დასავლეთ საქართველოს სოფლებში, ქალაქებსა და კონფლიქტურ ზონებთან მცხოვრები მოზარდები საუბრობენ საკუთარ გრძნობებზე, ტკივილზე, ბულინგზე და იმაზე, რაც ადრე ტაბუირებული იყო. ქალთა ფონდი „სოხუმის“ ახალგაზრდული ინიციატივა სწორედ ამის შესაძლებლობას აძლევს მათ, იყვნენ გამბედავები, ემპათიურები და ლიდერები.
თბილი და უსაფრთხო სივრცეები, სადაც მოზარდებს უსმენენ
როცა ირგვლივ ყველა გეუბნება, „ბიჭი ხარ და ტირილი არ გეკადრება“, ვის უნდა მოუყვე, რაც გაწუხებს, რასაც განიცდი? დღეს მოზარდებმა პასუხები თავად იპოვეს.
ქალთა ფონდი „სოხუმის“ მხარდაჭერით, 11 მუნიციპალიტეტში (ჩოხატაური, წყალტუბო, სამტრედია, ზუგდიდი, ხობი, სენაკი და სხვ.) შეიქმნა ახალგაზრდული კლუბები, სადაც მოზარდებს ეძლევათ საშუალება:
გამოხატონ ემოციები;
იმსჯელონ გენდერულ სტერეოტიპებზე;
ისწავლონ კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარება;
განიხილონ ბულინგი და ციფრული ძალადობა.
“ფონდ „სოხუმში“ პირველად მაშინ მივედი, როცა მეცხრე კლასში ვსწავლობდი. თავიდან ძალიან ვნერვიულობდი, როგორ წარვადგენდი თემას? საჯარო გამოსვლების შიში მქონდა, ერთგვარი კომპლექსიც, ხომ გესმით? თუმცა, დიდი ძალისხმევის შედეგად, როცა პირველი თემა წარმოვადგინე და ტრენერს მოეწონა, იმ დღიდან ეს შიში სრულად მომეხსნა. მას შემდეგ თავისუფლად და თავდაჯერებულად შემიძლია საჯაროდ გამოვიდე. უფრო მეტიც, იმ დღიდან დღემდე აქტიურად ვერთვები ყველა შესაძლებლობაში, რასაც ფონდი ახალგაზრდებისთვის ქმნის“, – ქრისტინე, სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლა
ფორუმ-თეატრი: როცა სიჩუმე სცენაზე ხმოვანდება
ზოგჯერ რთული თემების მოსაყოლად სიტყვები საკმარისი არ არის. სწორედ ამიტომ მიმართავენ ახალგაზრდები ფორუმ-თეატრს, სოციალურ ვიდეოებს, პოსტერებს და ფლეშმობებს. ისინი თვითონ ქმნიან სცენარს, ასრულებენ რეალურ ისტორიებს, სვამენ კითხვებს და მოქალაქეების ჩართვას ცდილობენ.
„ფორუმ-თეატრის სცენაში დედამთილის მხრიდან რძალზე ზეწოლას ვთამაშობდით. მაყურებლის რეაქცია საოცარი იყო, მივხვდით, რომ ამაზე მართლა უნდა ვისაუბროთ ხმამაღლა”, – ანი ჭიჭვეიშვილი, ფორუმ-თეატრის მსახიობი, მოსწავლე.
“პირველი გამოსვლა რთული იყო, მაგრამ მალევე გავაცნობიერე, ეს უბრალოდ როლი კი არა, ჩემი სათქმელის ფორმა იყო”, – ნიკა, ფორუმ-თეატრის მსახიობი, მოსწავლე.
თანატოლების მენტორობა – მოზარდები, რომლებიც სხვებსაც აძლიერებენ
ახალგაზრდები კლუბებში მხოლოდ მსმენელები არ არიან, ისინი ლიდერობენ, ატარებენ აქტივობებს, ხსნიან შეხვედრებს და ახალბედა მონაწილეებს გზას უჩვენებენ.
“ბავშვობიდანვე მქონდა ინტერესი საჯარო გამოსვლებისა და ადამიანებთან ურთიერთობის მიმართ, თუმცა მანამდე მსგავსი გამოცდილება ნაკლებად მქონდა. მართალია, ადრე ახალგაზრდულ საკრებულოშიც ვიყავი ჩართული, მაგრამ ფონდ „სოხუმში“ შევხვდი ადამიანებს, ვისთანაც საერთო ღირებულებები და ინტერესები მაკავშირებდა. სწორედ ამიტომ გვესმოდა ერთმანეთის ასე კარგად. ეს ურთიერთგაგება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო.
ფონდ „სოხუმის“ შეხვედრები მალე იქცა ჩვენს საყვარელ ადგილად, სივრცედ, სადაც მიდიხარ და იცი, რომ შენ გისმენენ და შენი ესმით. პირველ რიგში, სხვა ახალგაზრდებს, რაც ამ ასაკში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და, მეორეს მხრივ, ტრენერებს, რომლებიც ასაკით უფროსები იყვნენ, თუმცა მათთან ურთიერთობაში ეს ასაკობრივი სხვაობა საერთოდ არ იგრძნობოდა. ეს გამოცდილება ჩემთვის ძალიან ფასეული იყო.
სწორედ აქ ვიპოვე საკუთარი თავი, გავხდი ლიდერი და ვიპოვე ჩემი ადგილი, რათა ჩემი ცოდნა სხვა ახალგაზრდებისთვის გამეზიარებინა“, – ანიტა ლაზიშვილი, ქობულეთის მუნიციპალიტეტი.
დიალოგი და მშვიდობის მშენებლობა კონფლიქტურ ფონზე
მშვიდობაზე საუბარი ხშირად რთულია, განსაკუთრებით მაშინ, როცა შენი ბავშვობა კონფლიქტს, დევნილობას და დაკარგულ ურთიერთობებს უკავშირდება, მაგრამ სწორედ ასეთ რეალობაში იბადება ყველაზე გულწრფელი დიალოგი.
ქალთა ფონდი „სოხუმი“ ქმნის სივრცეს, სადაც კონფლიქტით გაყოფილი ახალგაზრდები აფხაზეთიდან, სამხრეთ ოსეთიდან და დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტებიდან ერთმანეთს ხვდებიან, მონაწილეობენ ფორუმ-თეატრებში, დისკუსიებსა და ტრენინგებში, ეცნობიან ერთმანეთის ისტორიებს, ერთად სწავლობენ და გეგმავენ საერთო ღონისძიებებს.
მშვიდობის მშენებლობა ფონდ “სოხუმში” თეორიული განზომილებით არ შემოიფარგლება. ახალგაზრდები პრაქტიკაში სწავლობენ თანამშრომლობას, თანატოლებთან დიალოგის ხელოვნებასა და ნდობის გარემოს შექმნას. მათი ურთიერთობა არ ეფუძნება ბრალდებებსა და პრეტენზიებს, არამედ სურვილს, გულწრფელად მოუსმინონ “სხვის“ ისტორიას და იპოვონ საერთო ენა განსხვავებებს მიღმა.
“მოსწავლეობის დროს ასეთი მასშტაბური შეხვედრები ჩემთვის პირველი გამოცდილება იყო, ამაღელვებელი და შთამაგონებელი. განსაკუთრებით მაშინ, როცა ეკრანიდან ნაცნობი ადამიანები რეალურად ჩემ თვალწინ ვიხილე, თანატოლები აფხაზეთიდან, რომლებთანაც დრო ერთად გავატარე, ვისწავლე, ვისაუბრე. მიღებული ცოდნა კი მშობლიურ სკოლაში გავაზიარე. ფორუმ-თეატრი შევქმენით და არაერთ სხვა სკოლაში მოვაწყვეთ წარმოდგენები. შემდეგ უკვე წიგნის ვიქტორინა ჩავატარეთ და სამახსოვრო საჩუქრები გადავეცით გამარჯვებულ გუნდს. ამ ოთხწლიანმა გამოცდილებამ არა მხოლოდ ცოდნა, არამედ მეგობრები მაჩუქა. მათ გარეშე მომავალს ვერ ვხედავ“, – ელეონორა კუკავა, დიდი ნეძის საჯარო სკოლის აბიტურიენტი.
ევროპული გამოცდილება: Erasmus+-ის გაცვლითი პროგრამა პოლონეთში
2024 წლის ნოემბერში, ქალთა ფონდი “სოხუმის” ახალგაზრდული კლუბის წევრ 11 ქართველ გოგონას მიეცა შესაძლებლობა მონაწილეობა მიეღო Erasmus+ გაცვლით პროგრამაში პოლონეთში. პროგრამა ორგანიზებული იყო Kreisau-Initiative-ის, ქალთა ფონდი “სოხუმისა” და Fundacja Krzyzowa-ს მიერ.
გაცვლითი პროგრამა არ იყო უბრალოდ მოგზაურობა. ეს იყო გამოცდილება, რომელმაც პროგრამის მონაწილეთა თვალსაწიერი გააფართოვა, თავდაჯერება გაუმყარა და სხვადასხვა ქვეყნის თანატოლებთან საერთო ღირებულებები დაანახა: გენდერული თანასწორობა, მშვიდობა და აქტივიზმი.
“ჩემთვის ეს პირველი ფრენა იყო, პირველი საზღვარგარეთული გამოცდილება. აღტაცებას ვეღარ ვმალავდი და ერთი სული მქონდა, თვითმფრინავში ავსულიყავი. არ ველოდი, რომ ასეთი შთამბეჭდავი იქნებოდა. უცხოელებთან შეხვედრის წინ ცოტა ვნერვიულობდი. ვფიქრობდი, იქნებ აქცენტი მაქვს-მეთქი, მაგრამ სწრაფად შევეჩვიე გარემოს და ბავშვებსაც მარტივად დავუახლოვდი. ბევრი ახალი მეგობარი შევიძინე და ბევრიც ვისწავლე. ერთ-ერთი აქტივობა იყო აფირმაციული ხატვა. ჩემი ნახატი წამოვიღე და ხობში თანატოლებსაც ვაჩვენე, აქტივობაც ჩავატარე და ძალიან მოეწონათ.
ეს იყო პროექტი, სადაც ბოლომდე დავიხარჯე. მიღებული გამოცდილება გავაზიარე თემშიც და ვიცი, რომ არასდროს დამავიწყდება“, – ელენე ჯობავა, ხობის №1 საჯარო სკოლის მოსწავლე.
რა არის შენი ოცნება, როგორ სკოლაში გინდა სწავლობდე?
“მინდა, ჩვენს სკოლაში იყოს თბილი და კეთილმოწყობილი საკლასო ოთახები, რომ ყველა მოსწავლემ იგრძნოს თავი დაცულად და საკუთარი ინტერესების გამოვლენაც გაბედოს”, – დიდი ნეძის საჯარო სკოლის მოსწავლე.
“ვისურვებდი, ჩვენს თემში არსებობდეს ახალგაზრდული ცენტრი, სადაც შეგვეძლება არაფორმალური განათლების მიღება და ინიციატივების განხორციელება”, – ხობის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის მოსწავლე.
“მინდა ჩვენს სკოლაში ტექნოლოგიური კუთხე ლეპტოპებით და ინტერნეტით, რომ ინფორმაცია ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდეს”, – ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის მოსწავლე.
“ვოცნებობ, რომ სკოლაში გვყავდეს ფსიქოლოგი, ვინც მოგვისმენს, როცა დაგვჭირდება და არ შეგვეშინდება ამის ხმამაღლა თქმა”, – წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის მოსწავლე.
“მინდა, რომ სკოლაში არსებობდეს სივრცე, სადაც მოსწავლეები მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე თავისუფლად ისაუბრებენ, მათ შორის ბიჭებიც. ყველა უნდა ვგრძნობდეთ, რომ ჩვენი ხმა მისაღებია”, – სენაკის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლა.
ქალთა ფონდი “სოხუმი“ მოზარდებს აძლევს ხმას, ხმას, რომელსაც შეუძლია ცვლილების მოხდენა. როდესაც ახალგაზრდა ხედავს, რომ მის აზრს რეალური გავლენა აქვს, იწყება ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება – საკუთარი შესაძლებლობების რწმენა.
შენს თემში რომ იყოს ასეთი კლუბი, რაზე ისაუბრებდი?
✍ გაგვიზიარე კომენტარებში.
📢 გააზიარე ეს სტატია, თუ ფიქრობ, რომ მოზარდებს მეტი სივრცე სჭირდებათ.
კომენტარები