მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

მერაბ გიგაურმა ქუთაისის “ტორპედო” დატოვა

მერაბ გიგაურმა ქუთაისის “ტორპედო” დატოვა

მერაბ გიგაურსა და ქუთაისის „ტორპედოს“ შორის არსებული ხელშეკრულება ფეხბურთელის თხოვნით, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გაწყდა – ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.

კლუბმა გაითვალისწინა გიგაურის წვლილი, რაც მას გუნდის წარმატებაში მიუძღვის და კარიერის უცხოეთში გაგრძელებაში ხელი შეუწყო.

„ძალიან რთული იყო ამ გადაწყვეტილების მიღება და გუნდის დატოვება. წლების განმავლობაში „ტორპედო“ ჩემთვის ოჯახად იქცა, იყო მარტივი და მძიმე დღეები, ტკივილიცა და დიდი სიხარულიც, მაგრამ ყველაფერს ერთი რამ აერთიანებდა – ამ კლუბის მაისურით ყოველთვის მთელი გულით ვიბრძოდი. ვცდილობდი, ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი გამეკეთებინა და თავი არასდროს დამეზოგა, არც მოედანზე და არც მის მიღმა.

მადლობა „ტორპედოს“ – კლუბს, რომელიც ჩემი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ნაწილი იყო და იქნება. მადლობა თითოეულ თანაგუნდელს, მწვრთნელებს, მთლიან სტაფს. მადლობა თითოეულ გულშემატკივარს და განსაკუთრებით, „ჯუნგლებს“ – საუკეთესო ქომაგებს, რომლებიც ყველა მომენტში გუნდის გვერდით დგანან და ძალებს არასდროს იშურებენ.

გემშვიდობებით და გისურვებთ წარმატებებს, ყოველთვის „ტორპედოს“ დიდი გულშემატკივარი ვიქნები“, – ამბობს მერაბ გიგაური.

გიგაურმა „ტორპედოს“ მაისურით ჯამში 9 სეზონი ჩაატარა. გუნდთან ერთად გახდა ქვეყნის ჩემპიონი, სამჯერ მოიგო ქვეყნის სუპერთასი, ორჯერ – საქართველოს თასი.

„გვსურს, მერაბს ყველაფრისთვის მადლობა გადავუხადოთ და კარიერის ახალ ეტაპზე წარმატებები ვუსურვოთ. წლების განმავლობაში ის შრომის, ბრძოლისა და ერთგულების ნამდვილი მაგალითი იყო. მადლობა, კაპიტანო“, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები