საქმე გვაქვს ტყუილებთან. კომიტეტმა 28 თებერვალს განაცხადა, რომ მხოლოდ ორი დღე იდო თოვლი საკურთხევლის სახურავის ნაწილზე, მაგრამ სინამდვილეში, ორი დღის ნაცვლად, ათი დღე იდო თოვლი საკურთხევლის აფსიდის თავზე, – ამის შესახებ “ევროპა ჩვენი სახლიას” დამფუძნებელმა თორნიკე ბარათაშვილმა გელათის მონასტერთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, მათ მიერ მოპოვებული კადრებით მტკიცდება, რომ გელათის მონასტრის კონკრეტული ნაწილები დიდი საფრთხის წინაშეა.
“თოვლი არავის უკვირს ზამთარში და ზუსტად ამას ვვარდაუდობდით გასულ ზაფხულს, რომ კონკრეტული ადგილიდან არ შეიძლებოდა, მოგვეხსნა თუნუქის საფარველი ისე, რომ დაგვეტოვებინა ეს ლაბორატორიულად დაწუნებული კრამიტი ღია ცის ქვეშ. თუმცა, მაშინ კომიტეტი კატეგორიულად გვიმტკიცებდა, რომ აბსოლუტურად დაცული იყო ნალექებისგან და სანერვიულო არაფერი იყო, თუმცა ჩვენ ერთი წელი ვამტკიცებდით, რომ წვიმა იქ აღწევს. ეს ყველაფერი თოვლმა თავდაყირა დააყენა, თეთრი საფარველით შემოსილი საკურთხევლის გადახურვა იყო ყველასთვის თვალსაჩინო და ეს კატეგორიული მტკიცება, რასაც კომიტეტი ამ თვეების მანძილზე არ იზარებდა და საზოგადოებას უხსნიდა, ვხედავთ, რომ ქარმა წაიღო. ეს ეხება ტაძრის ყველაზე უფრო მგრძნობიარე ნაწილს – საკურთხევლის კონქისს, საკურთევლის აფსიდის გადახურვას, სადაც არის მოზაიკა, რომელიც საზოგადოებამ კარგად იცის, რომ არის მძიმე მდგომარეობაში.
ორი წლის თავზე ჩვენ გელათში არ გვაქვს არა თუ შედეგი, არამედ საქმე უკან წავიდა.
საქმე გვაქვს ტყუილებთან. ეს ტყუილები დავაფიქსირეთ გასული წლის ივლისში, როდესაც დაკეტილი იყო გელათის მონასტერი. იგივე განმეორდა ახლაც, ზამთარში. ტყუილი მდგომარეობს იმაში, რომ კომიტეტმა 28 თებერვალს განცხადება გაავრცელა, რომ მხოლოდ ორი დღე იდო თოვლი ყინვის ქვეშ, რაც არაფერს არ ცვლის. მაგრამ თავდაყირა დააყენა ეს მტკიცებულებები ჩვენმა ახალმა ვიდეომ, რომელიც 18 თებერვლითაა დათარიღებული. ეს ნიშნავს იმას, რომ ორი დღის ნაცვლად, ათი დღე იდო თოვლი საკურთხევლის აფსიდის თავზე და ათი დღე კი არა, ერთი საათიც რომ ყოფილიყო, ეს ძალიან საგანგაშო და საყურადღებოა. ამას უნდა დავამატოთ ის, რომ ზუსტად საკურთხევლის თავზე არის გაჭრილი 2021 წელს სარკმელი, რომელიც არის ზედაპირის ნიშნულის ქვემოთ, რაც, რა თქმა უნდა, წყლის შემკრებლის როლს შეასრულებდა” , – განაცხადა თორნიკე ბარათაშვილმა.
კომენტარები