დღეს, 15:00 საათზე ჭიათურაში, მერიის წინ საპროტესტო აქცია გაიმართება.
პროტესტის მონაწილე მაღაროელები დაკავებული თანამებრძოლების გათავისუფლებას მოითხოვენ.
ისინი თანაქალაქელებს აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებენ.
“15 საათისათვის გელოდებით ყველას, ვისაც უსამართლოდ დაკავებულ ბიჭებზე გული შეგტკივათ, ნუ შევეგუებით უსამართლობას, ნუ გავიმეტებთ ბიჭებს ციხისთვის!
ჩვენი ამოცანა და ნომერ პირველი პრიორიტეტია ამ ბიჭების გათავისუფლება. უსამართლობაა ამ ბიჭების მიტოვება და 9-წლიანი ციხისთვის გაწირვა. ნუ დავივიწყებთ იმ გასულ თვეებს, როცა ერთ მუშტად ვიდექით. ჩვენი დაყოფა ჩვენი დამარცხების ტოლფასია. ნუ მივცემთ მავანს ამის საშუალებას”, – აცხადებენ მაღაროელები.
ჭიათურელი მაღაროელები ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით 29 აპრილს დააკავეს. როგორც პროტესტის მონაწილე მაღაროელები აცხადებდნენ, შეწყვიტეს შიმშილობა, ხელი არ შეუშალეს სამუშაო პროცესების აღდგენას, თუმცა დაკავებულების გათავისუფლებისთვის არაფერი კეთდება.
13 ივნისს მოსამართლე ნიკოლოზ მარგველაშვილმა მერაბ სარალიძე, გიორგი ნეფარიძე, თენგიზ გველესიანი და არჩილ ჭუმბურიძე პატიმრობაში დატოვა. მომდევნო სასამართლო პროცესი 17 ივლისს ჩატარდება.
კომენტარები