მთავარიახალი ამბებისლაიდი

რა ფუნქცია უნდა ჰქონდეს ქუთაისს — მერობის კანდიდატების ხედვები

რა ფუნქცია უნდა ჰქონდეს ქუთაისს — მერობის კანდიდატების ხედვები

ქუთაისის მოსახლეობის ნაწილი მათ ქალაქში ყველაზე დიდ პრობლემად უმუშევრობას და მისგან გამოწვეულ მიგრაციას ასახელებს. მნიშვნელოვან საკითხებს შორის ასევე არის ქუთაისის, როგორც ქალაქის უფუნქციობა.

ნეტგაზეთი დაინტერესდა, თუ რა ხედვა და გეგმები აქვთ ქუთაისის მერობის კანდიდატებს ქალაქის განვითარებისა და არსებული პრობლემების მოსაგვარებლად.

სხვა კანდიდატებისგან განსხვავებით, “ქართული ოცნების” კანდიდატმა იოსებ ხახალეიშვილმა უარი განაცხადა ინტერვიუზე და საპასუხოდ პარტიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა გამოგვიგზავნა განცხადება, სადაც ქუთაისში განსახორციელებელი დაგეგმილი პროექტების შესახებაა საუბარი.

კონტექსტი — ქალაქი ფუნქციის გარეშე
ქუთაისი საქართველოს ქალაქებს შორის ერთ-ერთია, სადაც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დეინდუსტრიალიზაციის სწრაფი პროცესი დაიწყო, რის შედეგადაც ქალაქში არაერთი ქარხანა და სამრეწველო ობიექტი დაიხურა.

ქალაქის ინდუსტრიული ფუნქციის დაკარგვისა და სამუშაო ადგილების გაქრობის პარალელურად, შემცირდა ქუთაისის მოსახლეობაც.

მოსახლეობის შემცირების ძირითად მიზეზად საქართველოს სხვა ქალაქებში ან ქვეყნის გარეთ მიგრაცია სახელდება. საქსტატის მონაცემების თანახმად, ქუთაისის მოსახლეობა 1994 წელს 232 200 ადამიანი იყო, 2021 წელს კი — 134 378. 1994 წლის შემდეგ ქუთაისის მოსახლეობის რიცხვი მუდმივად იკლებს მაშინ, როდესაც, შედარებისთვის, 2012 წლიდან საქართველოს სხვა სამ დიდ ქალაქში — თბილისში, ბათუმსა და რუსთავში — მოსახლეობა მცირედით, თუმცა მუდმივად იზრდება.

ბოლო ათწლეულების განმავლობაში სხვადასხვა მთავრობა ცდილობს, ქუთაისს ახალი პოლიტიკური, ტურისტული, ინდუსტრიული, საგანმანათლებლო თუ სატრანსპორტო ფუნქციები შესძინოს.

2012-2018 წლებში ქალაქში განთავსებული იყო საქართველოს პარლამენტი, რომელსაც, “ენმ-ის” მთავრობის განცხადებით, ქუთაისს ახალი “საპარლამენტო დედაქალაქის” ფუნქცია უნდა შეეძინა.

2012 წელს განახლდა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც საქართველოში დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების მთავარ ბაზად იქცა, რამაც გაზარდა ქუთაისის სატრანსპორტო და ტურისტული მნიშვნელობა.

2020 წელს ქალაქში გაიხსნა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, რომელმაც, უნივერსიტეტის გახსნის იდეის ავტორთა და მხარდამჭერთა თანახმად, ქუთაისი საგანმანათლებლო ცენტრად უნდა აქციოს.

ქუთაისში არსებობს 2 თავისუფალი ეკონომიკური ზონა, მათ შორის, ქუთაისის თიზ და “ჰუალინგის” თავისუფალი ინდუსტრიული ზონა, რომელთა შექმნის ერთ-ერთი მიზანიც ქუთაისის ინდუსტრიული ფუნქციის დაბრუნება იყო.

“ქართული ოცნების” მმართველობის დროს გაიცა დაპირებები, რომ ქუთაისში აშენდებოდა ელექტრომობილების ქარხანა, რკინიგზა დაუკავშირდებოდა საერთაშორისო აეროპორტს, მოხდებოდა რიონისპირა სახლებისა და წყალტუბოს სანატორიუმების რეაბილიტაცია, რაც ქუთაისს ახალ ინდუსტრიულ, სატრანსპორტო და ტურისტულ ფუნქციებს შემატებდა, თუმცა აღნიშნული პროექტები ამ დრომდე არ განხორციელებულა.

ინდუსტრიული ჰაბი, “დრაივ მუზეუმი მედეა” და პარლამენტი — ანდრო ლოსაბერიძე
ანდრო ლოსაბერიძის განცხადებით, რომელიც ქუთაისის მერის არჩევნებში პოლიტიკური პლატფორმა “მესამე ძალის” კანდიდატია, მისი მერად გახდომის შემთხვევაში, იგი შეასრულებს ქალაქის ელჩის ფუნქციას, რათა მოიზიდოს უცხოური ინვესტიციები.

“ჩვენ ვგეგმავთ, რომ ქუთაისში გავაკეთოთ ინდუსტრიული ჰაბი, სადაც შესაძლებელი იქნება უცხოური ინვესტიციების მოზიდვა, რათა დასაქმდნენ ადგილობრივები.

ამ შემთხვევაში იგულისხმება სპეციალური სივრცეები, სადაც მიყვანილი იქნება კომუნიკაციები და იარსებებს სპეციალური საგადასახადო სისტემა.

ჩვენი მოქალაქე არ უნდა იყოს მოწადინებული, რომ უცხოეთში წავიდეს სამუშაოს საძებნელად, არამედ იგი უნდა დასაქმდეს ადგილზე”, – განაცხადა ანდრო ლოსაბერიძემ.

შეკითხვაზე, მაშინ, როდესაც ქუთაისში უკვე არის თავისუფალი ინდუსტრიული ზონები, რა მახასიათებლით იქნება “მესამე ძალის” იდეა განსხვავებული იმისგან, რაც უკვე არსებობს, ლოსაბერიძე აცხადებს, რომ მის შემოთავაზებულ პროექტში ჩართვის საშუალება ექნება არა ერთს, არამედ ბევრ სხვადასხვა საწარმოს.

მისივე განცხადებით, ქალაქის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, ქუთაისს დაუბრუნდეს საპარლამენტო ქალაქის სტატუსი.

“ქართულმა ოცნებამ ქუთაისისთვის საპარლამენტო სტატუსის წართმევით ძალიან დიდი ბოროტება გააკეთა არამხოლოდ ქალაქის, არამედ მთლიანად დასავლეთ საქართველოს წინააღმდეგაც, რადგან ის იყო ღერძი, რის გარშემოც უნდა განვითარებულიყო ჩვენი ქალაქი.

ჩვენი ამოცანაა, რომ პარლამენტი დავაბრუნოთ ქუთაისში. ეს არ არის მერის პრეროგატივა, თუმცა მე შევეცდები გავლენა ვიქონიო საზოგადოებრივ აზრზე და დავარწმუნო ადამიანები ამის სიკეთეში. ჩვენი საპარლამენტო გუნდი იბრძოლებს ამისათვის პარლამენტიდან”, – განაცხადა ლოსაბერიძემ.

მისივე თქმით, ქუთაისს გააჩნია დიდი ტურისტული პოტენციალი და მისი მერობის შემთხვევაში იზრუნებს, რომ შეიქმნას სხვადასხვა სანახაობა, რათა ტურისტების ქალაქში დაყოვნების დრო გაიზარდოს.

“ჩვენი ამოცანაა, რომ გავაკეთოთ ისეთი პროექტები, როგორიცაა “დრაივ მუზეუმი მედეა”, რაც გულისხმობს სივრცეს, სადაც თანამედროვე ინსტაცალიების გამოყენებით, ავტომობილით ან ფეხით შესული ადამიანი შეძლებს იმოგზაუროს საქართველოს ისტორიის სხვადასხვა ეპოქაში.

ასევე გვინდა, რომ გავაკეთოთ დასვენების ზონები, რომელიც განკუთვნილი იქნება ადგილობრივებისა და ქალაქის მცხოვრებლებისთვის”, – აცხადებს ანდრო ლოსაბერიძე.

მისივე განცხადებით, მისი არჩევის შემთხვევაში, იგი იზრუნებს, რომ ქალაქის ცენტრში გაკეთდეს დიდი ავტო-პარკინგი, აშენდეს პროფესიული სასწავლებლები და მოსწავლე ახალგაზრდობის განახლებული სასახლე.

ქუთაისის სპეციალური სტატუსი – ხატია დეკანოიძე
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, ქუთაისის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია, რომ მას საპარლამენტო ქალაქის სტატუსი დაუბრუნდეს.

“ქუთაისს უნდა დაუბრუნდეს საპარლამენტო სტატუსი. ჩვენი გუნდის ერთ-ერთი მთავარი განაცხადი იყო ქუთაისში ადმინისტრაციული ცენტრის გადმოტანა. ეს ნიშნავს იმას, რომ ქუთაისში შეიქმნებოდა ბევრი სამუშაო ადგილი, მათ შორის, ახალგაზრდებს ექნებათ შესაძლებლობა, რომ იმუშაონ ქუთაისში და ასევე, განიტვირთოს თბილისი. ამ გზით ქუთაისში შეიქმნება სამუშაო ადგილები და გაქირავდება ბევრი სახლი”, – აცხადებს ხატია დეკანოიძე.

მისივე თქმით, წამოჭრის ქუთაისის, როგორც განსაკუთრებული სტატუსის მქონე თვითმმართველი ქალაქის პროექტს, რომელზე მუშაობაც უკვე დაწყებულია საპარლამენტო ფორმატში.

“ქუთაისი უნდა იყოს გამორჩეული თვითმმართველი ქალაქი. ჩვენ აუცილებლად წამოვჭრით ქუთაისის განსაკუთრებული თვითმმართველი ქალაქის კანონ-პროექტი. ქუთაისი, როგორც თვითმმართველი ქალაქი – ბურჯი, რაც გულისხმობს იმას, რომ ქუთაისში მოკრეფილი გადასახადები სრულიად დარჩეს ქალაქში.

ასევე, მოხდეს სკოლების დეცენტრალიზაცია, რათა არ ექვემდებარებოდეს ცენტრალურ ხელისუფლებას და არ იყოს გამოყენებული პოლიტიკურად. პირველი უსაფრთხოების შერიფი არჩეული უნდა იქნეს ქუთაისში”, – განაცხადა დეკანოიძემ.

მისი თქმით, “მერი უნდა იყოს პოლიტიკურად ძლიერი ფიგურა, რათა მოსთხოვოს ცენტრალურ ხელისუფლებას ბევრი რამ ქუთაისის კეთილდღეობისთვის”.

დეკანოიძის განცხადებით, განათლების, პოლიციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის სფეროებში განსახორციელებელია რეფორმები, რასაც სჭირდება პოლიტიკური ნება.

“ეს პოლიტიკური ნება მიიღწევა ხალხის წინაშე პასუხისმგებლიანი მერით და მეორე მივიდეთ ვადამდელ არჩევნებამდე და შევცვალოთ ხელისუფლება.

მე არ შემიძლია, რომ ქუთაისელებს დავპირდე, რომ ორ დღეში ყველაფერი მოგვარდება, აქამდე უნდა მივიდეთ გეგმით, ნაბიჯ-ნაბიჯ”, — განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ქუთაისს არ შეიძლება ჰქონდეს ერთი ფუნქცია – გიორგი გოგუაძე
გიორგი გოგუაძე, რომელიც ქუთაისის მერობის არჩევნებში პარტია “საქართველოსთვის” წარმოადგენს, მიიჩნევს, რომ ქუთაისს არ შეიძლება ჰქონდეს ერთი კონკრეტული ფუნქცია, განსაკუთრებით მაშინ, როცა ეს ფუნქცია “შენობის სახითაა გამოხატული”.

“ქუთაისი თავისი ისტორიითა და კულტურით, არის ისეთი ქალაქი, რომელსაც წარმოუდგენელია, რომ მხოლოდ ერთი ფუნქცია ჰქონდეს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეს ფუნქცია ერთ კონკრეტულ შენობაშია გამოხატული.

მე ქუთაისს ვხედავ მრავალ-ფუქციურ ქალაქს, რომელიც ერთ შენობა-ნაგებობაში კი არ გამოიხატება, არამედ იმ ამოცანებში, როგორიცაა ეკონომიკურად სწრაფად მზარდი ქალაქი, ეკოლოგიურად სუფთა ქალაქი, რომელიც კომფორტულია ყველა ასაკის მცხოვრებისთვის და მეტიც, ქალაქი, რომელიც არის არა ნიჰილიზმის წყარო, საიდანაც ახალგაზრდებს უნდათ წასვლა, არამედ პირიქით, სადაც ახალგაზრდებს სურთ საკუთარი იდეების განხორციელება”, – ამბობს გიორგი გოგუაძე.

იგი ქუთაისში ერთ-ერთ მთავარ პრობლემებად ქალაქის მოსახლეობისგან დაცლასა და დასაქმებას, მათ შორის, ახალგაზრდების დასაქმებას მიიჩნევს.

“ქუთაისში დასაქმება არის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, განსაკუთრებით ახალგაზრდებში. ქუთაისს არ აქვს ახალგაზრდული პოლიტიკა. არ აკეთებს ანალიზს და არ იკვლევს, თუ რა შეიძლება პრობლემის აღმოსაფხვრელად გაკეთდეს და აქაც კვლავ მივდივართ ბიუჯეტთან. არც სტარტაპის, არც ინოვაციების, არც სარესტორნო ან ტურისტული ბიზნესის კუთხით, სწორი ხედვა ქალაქში არ არის”, – აცხადებს გოგუაძე.

გოგუაძის განცხადებით, მისი მერობის შემთხვევაში მეტი ყურადღება დაეთმობა ქალაქის ეკონომიკურ განვითარებას და “ბიუჯეტიდან ყველა ლარი დაიხარჯება იმ თვალსაზრისით, თუ რას მოუტანს ეს ეკონომიკას”.

“ქალაქი ეკონომიკური განვითარებისთვის და ხელშეწყობისთვის, ბიუჯეტურად ხარჯავს ყველაზე ცოტას. არც ინვესტიციების მოზიდვის და არც არსებული სექტორების მოდერნიზებისთვის ქალაქი აქტიურ ნაბიჯებს არ დგამს.

ეს იქნება ჩემი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი, რომ სამუშაო ძალის გადინება არ მოხდეს ქალაქიდან და ეკონომიკამ დაიწყოს ფუნქციონირება”, – აცხადებს გოგუაძე.

მისივე თქმით, ქალაქის მისი მერობის შემთხვევაში ქალაქის ბიუჯეტი იქნება გამჭვირვალე, “რათა მოქალაქეებმა შეაფასონ, თუ რა არის ქალაქის პრიორიტეტი”.

ირინა საღინაძე – პრობლემის მოსაგვარებლად ვითანამშრომლებ ცენტრალურ ხელისუფლებასთან უფლებამოსილების ფარგლებში
“თავისუფალი საქართველოს” მიერ წარდგენილი კანდიდატი ირინა საღინაძე აცხადებს, რომ ქალაქში დასაქმების კუთხით ერთ-ერთ მთავარ პრობლემას ნეპოტიზმი წარმოადგენს.

მისივე თქმით, ქალაქში ზოგადი დასაქმების კუთხით “შრომის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ უნდა იზრუნოს, რადგან ეს მათი პირდაპირი მოვალეობაა.

შეკითხვაზე, თუ სად ხედავს იგი მერის როლს ქალაქში სამუშაო ადგილების გაჩენის საქმეში, პასუხობს, რომ იგი მერად არჩევის შემთხვევაში მიმართავს და ითანამშრომლებს იმ სამინისტროსთან, რომელიც პრობლემის მოგვარებაში უნდა იყოს ჩართული.

“ეს მოხდება უფლებამოსილების ფარგლებში. სხვა მექანიზმი არ აქვს თვითმმართველ ორგანოს. პოპულისტურ დაპირებებს და გეგმებზე საუბარს არ ვაპირებ, რადგან ეს განუხორციელებელია”, – განაცხადა ირინა საღინაძემ.

“ქართული ოცნების” პასუხი
პარტია “ქართული ოცნების” კანდიდატმა ნეტგაზეთთან საუბარი არ ისურვა, თუმცა პარტიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა იოსებ ხახალეიშვილის სახელით, გამოგვიგზავნა წერილი, სადაც წერია, რომ პარტიის მიზანს “ქუთაისის თანაბარი განვითარება წარმოადგენს”.

“ქუთაისი რეალურად გახდება კულტურის და განათლების ცენტრი, ამის საფუძველს ახალი და ძველი უნივერსიტეტების სინერგია ქმნის, ქუთაისი იქნება ეკოქალაქი და ტურისტული ჰაბი საკუთარი ისტორიის, მდებარეობის, საერთაშორისო აეროპორტის და ახალი ტერმინალის დამსახურებით. ყველა ახალი იდეა ამ კონცეფციის გარშემო უნდა განვითარდეს”, — აღნიშნულია ნეტგაზეთისთვის წერილობით გამოგზავნილ განცხადებაში.

წერილში ასევე წერია, რომ ქუთაისის ბიუჯეტი “უპრეცენდენტოდ მაღალია” და ის 91 მილიონს შეადგენს, საიდანაც 25 მილიონი ლარი ინფრასტრუქტურაზე უნდა დაიხარჯოს.

“ოცნების” წერილში ასევე საუბარია მათ შესრულებულ პროექტებზე, მათ შორის, 24-საათიან წყალმომარაგებასა და სამომავლოდ დაგეგმილ წყალარინების სისტემაზე.

როგორც ხახალეიშვილი ნეტგაზეთისთვის გამოგზავნილ წერილში აღნიშნავს, მისთვის მნიშვნელოვანია, ქალაქი არ დატოვონ ქუთაისელებმა და მათი თვითრეალიზაციისთვის შეიქმნას “ბევრი პირობა”.

იმის გამო, რომ ქუთაისის მერობის კანდიდატმა ნეტგაზეთთან კომუნიკაციის ფორმად მხოლოდ განცხადების გამოგზავნა აირჩია, ნეტგაზეთს არ მიეცა საშუალება, მისთვის დაესვა კითხვები მკითხველისთვის აქტუალურ სხვადასხვა საკითხზე.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში 2 ოქტომბერს იმართება.

წყარო: ნეტგაზეთი

 

 

 

 

კომენტარები