ქუთაისი და ზოგადად იმერეთი ტურისტულ სეზონს მოუმზადებელი შეხვდა, – ამის შესახებ გიდი და ტურისტული კომპანია “Travel To Georgia”-ს დირექტორი ლაშა ბერეკაშვილი “ინფო იმერეთთან” საუბრისას აცხადებს.
მისი თქმით, აღნიშნულ რეგიონში წლიდან წლამდე არათუ უმჯობესდება მომსახურების ან სერვისის მიწოდების ხარისხი, არამედ უარესდება.
“ქუთაისი და იმერეთი ზაფხულის სეზონს მთელი რიგი გამოწვევებით შეხვდა. დავიწყებ იმით, რომ ამ წლის დასაწყისში გაუქმდა ქუთაისში მნიშვნელოვანი მიმართულება ქუთაისი-კოპენჰაგენი, რომელიც ქუთაისს ორ დიდ ქვეყანასთან აკავშირებდა, რაც ვფიქრობ, რომ ტურიზმის სექტორში დასაქმებული ადამიანებისთვის მნიშვნელოვანი დანაკლისია.
ასევე გაუქმდა რიგის რეისი, რაც ზიანის მომტანია ამ სექტორში დასაქმებული ადამიანებისთვის. თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ზაფხულის სეზონია, მაინც მაღალი აქტივობით ხასიათდება ეს პერიოდი. ქუთაისსა და იმერეთში ჯერ კიდევ გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ მომდევნო სამი თვე იყოს მეტი შემოსავლის მომტანი, ვიდრე გასული თვეებში იყო. წლიდან წლამდე არათუ უმჯობესდება მომსახურების ან სერვისის მიწოდების ნაწილში ხარისხი, არამედ უარესდება.
გამოვყოფდი მნიშვნელოვან ჩამორჩენებს და პრობლემებს: ეს არის საინფორმაციო დაფების არარსებობა ან არსებულების დაზიანება და ფაქტობრივად გამოუყენებლობა. ასევე არის საპირფარეშოების პრობლემა იმერეთში და ზოგადად საქართველო ტურიზმისთვის. ეს პრობლემაც ვერ გადაწყდა, ვერ გამოიკვეთა ის პასუხისმგებელი უწყება, პირი ან ადამიანთა ჯგუფი ვინც ამ პრობლემას ერთხელ და სამუდამოდ მოაგვარებდა. ჩვენ წლებია, ვსაუბრობთ ამ პრობლემებზე, თუმცა არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია. ყველა ქვეყანაში, რომელიც ტურიზმზე არის ორიენტირებული, საპირფარეშოები არის მაღალ დონეზე მოწყობილი, ჩვენი ქვეყნისგან განსხვავებით.
ასევე ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა არის ის, რომ არ არის ახალი ტურისტული ატრაქციები იმერეთში. ასევე, ქუთაისსა და იმერეთს გააჩნია დიდი პოტენციალი, კარგი მიმზიდველობა, რომ შიდა ტურიზმით მოსარგებლე ადამიანები ჩამოვიდნენ ამ ქალაქსა და რეგიონში, თუმცა არის ლოგისტიკური პრობლემები. შიდა ტურიზმი უნდა იყოს ერთ-ერთი მთავარი შემოსავლის წყარო და მამოძრავებელი ძალა იმერეთისთვის”, – აცხადებს “Travel To Georgia”-ს დირექტორი და გიდი ლაშა ბერეკაშვილი.
კომენტარები