ჭიათურის მაღაროელების საინიციატივო ჯგუფის წევრები დასაქმებულებს მოუწოდებენ, გათავისუფლების წერილს ხელი არ მოაწერონ.
“მაღაროელებო, არ მოაწეროთ ხელი გათავისუფლების წერილს. ამას გთხოვენ იმიტომ, რომ მასობრივი დათხოვნის პროცესს ატარებენ უკანონოდ და ამის გადასაფარად თქვენ გთხოვენ თავად მოითხოვოთ გათავისუფლება.
თუ თავად დაწერთ გათავისუფლების წერილს, დაკარგავთ ყველანაირ უფლებას არა მხოლოდ იდავოთ ან მომავალში მოითხოვოთ სამსახურში აღდგენა, არამედ დაკარგავთ იმის შესაძლებლობასაც, რომ მონაწილეობა მიიღოთ კონკურსში, რომელსაც გვიანონსებენ რეორგანიზაციის ფარგლებში. არავითარ შემთხვევაში არ დაწეროთ გათავისუფლების წერილი. ჰკითხეთ ნებისმიერ ადამიანს, ვინც ცოტა მაინც ერკვევა შრომის საკითხებში და ამას დაგიდასტურებთ. ამას ვწერთ იურისტებთან კონსულტაციით და სრულად დარწმუნებული”, – აღნიშნულია მაღაროელების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ერთ-ერთი მაღაროელის თქმით, დღეისთვის კომპანიამ 300-მდე ადამიანი დაიბარა და კიდევ 200 დასაქმებულის დაბარებას გეგმავს, რათა რეორგანიზაცია დაიწყოს.
2024 წლის ნოემბრიდან „ჯორჯიან მანგანეზმა” ჭიათურაში საწარმოო პროცესს სრულად შეაჩერა. კომპანიამ მიზეზად სოფელ შუქრუთის მოსახლეობის “რადიკალური პროტესტი” დაასახელა. ამასთან, „ჯორჯიან მანგანეზი“ თანამშრომელთა ხელფასების 60%-ის ანაზღაურებისა დაზღვევის შენარჩუნების ვალდებულებას იღებდა, თუმცა როგორც მაღაროელები აცხადებდნენ, ხელფასების დარიცხვა ყოველ თვე გვიანდებოდა; 2025 წლის თებერვალში კი კომპანიამ ხელფასი აღარ დარიცხა, რაც მოსახლეობის პროტესტის განახლების მიზეზი გახდა.
28 თებერვლიდან მაღაროელებმა ჭიათურაში საპროტესტო აქციები დაიწყეს. ძირითადი მოთხოვნები: კუთვნილი ხელფასების დარიცხვა, “ჯორჯიან მანგანეზის” ჭიათურის მაღაროების მართვიდან გასვლა; მთავრობის მიერ მანგანუმის წარმოების ნაციონალიზაცია; ჭიათურელებისთვის ფონდის შექმნა, სადაც შემოსავლების 10% აკუმულირდება.
25 მარტს მაღაროელებმა საპროტესტო აქცია თბილისში, მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართეს. მთავარი მოთხოვნა მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრა იყო. დედაქალაქში პროტესტი უშედეგოდ დასრულდა. ამავე დღეს საინიციატივო ჯგუფის წევრებმა პროფკავშირებს უნდობლობა გამოუცხადეს. კომისიის მუშაობის შედეგად დასაქმებულებს 2 თვის ხელფასის 60% დაერიცხათ.
16 აპრილს სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის სამუშაო ჯგუფის მუშაობის შედეგად შეჯერდნენ, რომ კომპანია CMC მიწისქვეშა სამუშაოებს გარკვეული დათქმებით განაახლებდა. მთავარი პირობა რეორგანიზაცია იყო.
22 მარტს კომპანიაში განაცხადეს, რომ მიწისქვეშა სამუშაოების აღდგენისა და რეორგანიზაციის პროცესს სამთო-მომპოვებელი კომპანია “საქნახშირის” გენერალური დირექტორი მიხაილ სოცკი უხელმძღვანელებდა. 23 მარტს კი “ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიმ” რეორგანიზაციის დაწყების შესახებ განაცხადა და კრიზისიდან გამოსვლის გეგმა გამოაქვეყნა.
კომენტარები