ჭიათურელმა მაღაროელებმა და ქალაქის მოსახლეობამ მხარდამჭერებს სოლიდარობის დემონსტრაციაზე შეკრებისკენ მოუწოდეს.
“დღეს ჭიათურას თითოეული ქართველის გვერდში დგომა ისე სჭირდება, როგორც არასოდეს. შაბათს, პირველ საათზე მთელ საქართველოს ველოდებით აქციაზე”, – აცხადებენ მაღაროელები.
2024 წლის პირველი ნოემბრიდან კომპანიამ ჭიათურაში მაღაროებში მოპოვების პროცესი გააჩერა და მშრომელები 60%-იან ანაზღაურებაზე გადაიყვანა.
პირველი მარტიდან სამუშაო პროცესი უნდა განახლებულიყო, თუმცა კომპანიამ კომპანიამ დანაპირების შესრულების მაგიერ 3500-მდე თანამშრომელს ხელფასის 60%-ის გადახდაც შეუწყვიტა. ამის პარალელურად გაზრდილი ტემპებით მიმდინარეობს ღია კარიერული მოპოვება, რაც ჭიათურას და მის გარშემო სოფლებს ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე აყენებს.
ადგილობრივები ამბობენ, რომ ქალაქი მთლიანად დამოკიდებულია მაღაროზე. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჭიათურას დაცლისთვის წირავენ. ჭიათურელების თქმით, მიმდინარე კრიზისზე სახელმწიფო პასუხისმგებლობას არ იღებს.
კომენტარები