მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

რატომ არ შეიძლება ალკოჰოლისა და ფენიბუტის ერთად მიღება — რა უნდა ვიცოდეთ ამ სახიფათო კომბინაციაზე

რატომ არ შეიძლება ალკოჰოლისა და ფენიბუტის ერთად მიღება — რა უნდა ვიცოდეთ ამ სახიფათო კომბინაციაზე

ფენიბუტი ფსიქოსტიმულატორი და ამასთანავე ნოოტროპული საშუალებაა. მას შფოთვის, გუნება-განწყობის პრობლემებისა და ძილის დარღვევის დროს ნიშნავენ. საინტერესოა ის, რომ პრეპარატი ალკოჰოლური აბსტინენტური სინდრომის დროსაც გამოიყენება, ანუ იმ სიმპტომების საპრევენციოდ ან შესამსუბუქებლად, რომლებიც ალკოჰოლისათვის თავის დანებებისას ჩნდება.

ალკოჰოლის მიღების ცდუნება დიდია ხოლმე, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა პაციენტი თავის დანებებას ცდილობს. ამის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ ფენიბუტისა და ალკოჰოლის ერთად მიღება შეიძლება ძალიან სახიფათო აღმოჩნდეს.

როგორ ურთიერთქმედებს ფენიბუტი და ალკოჰოლი?

ალკოჰოლი ცენტრალური ნერვული სისტემის დეპრესანტია. ასეთი ნივთიერებები ცენტრალური ნერვული სისტემის მუშაობას ანელებს და სწორედ ამ გზით იწვევს სიმშვიდისა თუ მოთენთილობის შეგრძნებებს. რადგან ფენიბუტიც ალკოჰოლის მსგავსად მოქმედებს, პრეპარატმა შეიძლება ალკოჰოლის ზემოქმედება და მისი გვერდითი მოვლენები გაამძაფროს, მათ შორის: მოთენთვა, განწყობის ცვალებადობა, ეიფორია, იმპულსური ქცევა, გულისრევა, ღებინება, კოორდინაციის დარღვევა და ა. შ. ამ დროს, მაგალითად, შესაძლოა, იმაზე მეტად მოვითენთოთ, ვიდრე ცალკე ალკოჰოლის ან ცალკე ფენიბუტის მიღებისას მოხდებოდა.

ალკოჰოლისა და ფენიბუტის ერთად მიღებისას ყველაზე ხშირი სიმპტომები გულისრევა და ღებინებაა მომდევნო დღით. ფენიბუტმა შეიძლება ნაბახუსევის მსგავსი სიმპტომებიც გამოიწვიოს. უფრო ზუსტად, შეიძლება განვითარდეს:

● ძლიერი მოთენთილობა;

● ეიფორია;

● განწყობის ცვალებადობა;

● შენელებული ანდა არეული მეტყველება;

● კონცენტრაციისა და გადაწყვეტილებების მიღების სირთულე;

● აზროვნების გაძნელება;

● გულისრევა და ღებინება;

● დიარეა;

● თავის ტკივილი;

● იმპულსური ქცევა;

● გონების დაკარგვა და მეხსიერების დარღვევა.

შესაბამისად, ამ ორი ნივთიერების შერევისას შანსია, რომ მეორე დღით ძალიან ცუდად იქნებით.

მიუხედავად იმისა, რომ ფენიბუტის დოზის გადაჭარბება ნაკლებად არის შესაძლებელი, ალკოჰოლთან ერთად მისი მიღებისას ზედოზირებისა და მოწამვლის რისკი ჩნდება. ამ ორი ნივთიერების ერთად მიღებისას ცენტრალურ ნერვულ სისტემაში ქაოსი იქმნება. შესაძლოა, თავიდან ძლიერი თრობის შეგრძნება შეიძლება გაჩნდეს, თუმცა მალე სწრაფი რეაგირების უნარი სუსტდება და აზროვნებაც ფერხდება. შესაძლოა, ამ დროს გაუაზრებლად სახიფათო რაოდენობის ალკოჰოლი მივიღოთ – იმაზე მეტი, ვიდრე სხეულს ზიანის გარეშე შეუძლია გადაამუშაოს.

ალკოჰოლისა და ფენიბუტის ერთდროულად მიღება ზოგჯერ ძალიან ძლიერ მოთენთილობას იწვევს — იმდენად ძლიერსაც, რომ შეიძლება გონების დაკარგვაც განვითარდეს. ამის მიუხედავად, ყველაზე სახიფათო გვერდითი მოვლენა სუნთქვის ჩახშობაა, რა დროსაც ტვინს ჟანგბადი არასაკმარისად მიეწოდება. ეს პრობლემა დეპრესანტების შერევისას საკმაოდ ხშირად ჩნდება.

გარდა გონების დაკარგვისა, ამან ტვინის დაზიანება და სიკვდილიც კი შეიძლება გამოიწვიოს.

შესაბამისად, ალკოჰოლი არ უნდა დალიოთ, თუ ბოლო 24 საათის განმავლობაში ფენიბუტი მიიღეთ. მართალია, ამას შეიძლება ძლიერი ნაბახუსევის სიმპტომებითაც გადაურჩეთ, თუმცა გარისკვა არ ღირს, როცა მეორე მხარეს ტვინის დაზიანება, კომა და სიკვდილია.

კომენტარები