკუმენტაციის გაფორმების შემდეგ.
ჩვენ ვაგრძელებთ მოლაპარაკებებს პარტნიორ ბანკებთან, რათა რეორგანიზაციის პროცესში დასაქმებულებსა და მონაწილე თანამშრომლებს შევთავაზოთ გაუმჯობესებული საკრედიტო პირობები. კონკრეტულ სიახლეებს საზოგადოებას უახლოეს პერიოდში გავაცნობთ.მკაცრად ვგმობთ ბოლო პერიოდში მომხდარ ძალადობის ფაქტს, რომელიც უკვე შეფასებულია როგორც შესაძლო სისხლის სამართლის დანაშაული და რომლის საფუძველზეც დაწყებულია გამოძიება ოთხი პირის მიმართ.
სამწუხაროა, რომ ამ მძიმე შემთხვევის შემდეგ დღემდე არ მოგვისმენია გულწრფელი სინანული იმ ადამიანებისგან, ვინც ინციდენტში მონაწილეობდა. ჩვენი მტკიცე რწმენით, ეს არის აუცილებელი საფუძველი ნებისმიერი შემდგომი მსჯელობისა თუ შესაძლო შეღავათების განსაზღვრისას. ჩვენ გვესმის არსებული გამოწვევების სირთულე და ვადასტურებთ მზადყოფნას, გავაგრძელოთ მოქმედება სამართლიანობის, გამჭვირვალობისა და სოციალური პასუხისმგებლობის პრინციპებით”, – აღნიშნულია განცხადებაში.
კომენტარები