ქუთაისში, “თეთრ ხიდზე” რომ დადგები და “გორას” ძველ უბანს ახედავ, კარგად ჩანს დამეწყრილი და მოშიშვლებული ტერიტორია. გაფრინდაშვილის ქუჩის ეს ხედი მერვე წელია უცვლელია. ჯერ კიდევ 2017 წლის ოქტომბერში ფერდობს მიწა მოწყდა და ადგილობრივი მოსახლის ეზო ჩახერგა. ფერდობიდან ნიადაგის გრუნტი ზუსტად ამ ადგილას ჩამოიშალა 2019-შიც და მას შემდეგ, დროდადრო, იშლება. გზის და ეზოების დაზიანების საფრთხე დღემდე არსებობს, მოსახლეობა ყურადღებას ელის, თუმცა ადგილობრივი მთავრობა პრობლემას რვა წლის თავზეც ვერ აგვარებს.
ამ სტატიაში მოკლედ მოგიყვებით, რა ხდება გაფრინდაშვილის ქუჩაზე, რიონის მარჯვენა სანაპიროს მიმდებარედ და რა ზომებს უნდა იღებდეს ქუთაისის მერია მეწყრის რისკის გასანეიტრალებლად.
2017 წლის ოქტომბერში მეწყერმა ყველაზე მეტად იანგო ქარსლიდი დააზარალა. ფერდობიდან მოწყვეტილი მიწის მასა და მცენარეული საფარი მის ეზოში დაიყარა და სამზარეულოს შენობა დაუნგრია. ქარსლიდმა ზარალის ანაზღაურებაზე თავად იზრუნა – მერიისგან ნებართვა აიღო, მიწის მასა ეზოდან გაიტანა და დაზიანებული სამზარეულოს შენობა დაანგრია. ამის შემდეგ, გაჩნდა საყრდენი კედლის მოწყობის აუცილებლობა. ეს ჩვეული პრაქტიკაა “გორაზე”, რომელიც შემაღლებული უბანია და სახლების უმრავლესობას ეზოს წინ კედელი აქვს აღმართული, წვიმისას მთიდან ჩამოშლილი მიწა რომ შეაკავოს.
ადგილობრივმა მთავრობამ ქარსლიდის ეზოს დასაცავად ბარიერის მოწყობა მეწყრიდან ერთი წლის თავზე, 2018 წლის ოქტომბერში გადაწყვიტა. ქუთაისის მერიამ საყრდენი კედლის პროექტის მომზადება შპს “სანდოს” დაუკვეთა. პროექტი 2018 წელსვე ჩაიბარეს, უშუალოდ სამუშაოები კი კიდევ ერთი წლის დაყოვნებით, 2020 წლის თებერვალში დაიწყეს.
ამასობაში, სანამ ქუთაისის მერია საყრდენი კედლის მოწყობას თავს მოაბამდა, გაფრინდაშვილის ქუჩა კვლავ ჩაიხერგა. 2019 წელს ჩამონგრეულმა გრუნტმა გზის სავალ ნაწილზე საძირკველი გამოაცალა ბეტონის საფარს და ჩამოიყოლა დიდი ხეები.
ამის შემდეგ, ქუთაისის მერიამ დაიქირავა შპს “ფირმა იმედი”, რომელსაც 113 000 ლარად დაავალა ქუჩის ნაშალისგან გაწმენდა, ფერდობიდან ჩამოვარდნის პირას მყოფი ზედმეტი მასის მოხსნა, მოთხრილი ხეების მორებად დანაწევრება, დაზიანებული ბეტონის საფარის საძირკვლის აღდგენა, ღვარსადენის და უშუალოდ საყრდენი კედლის მოწყობა.
“ფირმა იმედმა” 4 მეტრი სიმაღლის და 24 მეტრი სიგრძის კედელი მერიას 2020 წლის ზაფხულში ჩააბარა. მიღება-ჩაბარების დოკუმენტი ტენდერში 21 ივლისსაა ატვირთული. სამუშაოები შპს “საინჟინრო მონიტორინგის ჯგუფმა” შეამოწმა, მათი შემოწმებული მერიამ გადააკონტროლა და შენიშვნა არ ჰქონია. მიიჩნიეს, ყველაფერი კარგია, შენიშვნები არ გვაქვსო, მაგრამ სულ ტყუილად. დამცავი კედელი გზას და მოსახლეობას ვერ იცავს – გზაზე ფერდობიდან ჩამონაშალი მიწა ისევ იყრება, განსაკუთრებით, ძლიერი წვიმების შემდეგ.
“გორაზე”, გაფრინდაშვილის ქუჩაზე 24 დეკემბერს ავედით. ჩვენი თვალით ვნახეთ გზაზე ჩამოსული ტალახი, დაბზარული ბეტონი, ფერდობზე ალაგ-ალაგ ჩამოყრილი ქვები და ხეები. ამ სურათით, აშკარაა, რომ საყრდენი კედელი თავის ფუნქციას ვერ ასრულებს.
ვესაუბრეთ ადგილობრივებს, რომელთა სახლიც უშუალოდ მეწყერსაშიში ფერდის განაპირას დგას და იმათაც, ვინც შედარებით დაბლა, გაფრინდაშვილის ქუჩის მთავარ გზაზე ცხოვრობს. ქვემოთ პრობლემა ნაკლებად აწუხებთ, რადგან ჩახერგილ გზაზე გავლა არ უწევთ. თუმცა, მძიმე დღეშია უშუალოდ მაღლობზე მცხოვრები ზვიად წერეთელი.
ის მეწყერსაშიშ ზონაში გაუსაძლისი პირობების გამო ვერ რჩება და მესამე წელია მერიის მიერ ნაქირავებ სახლში ცხოვრობს. ამით ბედნიერი მაინც არ არის, თავის სახლში უნდა დაბრუნება. თუმცა, სანდო კედლის აგების ნაცვლად ადგილობრივი მთავრობა გასახლებას სთავაზობს.
“სამი წელიწადია ნაქირავებში ვარ, პატრონი არაა არავინ. ვეხვეწები მერიას, დამეხმარეთ, გამიკეთეთ კედელი-თქო… მოვიდნენ, მოჭრეს მიწა, გაიტანეს… მოვიდნენ, მოჭრეს, გაიტანეს…”, – გვითხრა ზვიად წერეთელმა.
“სახიფათოა ეს. სანამ არ დავიმარხებით ცოცხლად, მანამდე არ მოგვაქცევენ ყურადღებას. აქ ყველგან მეწყერია. ასხამენ ბეტონს თავისი ჭკუით… არჩევნებამდე მოიყვანეს მანქანა, უნდა გავაკეთოთო, მაგრამ აღარ ჩანს აღარც მანქანა და აღარაფერი. გორაზე რომ ახვიდეთ და ნახოთ მიწა, რბილია, გაჟღენთილია”, – გვითხრა გაფრინდაშვილის ქუჩის მცხოვრებმა, სახელის და გვარის გამხელის გარეშე.
მოსახლეობამ გვითხრა, მერიაში ვრეკავთ ხოლმე და დახმარებას ვითხოვთ, მაგრამ რეაგირება არ არისო.
რასაკვირველია, ქუთაისის მერიაში ჩვენც მოვიკითხეთ, რას უპირებენ გაფრინდაშვილის ქუჩის მეწყერსაშიშ მონაკვეთს და თუ იციან, რომ საყრდენი კედელი თავის ფუნქციას სათანადოდ ვერ ასრულებს.
პრესსამსახურმა გვითხრა, საჯარო ინფორმაცია გამოითხოვეთ და კანონით დადგენილ ვადებში გიპასუხებთო. არადა, ჩვენ პასუხისმგებელ პირთან ინტერვიუ გვსურდა. რადგან სხვა გზა არ დაგვიტოვეს, 23 იანვარს წერილი გავგზავნეთ და მათი პასუხის შემდეგ სტატია შესაბამისად განახლდება.
ჩვენი მიზანი მხოლოდ ადგილობრივი მთავრობის კრიტიკა კი არა, მოსახლეობის ყოფის უკეთესობისკენ შეცვლაა. ამიტომ, მომავალშიც თვალი გვეჭირება იმაზე, რას მოიფიქრებს მერია, როგორც შეუქმნის გაფრინდაშვილის ქუჩის მცხოვრებლებს უსაფრთხო საცხოვრებელ პირობებს.
კომენტარები