ხერხემლის ტკივილი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ჩივილია მოზრდილებში. სტატისტიკის მიხედვით მსოფლიო მოსახლეობის 80% სიცოცხლის განმავლობაში ერთხელ მაინც აღენიშნება წელის ტკივილი, რომელიც რამდენიმე დღეში ყოველგვარი ჩარევის გარეშე გაივლის, მოსახლეობის 40% კი ქრონიკულ ტკივილს უჩივის.
ხერხემლის ტკივილი უმეტესად საშიშროებას არ წარმოადგენს და არც რაიმე დამატებით გამოკვლევასა თუ მკურნალობას მოითხოვს, მაგრამ ზოგჯერ, განსაკუთრებით – ხანგრძლივი მიმდინარეობისას, იგი წარმოადგენს დაავადების სიმპტომს, რომელიც სათანადო ყურადღებას საჭიროებს. ერთ-ერთი ასეთი დაავადებაა წელის მალათაშუა დისკის თიაქარი.
რას არის მალათაშუა დისკის თიაქარი?
მალთაშუა დისკი წარმოადგენს ხრტილოვან-ჟელესებრ ნივთიერებას, რომელიც მდებარეობს ხერხემლის მალთაშორის სივრცეში, მონაწილეობს მალების შესახსრებაში, უზრუნველყოფს ხერხემლის მოქნილობას და დრეკადობას და ამცირებს ხერხემლის მალებზე წარმოქმნილ დატვირთვას. მალთაშუა დისკის ცენტრს ქმნის პულპოზური ბირთვი, რომელიც გარშემორტყმულია მკვრივ-ელასტიური ფიბროზული რგოლით.
მალთაშუა დისკის თიაქარი არის დაავადება, როდესაც პულპოზური ბირთვი გამოარღვევს ფიბროზულ რგოლს და სცდება მის საზღვრებს. გამოვარდნილი დისკის ფრაგმენტი, უმრავლეს შემთხვევაში, ხვდება ხერხემლის არხში, სადაც მდებარეობს ზურგის ტვინი და ზურგის ტვინის ნერვის ფესვები. ხერხემლის არხის სივრცე შემოსაზღვრულია ძვლოვანი და იოგოვანი სტრუქტურებით, აქედან გამომდინარე, ხერხემლის არხში დამატებითმა მოცულობამ, მალთაშუა დისკის ფრაგმენტის სახით, შეიძლება გამოიწვიოს ზურგის ტვინის ფესვებზე ან/და ზურგის ტვინის კომპრესია.
რას არის მალათაშუა დისკის თიაქრის გამომწვევი მიზეზი?
მალთაშუა დისკის თიაქრის გამომწვევი რამდენიმე მიზეზი არსებობს, კერძოდ:
– ასაკობრივი დეგენერაცია
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მალთაშორისი დისკის უმეტესი ნაწილი თხევადია. ასაკთან ერთად ხდება მისი გაუწყლოება, შედეგად კი გარეთა შრე უფრო ადვილად ზიანდება, სკდება, ირღვევა დისკის მთლიანობა. ირღვევა სეგმენტის ნორმალური სტრუქტურა, და ყალიბდება სეგმენტური სპინალური არასტაბილობა.
გადაძაბვა და არასწორი ფიზიკური აქტივობა
როდესაც ადამიანს უწევს მძიმე ფიზიკურ დატვირთვა არასწორი ბიომექანიზმით (მაგალითად წინ გადახრილ მდგომარეობაში მძიმე საგნის აწევა მუხლებში მოხრის გარეშე), ხერხემლის მალთაშორის დისკებზე ზეწოლა არათანაბრად ნაწილდება, წინ გადახრისას იზრდება წნევა დისკის წინა ნაწილის მიმართულებით, ხოლო უკან ნაწილზე გადადის მაქსიმალური კომპრესიული და დაჭიმვის ძალა, ამ დროს პულპოზური ბირთვი ექცევა ზეწოლის ქვეშ და გადაადგილდება უკან და გვერდით ზედაპირის მიმართულებით– ეს ზუსტად ის არეა, სადაც ფიბროზული ბოჭკოები შედარებით სუსტია. მრავალჯერადი მიკროტრავმების დროს (ქრონიკული გადაძაბვა ან არასწორი მოძრაობების გამეორება), ფიბროზული ბოჭკოვანი რგოლები იწყებენ თანდათან დახეთქვას, რაც დისკის სტრუქტურულ რღვევა მოსდევს, საბოლოოდ კი ყალიბდება დისკის თიაქარი.
– მჯდომარე ცხოვრების წესი
როდესაც ადამიანი დიდხანს ჯდება, ხერხემალი გადადის მოხრილ, შებოჭილ მდგომარეობაში. ეს პოზა განსაკუთრებით ხშირია საოფისე მუშაობის დროს ან ავტოსატრანსპორტო საშუალებების სარგებლობისას. ამ დროს ხერხემალი დიდხანს რჩება დაჭიმული და უხერხულად მოხრილი, რაც ზრდის ზეწოლას დისკზე, განსაკუთრებით წელის მიმართულებით. აღნიშნული მდგომარეობა არღვევს დისკის მიკროცირკულაციას და ვითარდება მისი დეგენერაციული ცვლილებები. დისკები არ აქვთ სისხლძარღვები, ამიტომ ისინი შთანთქავენ საჭირო ნივთიერებებს და წყალს მოძრაობის დროს. როცა ადამიანი ხანგრძლივ მჯდომარე მდგომარეობაშია და არ ხდება სხეულის ბუნებრივი მოძრაობა, ვითარდება დისკის გაუწყლოება. სხეულის მოძრაობა არის კრიტიკული პროცესი დისკის ელასტიურობის და გამძლეობის შენარჩუნებისთვის.
თუ დისკი არ იღებს საკმარის ნივთიერებებს, მისი ელასტიურობა და ფუნქციონირება თანდათან იცვლება. დროთა განმავლობაში, ასეთმა ცვლილებებმა შეიძლება გამოიწვიოს დისკის დეგენერაციული პროცესი და თიაქრის განვითარება.
– გენეტიკური წინასწარგანწყობა
თითოეული ადამიანის გენომი შედგება გენებისგან, რომლებიც მართავენ ორგანიზმის ფუნქციებს. როდესაც გენში ხდება მუტაცია (ცვლილება), შეიძლება შეიცვალოს შესაბამისი ბიოლოგიური ფუნქციები. ამ მუტაციებს შეიძლება ჰქონდეთ გავლენა ორგანიზმის მდგრადობაზე გარკვეული დაავადებების მიმართ. ხერხემლის მალთაშუა დისკების დეგენერაცია ნაწილობრივ შესაძლოა გენეტიკურად განისაზღვროს. პირი, რომელსაც აქვს გენეტიკური მიდრეკილება დისკების სწრაფი დეგენერაციისკენ, შესაძლოა, უფრო ადვილად განიცადოს ხერხემლის პრობლემები. თუმცა გენეტიკური მიდრეკილება არ ნიშნავს, რომ დაავადება აუცილებლად განვითარდება.
– თამბაქოს მოხმარება
ნიკოტინი არის ვაზოკონსტრიქტორი (სისხლძარღვების შემავიწროებელი), ის ამცირებს სისხლის ნაკადის თავისუფალ მიმოქცევას, რის შედეგადაც სხვადასხვა ქსოვილებში, მათ შორის ხერხემალში ხდება სისხლის მიწოდების შეფერხება. როდესაც სისხლის მიმოქცევა შეზღუდულია, დისკები აღარ იღებს საკმარისი რაოდენობით საკვებ ნივთიერებებს (განსაკუთრებით ჟანგბადს და ნუტრიენტებს), რაც ხელს უწყობს მის გაუწყლოებას. მნიშვნელოვანია, რომ თამბაქო იწვევს კოლაგენის და ელასტინის დაშლას. კოლაგენი არის შემაერთებელი ქსოვილის მთავარი შემადგენელი ნაწილი, რომელიც საჭიროა ხერხემლის დისკის სტრუქტურისა და ფუნქციის შენარჩუნებისთვის. იგი ამცირებს კოლაგენის სინთეზს, რაც იწვევს დისკების სიმკვრივის უნარის შემცირებას.
ჭარბი წონა
ჭარბი წონა არის მნიშვნელოვანი რისკფაქტორი მალთაშუა დისკის დეგენერაციის და თიაქრის განვითარების პროცესში. ამ პროცესის შედეგია ის, რომ ჭარბი წონა აყენებს დამატებით ზეწოლას ხერხემალს, რაც საბოლოოდ იწვევს დისკის მთლიანობის რღვევას და თიაქრის განვითარებას.
სხეულის ტრავა
მოულოდნელი ტრავმა – ავტოსაგზაო შემთხვევა, დაცემა, სიმაღლიდან ვარდნა, ძლიერი დარტყმა – ასევე შეიძლება გახდეს დისკის თიაქრის განვითარების მიზეზი.
რა სიმპტომები ახასიათებს მალათაშუა დისკის თიაქარს?
ხშირად მალთაშორის დისკის თიაქარს არავითარი სიმპტომი არ ახლავს, მას შემთხვევით გამოავლენენ მაღალტექნოლოგიური კვლევების შედეგად, მაგრამ თუ თიაქარი იწვევს ზურგის ტვინის ნერვის ფესვებზე ზეწოლას, წარმოიშობა შესაბამისი სიმპტომები, როგორიცაა:
– ტკივილი წელის არეში. ტკივილი შეიძლება იყოს ადგილობრივი (ხერხემლის მიდამოში) ან ირადირებული (გადაცემითი ქვედა ან ზედა კიდურში). ადგილობრივი ტკივილის მიზეზია ხერხემლის იოგოვანი აპარატის დაზიანება, ხოლო გადაცემითი ტკივილის მიზეზია ზურგის ტვინის ფესვის გაღიზიანება თიაქრის ზეწოლის შედეგად (რადიკულოპათია). ტკივილის ლოკალიზაციას განსაზღვრავს თიაქრის მდებარეობა. წელის მალთაშუა დისკის თიაქარი, როგორც წესი იწყება წელის ტკივილით, რასაც თან ერთვის გადაცემითი ტკივილი ფეხში. იშვიათად, თიაქარი შეიძლება გამოვლინდეს მხოლოდ გადაცემითი ტკივილით, წელის ტკივილის გარეშე. უმრავლეს შემთხვევაში, გადაცემითი ტკივილი ცალმხრივია. კისრის მალთაშუა დისკის შემთხვევაში, კისრის ტკივილი გადაეცემა ხელში, იშვიათად ბეჭში.
– დაბუჟება (ჭიანჭველების ცოცვის შეგრძნება) და კიდურების სისუსტე.
ზურგის ტვინის ნერვის ფესვზე თიაქრის ზეწოლამ შეიძლება გამოიწვიოს ფესვის სისხლის მიმოქცევის დარღვევა და ნერვული ბოჭკოების დაზიანება, რისი პირველი გამოვლინებაც შეიძლება იყოს დაბუჟება ან ჩხვლეტის შეგრძნება კიდურის ნებისმიერ მონაკვეთში. მამოძრავებელი ბოჭკოების დაზიანებას კი მოსდევს კიდურში შესაბამისი კუნთების სისუსტე, მაგალითად, ტერფის აწევის გაძნელება და სხვა.
მცირე მენჯის ღრუს ორგანოების ფუნქციის მოშლა (შარდვის და ნაწლავის ფუნქციის მოშლა)
წელის მიდამოს დიდი ზომის თიაქრის დროს ზოგჯერ ვითარდება რაშის კუდის (ზურგის ტვინიდან გამომავალი ფესვების კონა) კომპრესია, რასაც ტკივილთან და დაბუჟებასთან ერთად თან ახლავს მცირე მენჯის ღრუს ორგანოების ფუნქციის მოშლა, უხშირესად ის გამოვლინდება შარდის შეკავებით.
ძალის, მოძრაობის და მგრძნობელობის მოშლა (ზურგის ტვინის დაზიანების ნიშნები)
თუ მალთაშუა დისკის თიაქარი მდებარეობს კისრის ან გულმკერდის დონეზე, შეიძლება გამოიწვიოს ზურგის ტვინის კომპრესიული დაზიანება (მიელოპათია). რასაც თან ახლავს კიდურებში ძალის დაქვეითება სრულ უმოძრაობამდე, მგრძნობელობის მოშლა სრულ ანესთეზიამდე (მგრძნობელობის არ არსებობა) და სომატური ორგანოების ინერვაციის დარღვევა.
როგორ ხდება მალთაშორისი დისკის თიაქრის დიაგნოსტირება?
დიაგნოზის დასადგენად პირველი და უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია პაციენტის დეტალური ისტორიის (ანამნეზი) შესწავლა და მისი კლინიკური გამოკვლევა. მნიშვნელოვანია პაციენტს ტკივილის სიმპტომების, მის ხასიათის და ინტენსივობის შესწავლა, რა მდგომარეობაში გამწვავდება ის (მაგალითად, მოძრაობასთან ან ჯდომასთან დაკავშირებული ტკივილები). მოწმდება პაციენტის მოძრაობა, ტკივილის ლოკალიზაცია და რეფლექსები. თუ კლინიკური გამოკვლევა მიუთითებს დისკის თიაქრის შესაძლო არსებობაზე, დიაგნოზის დადასტურების მიზნით ინიშნება ხერხემლის სვეტის მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფია, რომელიც საშუალებას იძლევა ზურგის ტვინის, ნერვული ფესვების, მალთაშუა დისკების და მიმდებარე იოგოვანი აპარატის დეტალურ ვიზუალიზაციის. იშვიათ შემთხვევაში გამოიყენება კომპიუტერული ტომოგრაფია, როდესაც MRI არ არის ხელმისაწვდომი ან საჭირო ხდება დამატებითი ინფორმაციის მოპოვება (ძვლოვანი სტრუქტურის შეფასება). ზოგ შემთხვევებში, დამატებით კეთდება ელექტრონეირომიოგრაფია. ეს გამოკვლევა საშუალებას იძლევა შეფასდეს ზურგის ტვინის ნერვის ფესვის დაზიანების ხარისხი.
როგორ ხდება მალთაშორისის დისკის თიაქრის მკურნალობა?
მკურნალობა მოიცავს, როგორც ქირურგიულ, ასევე არაქირურგიულ მიდგომებს.
კონსერვატიული (არაქირურგიული) მკურნალობა მოიცავს ფიზიკური აქტივობის შეზღუდვას, ფიზიოთერაპიას და ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტების მიღებას. მედიკამენტებიდან უმთავრესად გამოიყენება ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული, ტკივილგამაყუჩებელი, ზოგჯერ კი ნარკოტიკული საშუალებები, მიორელაქსანტები. ნეიროპათიული ტკივილის, მოსახსნელად ინიშნება ანტიკონვულსიური (ეპილეფსიის საწინააღმდეგო) ან ანტიდეპრესიული მოქმედების მედიკამენტები. ეფექტურია სტეროიდის ინექცია (სელექციური ბლოკადა) უშუალოდ დაზიანებული ნერვული ფესვის მიმდებარე არეში. დიდი როლი ენიჭება ფიზიოთერაპიას.
ქირურგიული მკურნალობა ტარდება
როდესაც ტკივილი კონსერვატიული მკურნალობის მიუხედავად არ კუპირდება ან ძნელად ემორჩილება მედიკამენტურ მკურნალობას. ამ დროს პაციენტის ჩვეული აქტივობა შეზღუდულია და ცხოვრების ხარისხი გაუარესებულია;
ფესვის დაზიანების ნიშნების (დაბუჟება, მგრძნობელობის მოშლა, სისუსტე) არსებობის შემთხვევაში
ზურგის ტვინის დაზიანების (მიელოპათიის) კლინიკური ან/და რადიოლოგიური ნიშნების არსებობის შემთხვევაში
მწვავედ განვითარებული „რაშის კუდის“ ან ზურგის ტვინის დაზიანების ნიშნების დროს.
როგორია ოპერაციის ქირურგიული მიდგომები?
– ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალში დანერგილია თიაქრის როგორც სტანდარტული ასევე მინიინვაზიური ჩარევის მეთოდები. მინიინვაზიური დისკექტომიის უპირატესობაა მცირე ინვაზიური ჩარევა (გაცილებით ნაკლები ტრავმატიზაცია), ვინაიდან ამ გზით მინიმუმამდეა დაყვანილი ძვლოვანი სისტემის და პარავერტებრული რბილი ქსოვილების დაზიანება, რაც საშუალებას იძლევა პაციენტი ოპერაციიდან 24სთ-ში გაეწეროს ბინაზე, მაშინ როდესაც სტანდარტული მიკროდისკექტომიის შემთხვევაში რეაბილიტაციისთვის, წესისამებრ, 2-3 დღეა საჭირო.
რა ზომის არის პოსტოპერაცული ნაწიბური?
ეს დამოკიდებულია ოპერაციის სახეობაზე და საოპერაციო მიდამოს დონეებზე, ის საშუალოდ მერყეობს 2-4სმ-მდე.
რა ტიპის საანესთეზიო საშუალება იქნება გამოყენებული ოპერაციის პერიოდში?
ყველა პაციენტს ეძლევა ზოგადბალანსირებული ნარკოზი, რაც იმას ნიშნავს, რომ ოპერაციის განმავლობაში პაციენტს ექნება დამამშვიდებელი, ანალგეზიური (ტკივილის საწინააღმდეგო) და ამნეზიური სანარკოზე ეფექტი, რათა არ განიცადოთ ტკივილი ან სტრესი და არ გახსოვდეთ პროცედურისას მიმდინარე მოვლენები.
არსებობს თუ არა ოპერაციის შემდგომი გართულებები?
მიუხედავად იმისა, რომ ოპერაციას არის პაციენტის სიმპტომების გაუმჯობესების ერთ-ერთი საუკეთესო გზა, არსებობს მასთან დაკავშირებული გარკვეული რისკები, რაც მოიცავს:
– ჭრილობის ინფექცია (<3%), რასაც შესაძლოა დასჭირდეს ხანგძლივი ანტიბიოტიკოთერაპია ან განმეორებითი ოპერაცია ჭრილობის ინფექციის გამო.
სისხლდენა (<1%) იშვიათ შემთხვევებში შეიძლება განვითარდეს პოსტოპერაციულ მიდამოს ჰემატომა, რომელიც გამოიწვევს ზურგის ტვინის ნერვის ფესვის კომპრესიას. რაც შესაძლოა გახდეს განმეორებითი ოპერაციის მიზეზი (ჰემატომის ევაკუაცია)
ნერვის დაზიანება (<1%) ოპერაციის დროს დისკთან მისადგომად ხდება ნერვის ტრაქცია, რომელიც იშვიათად იწვავეს ფესვის მფარავი მაგარი გარსის დაზიანებას და მეორადათ თავზურგტვინის სითხის გაჟოოვნას ჭრილობაში, აღნიშნული მდგომარეობა მოითხოვს პოსტოპერაციულას პაციენტის საწოლდღე დაყოვნების გაზრდას მინიმუმ 24სთ-ის განმავლობაში.
დისკის თიაქრის განმეორებითი გამოვარდნა (5-7%) დისკის დაზიანებულ აპოფიზურ რგოლს (რომლის მეშვეობითაც ხდება პროლაფსი) აღსადგენად ჭირდება გარკვეული პერიოდი, სანამ ეს მოხდება, არის შანსი თიაქრის განმეორებითი გამოვარდნისა, რასაც შესალოა, მოყვეს განმეორებითი ქირურგიული ჩარევა.
რამდენად სწრაფად ლაგდება სიმპტომები ოპერაციის შემდგომ პერიოდში?
პაციენტების აბსოლუტურ უმრავლესობას, ოპერაციის შემდეგ, ფესვობრივი (გადაცემითი) ტკივილები აღარ აღენიშნება. წელის არეში არსებულიტკივილი მყისიერად უმჯობესდება (ძირითადად პირველი 1-4 კვირის განმავლობაში). კუნთების სისუსტისა და დაბუჟებას კი უფრო მეტი დრო სჭირდება (თვეები, წლები). მიუხედავად იმისა, რომ ოპერაციამ იწვევს ნერვზე ზეწოლის მოხსნას, ადამიანების 10-25% სრულად ვერ აღუდგება კუნთოვანი სისუსტე. პაციენტების 50%-ს რჩება ნარჩენი დაბუჟება. ეს ხშირად ასახავს შეუქცევად დაზიანებას, რომელიც განვითარდა ოპერაციამდე, ფესვზე ხანგძლივი ზეწოლის შედეგად.
რა არის რეკომენდირებული ოპერაციიდან პირველი რამდენიმე კვირის განმავლობაში?
დასაწყისში პაციენტი უნდა მოერიდოთ სიმძიმის აწევას და/ან სპორტულ დატვირთვას. დასაშვებია მხოლოდ სიარული, რომელიც დაუყოვნებლივ დაწყებულ უნდა იქნას ოპერაციიდან მე-2 დღეს. ასევე რეკომენდირებულია რეკომენდირებულია ფიზიოთერაპიული მკურნალობა, რომელიც დანიშნულ უნდა იქნას ოპერაციიდან 3 კვირის თავზე.
როდის არის შესაძლებელი პაციენტი დაუბრუნდეს აქტიურ ცხოვრებას, სპორტს და სამსახურს?
არ არის აუცილებელი, რომ პაციენტები დარჩნენ პასიურ მდგომარეობაში წელის დისკის თიაქრის ოპერაციის შემდეგ. საოფისე სამუშაოების მქონე ადამიანების უმეტესობამ სამსახურს უნდა დაუბრუნდეს 2-3 კვირაში, ხოლო 4-6 კვირიანი მოსაცდელი ვადა მოსალოდნელია მათთვის, ვისაც აქვს ფიზიკური დატვირთვა, რაც გულისხმობს სიმძიმის აწევას. სპორტსმენებს “არაშეჯახების სპორტში” დაბრუნება შეუძლიათ 6-დან 8 კვირის თავზე, ხოლო რაგბის, ფეხბურთის და სხვა “შეჯახების მქონე სპორტის” წევრები მოედანს უბრუნდებიან 8-12 კვირის თავზე.
კიდევ არის რაიმე მეთოდი დაავადების სრული გამოჯანმრთელების ოპტიმიზაციისთვის?
აღიარებულია, რომ წელის დისკის თიაქრის ოპერაციული მკურნალობის შემდგომ პერიოდში სიმსუქნე ასოცირდება უარყოფით შედეგებთან. წონის დაკლების ძალისხმევა გადამწყვეტია პაციენტის გამოჯანმრთელებისთვის. მავნე ჩვევები (მოწევა, ალკოჰოლი, ნარკოტიკი) ასოცირდება დისკექტომიის შემდგომ პერიოდში გაუმჯობესების დაბალ შედეგებთან.
კომენტარები