მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

მორიგი საფრთხე გელათისთვის – რეაბილიტაცია კლიმატოლოგის გარეშე

მორიგი საფრთხე გელათისთვის – რეაბილიტაცია კლიმატოლოგის გარეშე

გელათის ისტორიული მხატვრობა 2019 წლიდან დაზიანებულია. მისი აღდგენა 2021 წლიდან დაიწყო და დღემდე გრძელდება, თუმცა მდგომარეობა გამოსწორდაო, ახლაც ვერ ვიტყვით. ზოგი ფრესკა ისევ ზიანდება და არსებობს რისკი, რომ სრულად დავკარგოთ. როგორ იმოქმედა ტაძარზე დროებითი გადახურვის დაგვიანებამ და გრუნტის წყლებმა, უკვე გიამბეთ. ახლა, კიდევ ერთ საფრთხეზე, მიკროკლიმატზე მოგიყვებით.

გელათის მიკროკლიმატში იგულისხმება, როგორი გარემო პირობებია ტაძრის ინტერიერში – მაგალითად, რამდენია ტენიანობა, დანესტიანება, ტემპერატურის დონე, ჰაერში წყლის ორთქლის შემცველობა, ქარის სიჩქარე და მიმართულება.

ყველა ჩამოთვლილი ფაქტორი ზემოქმედებს მხატვრობაზე. ამიტომ, აუცილებელია გარემო პირობები კლიმატოლოგმა/გარემოს სპეციალისტმა შეისწავლოს. შემდეგ კი მის რეკომენდაციებს დაეყრდნოს როგორც კონსერვაციის, ისე რესტავრაცია-რეაბილიტაციის სამუშაოები.

2023 წლის გაზაფხულიდან, მას შემდეგ, რაც გელათის რეაბილიტაცია საპატრიარქომ ოფიციალურად გადაიბარა, სამუშაოები კლიმატოლოგის გარეშე მიმდინარეობს.

“ისეთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი, როგორც გარემოს მართვაა, საერთოდაც ამოვარდნილია სამუშაო პროცესიდან”, – ვკითხულობთ ჩუბინაშვილის კვლევითი ცენტრის 2024 წლის ოქტომბრის ანგარიშში.

გელათის რეაბილიტაციის კომიტეტის საინფორმაციო ვებგვერდზე როცა გარემოს მონიტორინგს ვეძებთ, 2023-2024 წლებში გვიჩვენებს მხოლოდ ორ დოკუმენტს, რომელშიც კლიმატის კონტროლის სენსორებიდან ჩამოტვირთული მონაცემებია. არ იძებნება სამომავლოდ სამოქმედო გეგმა ან გარემოს სპეციალისტის მიერ შესწავლილი რაიმე კვლევა.

ამ სტატიაში მოგიყვებით, რატომ არ ჰყავს გელათს გარემოს სპეციალისტი და როგორ იმოქმედებს ეს დანაკლისი ტაძრის დაზიანებულ მხატვრობას და მოზაიკაზე.

რა იყო გასათვალისწინებელი მიკროკლიმატის მიმართულებით – ალესანდრო მასარის რეკომენდაციები 

გელათის სამონასტრო კომპლექსის გარემო პირობები 2021 წელს იტალიელმა კლიმატოლოგმა, ალესანდრო მასარიმ იკვლია, რომელიც კულტურის სამინისტრომ მოიწვია. მასთან ერთად მხატვრობაზე მუშაობდნენ “ჯოვანი სეკკო სუარდოს” კონსერვატორები და “რესტრუერეს” გადახურვის სპეციალისტები.

ალესანდრო მასარიმ 2021 წლის დეკემბერში მოამზადა და კულტურის სამინისტროს ჩააბარა გელათის მიკრო-გარემოს კვლევის ანგარიში. დოკუმენტიდან ვიგებთ, რომ იმ დროისთვის, გელათის მხატვრობას საფრთხეს უქმნიდა მიკრო-გარემო. კონკრეტულად კი ჰაერში და კედლებზე ტენის არასტაბილურობა იწვევდა გამომარილებას, ფერწერის მასალების დაზიანებას და აქერცვლას. როგორც სპეციალისტი აღწერდა, ტაძრის ინტერიერში ტენიანობა არათანაბრად ნაწილდებოდა. მაგალითად, სამხრეთის მხარე იყო უფრო მშრალი, ვიდრე ჩრდილოეთი, სადაც კედელზე სულფატები და ნიტრატები იყო გამოსული.

მასარიმ დეტალური კვლევები ჩაატარა – გელათის სამონასტრო კომპლექსის ორივე ტაძრის მიკრო-გარემო, ტემპერატურა, ქარის მოძრაობა, ნესტი, ტენი და ჰაერში ორთქლის რაოდენობა შეისწავლა სხვადასხვა ატმოსფერულ პირობებშიში. მონაცემები შეაგროვა როგორც ღია, ისე დახურული კარისა და სარკმელების დროს. მისი რეკომენდაციით, ასეთივე დეტალური მონიტორინგი უნდა გაგრძელებულიყო ყველა ეტაპზე, როგორც ტაძრის შრობისას, ისე მისი დასრულების შემდეგ. თუმცა, ასე არ მოხდა.

“იმისათვის, რომ შენარჩუნდეს კედლის მხატვრობა, განსაკუთრებით ისინი, რომელზეც კრისტალური მარილებია, აუცილებელია სტაბილური მიკროკლიმატური პირობები, განსაკუთრებით, ტენიანობა. პრიორიტეტულია, ტაძარში მიკროკლიმატური მდგომარეობის მონიტორინგი, იმისათვის, რომ გავიგოთ მიმდინარე სიტუაცია და განვსაზღვროთ მისი გაუმჯობესების ზომები. ამ მონიტორინგის მონაცემები წაადგება გადახურვის დიზაინსაც, რათა უზრუნველყოფილი იყოს შიდა გარემოსთვის საჭირო მიკროკლიმატი. […] ზემოთ მოყვანილი ტესტის შედეგების საფუძველზე, შეიძლება დაიგეგმოს დამატებითი ტესტირებები, რათა შეფასდეს სხვადასხვა ვენტილაციის სქემები”, – ვკითხულობთ ალესანდრო მასარის მომზადებულ ანგარიშში, რომელიც 2021 წლის დეკემბერში გამოქვეყნდა.

რა პრობლემას უქმნის გარემოს სპეციალისტის არარსებობა მხატვრობას საპატრიარქომ ალესანდრო მასარისთან თანამშრომლობა აღარ გააგრძელა. ის გელათიდან 2022 წლის შემოდგომაზე, სხვა იტალიურ ჯგუფებთან ერთად გაუშვეს.

მას შემდეგ ორი წელი გავიდა, მაგრამ არც ალესანდრო მასარის რეკომენდაციები გაუთვალისწინებიათ და არც ახალი გარემოს სპეციალისტი მოუწვევიათ.საინტერესოა, მაშინ, ვინ და როგორ იკვლევს ტაძრების მიკრო-გარემოს და შესაძლო ზიანს დაზიანებულ მხატვრობაზე.

მსგავსი სამუშაოები რომ არ უწარმოებიათ, დასტურდება იმითაც, რომ 2024 წლის ოქტომბერში ჩუბინაშვილის კვლევითი ცენტრი წერდა:

“…არ არის ცნობილი, რა ღონისძიებები ტარდება გარემოს სტაბილიზაციისათვის. უცნობია ისიც კი, გათვალისწინებულია თუ არა რეკომენდაციები, რომლებიც თავის დროზე ალესანდრო მასსარის მიერ იყო წარმოდგენილი. […] ძეგლის სტრუქტურისა და კედლის მხატვრობის რთული ფიზიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, აუცილებელია წინდაწინ ვიცოდეთ როგორი იქნება მიკროკლიმატის ზეგავლენა კედლების გამოშრობის პროცესზე და როგორ იმოქმედებს ის შენობის მდგრადობასა და მხატვრობაზე. ვფიქრობთ, გადაუდებელია გამოცდილი, მაღალი კვალიფიკაციის გარემოს სპეციალისტის ჩართვა, რომელიც კვლევის შედეგად და მუდმივი მეთვალყურეობის საფუძველზე მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს მიმდინარე და სამომავლო საკითხებთან დაკავშირებით.”

არადა, ალესანდრო მასარის აზრი რომ მხედველობაში უნდა მიეღოთ, ამას 2022 წელს იუნესკოც მიუთითებდათ.

სპეციალისტები გვიხსნიან, რომ გელათში გარემო-პირობების კონტროლი და კლიმატის სპეციალისტის ჩართულობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იქნება მაშინაც, როცა ტაძრის ძირითად სახურავს ახდიან და შიდა კედლები შრობას დაიწყებს.

“შრობის პროცესი არის ძალიან სახიფათო და რთულად დასარეგულირებელი. უცებ თუ გამოშრა ზედაპირები, კატასტროფული ვითარება იქნება, ინტენსიური ცვენა დაიწყება… დროებითი გადახურვა ხომ იმ მიზნით გაკეთდა, რომ ამოსუფთავდეს სახურავქვეშა სივრცეები და გაკეთდეს ახალი გადახურვა. ამოსუფთავებასაც ვერ დაიწყებენ გარემოს სპეციალისტის გარეშე. ყველამ ვიცით, რომ მთავარი დამაზიანებელი ფაქტორი, გელათის შემთხვევაში, არის წყლის ინფილტრაცია და მის შედეგად გამოწვეული მარილების აქტივობა. მარილების აქტივობაც ვერ დარეგულირდება, თუ ინფილტრაცია არ შეწყდა და მიკროკლიმატი არ დასტაბილურდა. ცნობილი მხოლოდ ისაა, რომ ინტერიერში არის სენსორები და მონაცემებს აგროვებენ. მონაცემების შეგროვება კარგია, მაგრამ – არასაკმარისი. მთავარია მონაცემების ანალიზი და პროცესის შესაბამისად მართვა. დღემდე არათუ ის არ ვიცით, თუ როგორია პროცესი და რა ზომებს მიმართავენ გარემოს დასტაბილურებისთვის, ისიც კი უცნობია, თუ ვინ მართავს პროცესს. რჩება შთაბეჭდილება, რომ ეს მიმართულება უბრალოდ ჩავარდნილია”, – გვითხრა ხელოვნებათმცოდნე მზია ჯანჯალიამ.

“გარემოს სპეციალისტი ჩართული უნდა ყოფილიყო ქოლგა-გადახურვის კონსტრუქციის პროექტირების დაწყებიდანვე, არქიტექტორ-რესტავრატორის ხელმძღვანელობით. გადასახური და კონსტრუქციის შესაფუთი მასალის შერჩევის პროცესში სპეციალისტმა რეკომენდაციები უნდა გასცეს. მაგალითად, რამდენად თბოგამტარია გამოსაყენებელი ესა თუ ის მასალა, ან თუნდაც რამდენად მდგრადია ატმოსფერული ზემოქმედების შემთხვევაში (ქარი, წვიმა, თოვლი…) “- გვეუბნება არქიტექტორ-რესტავრატორი გოგოთურ მისრიაშვილი.

ბუნებრივია, გელათის რეაბილიტაციის კომიტეტსაც ვკითხეთ, რატომ არ გაითვალისწინეს კლიმატოლოგ ალესანდრო მასარის რეკომენდაციები და თუ აპირებენ გარემოს მართვის სპეცილისტის მოწვევას სამომავლოდ მაინც. კომიტეტმა ჩვენი წერილი ამჯერადაც უპასუხოდ დატოვა.

ეს პირველი შემთხვევა არაა. “აი, ფაქტი” თვეებია, ცდილობს მათგან გელათთან დაკავშირებული სხვა ინფორმაციის მოპოვებას, თუმცა რეაგირების გარეშე გვტოვებენ და დაპირებისამებრ გამჭვირვალეები ნამდვილად არ არიან.

წყარო: https://ifact.ge/

კომენტარები