ქუთაისში, ბორის გაპონოვის ქუჩაზე, საქართველოში სიდიდით მეორე სინაგოგა დგას. ძეგლი მე-19 საუკუნით თარიღდება და კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია შეყვანილი. “ებრაელების უბნის” ამ ისტორიულ სამლოცველოს ახლა სულ რაღაც 20 მეტრში უშენებენ 4-სართულიან მრავალფუნქციურ კორპუსს.
ამით, ირღვევა საქართველოს კანონი კულტურული მემკვიდრეობის შესახებ და ზიანდება ისტორიული ძეგლის იერსახე. თუმცა, როგორც ჩანს, ეს არც მშენებელს ადარდებს, არც მშენებლობის ნებართვის გამცემ ქუთაისის მერიას.
საქმე ისაა, რომ 1886 წელს აგებული დიდი სინაგოგა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონაში მდებარეობს. მას არანაკლებ 50 მეტრის რადიუსში აქვს შემოსაზღვრული ფიზიკური, ხოლო 300 მეტრის რადიუსში – ვიზუალური დაცვის არეალი. ამიტომ, ამ მიდამოებში მშენებლობებზე განსაკუთრებული სიმკაცრეა:
“…ფიზიკური დაცვის არეალში აკრძალულია ყოველგვარი საქმიანობა, რომელიც დააზიანებს ან დაზიანების საფრთხეს შეუქმნის ძეგლს ან გააუარესებს მის აღქმას ან გამოყენებას, მათ შორის: ა) იმგვარი მოქმედებები, რომლებიც გამოიწვევს მიწის მნიშვნელოვან ვიბრაციას ან დეფორმაციას;
[…] ვიზუალური დაცვის არეალში აკრძალულია იმგვარი მოქმედებები, რომლებიც დააზიანებს ძეგლის ისტორიულად ჩამოყალიბებულ გარემოს, ხელს შეუშლის ძეგლის ოპტიმალურ ხედვას, მის სრულფასოვან აღქმას ან შეამცირებს მის მნიშვნელობას” – ვკითხულობთ საქართველოს კანონში კულტურული მემკვიდრეობის შესახებ.
ამის მიუხედავად, მშენებელ კომპანიას ამ ადგილას თანამედროვე, შემინული შენობის აგების ნება დართეს. პროექტი კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ დაამტკიცა, რის საფუძველზეც ქუთაისის მერიამ მშენებლობის ნებართვა გასცა.
ქრონოლოგია ასეთი იყო: 2017 წელს, ქუთაისის მერიამ სინაგოგის ჩრდილოეთით, სკვერში მდებარე 1995 კვ.მ ნაკვეთი აუქციონზე გაიტანა და შპს “ახალი დეველოპმენტს” 576, 800 ლარად მიჰყიდა, სანაცვლოდ კი 1,5 მილიონი ლარის ინვესტიციის ჩადება და 4-სართულიანი შენობის აგება დაევალა.
იმის გამო, რომ ტერიტორია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის არეალშია, პროექტს “მწვანე შუქი” კულტურული მემკვიდროების სააგენტოსგან უნდა ჰქონოდა. ამიტომ, 2018 წელს ქუთაისის მერიამ მათ მიმართა და “ახალი დეველოპმენტის” პროექტი გაუგზავნა. სააგენტომ პროექტის პირველი ორი ვერსია ისტორიულ იერსახესთან შეუსაბამობის გამო დაიწუნა, 2024 წლის მარტში კი პროექტი საბოლოოდ დამტკიცდა.
ამ პერიოდის განმავლობაში, სანამ სააგენტო “ახალი დეველოპმენტის” პროექტებს განიხილავდა, კომპანიას სამშენებლო სამუშაოები არ დაუწყია. ქუთაისის მერიისგან მშენებლობის ნებართვა 2021 წლიდან კი ჰქონდა, მაგრამ მხოლოდ ტერიტორია შემოღობა და საძირკველი გაჭრა.
პროექტის დამტკიცებისას, სინაგოგას ჩრდილოეთით მდებარე მიწის ნაკვეთი უკვე ახალი მფლობელის, “დიდი ველის” ხელში იყო. მან ნებართვამოპოვებული და საძირკველჩაყრილი ტერიტორია 2023 წლის დეკემბერში, 650 000 აშშ დოლარად იყიდა “ახალი დეველოპმენტისგან” და საინვესტიციო ვალდებულებებიც გადაიბარა.
ახალმა მფლობელმა გადაწყვიტა, რომ სინაგოგის მეზობლად არა სასტუმრო, არამედ მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი აეგო. ანუ, შენობის ვიზუალი იგივე დარჩა, მხოლოდ მისი ფუნქცია შეიცვალა.
საბოლოოდ, აქ განთავსდება: 26-ადგილიანი მიწისქვეშა ავტოფარეხი; სამი კომერციული ფართი და ჯამში 35 საცხოვრებელი ბინა 1-3 სართულებზე.
კომპანიის მფლობელ ოთარ სიორდიას თქმით, სამუშაოები 2025 წლის ბოლომდე დასრულდება. იერსახის დაზიანების პრობლემას ვერც ის ხედავს. გვითხრა, პრობლემა რომ ყოფილიყო, ნებართვას ხომ არავინ გასცემდაო.
სინაგოგასა და ამ მშენებარე ობიექტს შორის დისტანცია მხოლოდ 20 მეტრია. სწორედ ესაა პრობლემა და აჩენს ისტორიული ნაგებობის ვიზუალური იერსახის დამახინჯების რისკებს.
“რომც არ იყოს დარღვეული ეს 300 მეტრის რადიუსი, ადამიანის თვალი არსებობს. თუ ამ არეალში რაიმე ახალი განაშენიანება პაექრობას უწევს ჩამოყალიბებულ ურბანულ ქსოვილს, ასეთი ტიპის განაშენიანება, ახალი, იქ არ უნდა იყოს… ასეთ დროს, არსებობს უარის თქმის შესაძლებლობა. მახსოვს, იმასაც გვეუბნებოდნენ, ეს ტერიტორიაა კერძო საკუთრებაა და კერძო მესაკუთრეს რაც უნდა, იმას გააკეთებსო. არ არის ეს ასე, არსად. ჩვენს ხარვეზიან კანონშიც არაა ასე. მიწის ნაკვეთი შეიძლება იყოს კერძო, მაგრამ ქალაქი ეკუთვნის ხალხს და ქალაქისთვის სასიკეთო გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული. თუ მესაკუთრე ითხოვს კონკრეტულ საკუთრებაში მშენებლობის ნებართვის გაცემას, ამაზეც შეიძლება უარის თქმა, ფიქრი, ადგილმონაცვლეობის თვალსაზრისით და ასე შემდეგ. ეს მცდელობები არ ჰქონია ქუთაისის მუნიციპალიტეტს”, – აგვიხსნა ხელოვნებათმცოდნე ცირა ელისაშვილმა.
გაპონოვის #12-თან იერსახის შენარჩუნება მნიშვნელოვანია იმის გამოც, რომ დიდ სინაგოგას ტურისტებიც ხშირად სტუმრობენ, გიდები მას ქუთაისის საფეხმავლო ტურის მთავარ ობიექტად მიიჩნევენ.
თუმცა, როგორც ჩანს, ამ ისტორიულ უბანში იერსახესთან შეუსაბამო მშენებლობას იმით ამართლებენ, რომ იქ შენობა 30 წლის წინაც იდგა. გულისხმობენ სკოლას, რომელიც დაანგრიეს. მის ნაცვლად მწვანე ტერიტორია დარჩა, სადაც საბავშვო ატრაქციონებიც იდგა და ამ უბნის მოსახლეობისთვის, ფაქტობრივად, ერთადერთი სკვერი იყო.
“1872 წლის ქალაქის რუკაზე, ამ ტერიტორიაზე არსებობდა “მცირე” საცხოვრებელი განაშენიანება. ამ განაშენიანებამ იარსება თითქმის 1960- იან წლებამდე. საცხოვრებელი სახლების (სავარაუდოდ, 3-4 სახლი) ადგილზე აშენებული იქნა საჯარო სკოლის ორსართულიანი შენობა. ეს შენობა ჩანს 1987 წლის ფოტოსურათზე, სკოლის გეგმა აღნიშნულია 1982 წლის ტოპოგრაფიულ რუკაზე. ამავე რუკაზე აღნიშნულია დიდი ჭადრის და ნაძვის ხეები, ბ. გაპონოვის ქუჩის წითელი ხაზის გასწვრივ, სწორედ ჩვენი საკვლევი ნაკვეთის ტერიტორიაზე. ეს ხეები შემორჩენილია დღემდე. სკოლის შენობა დემონტირებული იქნა 1990-იანი წლების ბოლოს, რის შემდეგაც ტერიტორია ცარიელია, – ვკითხულობთ “ახალი დეველოპმენტის” მიერ 2018 წელს წარდგენილ ისტორიულ-არქიტექტურულ კვლევაში.
“კრიტიკას ვერ უძლებს ის არგუმენტი, რომ აქ თავის დროზე იდგა შენობა, რომელიც ახლა აღარ არსებობს და ჩვენ ამ შენობის ადგილას ვაშენებთ… თუ იდგა შენობა, ის სრულიად განსხვავებული იყო თავისი ‘გაბარიტებით’, მასშტაბით, ფორმით, სილუეტებით, ფუნქციური დანიშნულებით… თან, არც ეს “ახსნაა” გამართლებული, რომ შენობის ადგილას ისევ, მაინცდამაინც, შენობა უნდა ააშენო. პირიქით, შეიძლება ქალაქმა შეხედოს თავის ტერიტორიას მწვანე სივრცეების გაზრდის თვალსაზრისით და თქვას – აი, ამ ტერიტორიაზე არ მინდა რაიმე აშენდეს და მინდა ეს იყოს სარეკრეაციო სივრცე ქალაქისთვის….” , – გვეუბნება ხელოვნებათმცოდნე ცირა ელისაშვილი.
თუმცა, ერთი მხრივ, გასაგებიცაა, რატომ ვერ ახერხებს ქუთაისის მთავრობა ქალაქის სივრცეების თანმიმდევრულად განვითარებას. ამის მიზეზი ისიცაა, რომ ქუთაისის გენერალური განვითარების გეგმა დღემდე არ არის დამტკიცებული.
ცირა ელისაშვილი ჩვენთან საუბარში დანანებით ამბობდა იმასაც, რომ ქუთაისის ისტორიული ნაწილი იუნესკოს ძეგლთა ნუსხაში არ არის. ალბათ, ნაკლებად მოსალოდნელია, რომ მისი სურვილი ახდეს, თუ გავითვალისწინებთ როგორ ეპყრობიან გელათს, სწორედ იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლს.
ბუნებრივია, არ გვსურდა, რომ სტატია პასუხისმგებელი პირების კომენტარის გარეშე გამოგვექვეყნებინა. სააგენტო რომ ამ თემაზე არ რეაგირებს ვიცით. მათ ჯერ კიდევ 2022 წლის ზაფხულში მივწერეთ, რომ გაპონოვის ქუჩაზე სასტუმროს მშენებლობის დეტალები გაგვერკვია, თუმცა რეაგირება ჯერაც არ ჩანს. ქუთაისის მერიამ კი ინტერვიუზე უარი გვითხრა და ისევ საჯარო ინფორმაციის გამოთხოვაზე მიგვითითა, როგორც სჩვევიათ ხოლმე. წერილი მაინც გავგზავნეთ და თუ გამოგვეხმაურებიან, სტატიაში მათ პასუხს აუცილებლად ავსახავთ.
კომენტარები