მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

პარლამენტის ყოფილი შენობის რეაბილიტაციისთვის 12,7 მილიონი დაიხარჯება

პარლამენტის ყოფილი შენობის რეაბილიტაციისთვის 12,7 მილიონი დაიხარჯება

ქუთაისში ტექნოლოგიური ჰაბის შექმნის მიზნით ყოფილი პარლამენტის შენობის რეაბილიტაციის მიზნით გამოცხადებულ ბოლო ორ ტენდერში გამარჯვებულები გამოვლინდა. ყოფილი პარლამენტის C კორპუსის ფასადის მედიაგანათების (3D Mapping) პროექტირების, მშენებლობის და მონტაჟის მიზნით გამოცხადებულ ტენდერში მხოლოდ ერთი პრეტენდენტი იყო – კომპანია “მაიჯიპიესი”, რომელიც სამუშაოებს 7 527 000 ლარად შეასრულებს. ამჟამად მიმდინარეობს ხელშეკრულების გაფორმება. “მაიჯიპიესის” მფლობელი და დირექტორი მიხეილ ჩაკაბერიაა. აღნიშნულ კომპანიას 30,5 მლნ-ის 62 ტენდერი აქვს მოგებული, ასევე, 5 მლნ ლარის 128 გამარტივებული შესყიდვა და 3,4 მლნ-ის 7 კონსოლიდირებული შესყიდვა.

მეორე ტენდერი კი ეხება ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის აუზის, სახურავის და გუმბათის ჰიდრო და თბოსაიზოლაციო სამუშაოებს, რომელსაც 5 265 600 ლარად შპს “ჰიდროსერვი” შეასრულებს. საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) მიერ გამოცხადებულ ამ ტენდერშიც ერთი კომპანია იყო პრეტენდენტი. მასთან ხელშეკრულება 13 მაისს გაფორმდა. შპს “ჰიდროსერვის” მესაკუთრეები 25-25%-იანი წილით მამუკა მოძმანაშვილი, ლაშა შაყულაშვილი, დავით კიკაბიძე და ინეზა კიკაბიძე არიან. დირექტორი კი დავით მეტრეველი. ტენდერების მონიტორის მონაცემებით, კომპანიას 16 ტენდერი აქვს მოგებული 5,8 მლნ ლარის ჯამური ღირებულებით.

GITA-სთან გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, შპს “ჰიდროსერვმა” ქუთაისში ტექნოლოგიური ჰაბის (ყოფილი პარლამენტის C კორპუსი) აუზისა და სახურავის ჰიდროსაიზოლაციო და გუმბათის თბოსაიზოლაციო სამუშაოების სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია უნდა მოამზადოს და სამშენებლო სამუშაოებიც შეასრულოს.

ხელშეკრულების მიხედვით, პროექტირებისა და მშენებლობის საერთო ხანგრძლივობა, მოსამზადებელი და სამობილიზაციო სამუშაოების ჩათვლით შეადგენს – არაუმეტეს 365 კალენდარულ დღეს, არაუგვიანეს 2026 წლის 13 მაისისა, ამასთან საპროექტო სამუშაოების ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 60 კალენდარულ დღეს, არაუგვიანეს 2025 წლის 12 ივლისისა. მიმწოდებელი ვალდებულია დაგეგმილი ჰიდროიზოლაციის სამუშაოების სრულად განხორციელებამდე, პირველ ეტაპზე უზრუნველყოს შენობის შიდა სივრცეებში, მათ შორის სარდაფში, წყლის ჩამოსვლის სრულად შეჩერება არაუგვიანეს 10 სექტემბრისა.

ქუთაისის პარლამენტის შენობა პარლამენტის სესიებს 2012-2016 წლების განმავლობაში მასპინძლობდა, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ კი ის სრულიად უფუნქციოდ დარჩა. 2023 წლის ივნისში მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შენობაში ტექნოლოგიური ჰაბის მოწყობის პროექტი დააანონსა, თუმცა ის ირაკლი კობახიძის მთავრობამ 2024 წლის აგვისტოში ხელახლა დააანონსა. პარლამენტის ყოფილ შენობაში 2025 წლისთვის ტექნოლოგიური ჰაბის გახსნა საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს დაევალა. გასული წლის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ GITA აღნიშნულ ტერიტორიაზე სომხურ კომპანია TUMO-ს სასწავლო ცენტრის მოწყობაში €1.8 მილიონს გადაუხდის.

ამასთან, გასული წლის ოქტომბერში, ქუთაისში, პარლამენტის ყოფილი შენობის რეაბილიტაციის ₾21-მილიონიან ტენდერში კომპანია “თბილმა სახლმა” გაიმარჯვა. ხელშეკრულების თანახმად, მას სამუშაოების დასრულების 10-თვიანი ვადა აქვს. შესაბამისად, წესით სექტემბრამდე სამუშაოები უნდა დაასრულოს.

კომენტარები