მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ნუნისი – სოფელი ხარაგაულის მუნიციპალიტეტში

ნუნისი – სოფელი ხარაგაულის მუნიციპალიტეტში

ნუნისი – სოფელი საქართველოში, იმერეთის მხარის ხარაგაულის მუნიციპალიტეტში (ზვარის თემი). მდებარეობს მესხეთის ქედის ჩრდილო კალთაზე, მდინარე ნუნისისწყლის ხეობაში. ზღვის დონიდან 920 მ, ხარაგაულიდან 27 კმ. უახლოეს რკინიგზის სადგურ მოლითიდან 7 კმ.

სოფელში დგას ნუნისის ღვთისმშობლის ეკლესია.

ნუნისის წყლით ადრე მოსახლეობა კანის დაავადებას – მუნს მკურნალობდა, ამიტომ სოფელს მუნისი დაერქვა, შემდეგ სახელწოდება შეეცვალა და ნუნისი ეწოდა.

სოფელ ნუნისს დიდი ხნის ისტორია აქვს. ჯერ კიდევ ვახუშტი ბატონიშვილს აქვს მოხსენიებული ნუნისის წყალი, როგორც საამო და მარგებელი.

ნუნისის აღმოჩენის შესახებ მრავალი ლეგენდა არსებობს. ერთ-ერთი მთავარი მათგანი დავით აღმაშენებლის სახელს უკავშირდება. ლეგენდა მოგვითხობს, რომ დავით მეფე ბრძოლიდან ბრუნდებოდა. დაღლილ სახედრებს კანი მთლიანად გადატყაული ჰქონდათ, როდესაც პირუტყვები ნუნისის წყალში შესულან, ჩაწოლილან და დიდხანს ვერ აუყენებიათ. წყალს მათი დაწყლულებული კანი მალე განუკურნავს. დავითს სოფელი მოსწონებია და იქ ეკლესიის აგება უბრძანებია.

ამ ადგილას მდებარეობს გამაჯანსაღებელი და ბუნების სილამაზით სახელგანთქმული ბალნეოლოგიური კურორტი “სამთა ნუნისი”, რომელიც ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის სამხრეთ–აღმოსავლეთ ნაწილში, ლიხის ქედის მთისწინეთში, ზღვის დონიდან 750 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. ნუნისის უნიკალურ მიკროკლიმატს ქმნის შერეული, ფოთლოვანი და წიწვოვანი ტყე. კურორტს კვეთს მდინარე ნუნისის წყალი.

კურორტი არსებობს 1856 წლიდან. ნუნისი ოდითგანვე ცნობილია სამკურნალო თვისებების მქონე მინერალური (ბალნეოლოგიური) წყლებით. აქ დასვენება განსაკუთრებით სასარგებლოა მათთვის, ვისაც კანისა და ნერვულ ნიადაგზე გამოწვეული დაავადებები აწუხებთ. აქ შესაძლებელია ზვარეს მინერალური წყლის დალევაც. ზვარეს წყალი ასევე სამკურნალოა და ის დაბალ მჟავიანობას აბალანსებს.

გაზაფხულზე, ფიჭვებისა და ნაძვების ყვავილობის დროს, ნუნისის ჰაერს საოცარი გამაჯანსაღებელი ეფექტი აქვს. ამ დროს ნუნისის ჰავა განსაკუთრებით მარგებელია ფილტვებისა და ბრონქებისთვის.

კომენტარები